ახალი ამბები

18 აპრილი, 2019

ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1263 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი ხვედელიძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრების 10 დღიანი ვადის გაშვება იწვევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. ამასთან, გასაჩივრების ვადის ათვლა უკავშირდება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს და არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლოს გადატვირთულობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო პირს გასაჩივრების ვადის გასვლამდე არ ჩაბარებია დასაბუთებული დადგენილება. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი წესის პირობებში  მას უწევს დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ვინაიდან მისთვის უცნობია სასამართლოს არგუმენტაცია. აღნიშნული ამცირებს სასამართლოს გზით უფლების დაცვის ეფექტურობას და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი).

მოპასუხის განმარტებით, გასაჩივრების 10 დღიან ვადაში წარდგენილი არასაკმარისად დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი არ გახდება მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, მხარისათვის დასაბუთებული დადგენილების გასაჩივრების ვადაში ჩაუბარებლობა უარყოფითად არ აისახება პირის საპროცესო გარანტიებზე. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნებია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება.

საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებლობასა და საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგების პირობებში პირი იძულებული ხდება, დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი არგუმენტაციის გარეშე და სათანადო არგუმენტაცია დაურთოს დასაბუთებული დადგენილების ჩაბარების შემდეგ. ამგვარი მოწესრიგება აფერხებს გასაჩივრების უფლების ეფექტურ რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელ ბარიერს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული დადგენილების დროულად არმიღების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იძულებული ხდება დაელოდოს დადგენილების დასაბუთებას, რათა შეაფასოს მისი კანონიერება და დასაბუთებულობა. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ვერ დააჩქარებს სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.