ახალი ამბები

22 ივლისი, 2019

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დაიწყო

22 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” წარმომადგენელმა მარიამ ვარდოსანიძემ. 

სკოლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების თავისებურებებზე აშშ-სა და ევროპაში, ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტებზე, ფარული მიყურადებისა და პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე.

საზაფხულო სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი; ასევე მოწვეული პროფესორები და ექსპერტები: ჯეისონ დესანტო - ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი; რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი; ნორა ნი ლოიდეანი - ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის გაძლიერებული სწავლების ინსტიტუტის (IALS) საინფორმაციო სამართლისა და პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი; თამარ ქალდანი - საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (2013-2019); დავით გაბეხაძე - სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; გივი ბაღდავაძე - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.

 საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 28 საუკეთესო სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ საკუთარი საქმიანობა სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების გზით.

წელს საკონსტიტუციო სასამართლო საზაფხულო სკოლის მე-12 ნაკადს მასპინძლობს. საზაფხულო სკოლა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმართება.

 აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა 1 აგვისტოს დასრულდება.