ახალი ამბები

05 თებერვალი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1360).

2019 წლის 6 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1360).

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის, პლაკატის, ტრანსპარანტის და აფიშის განთავსებას.

მოსარჩელის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის თავისუფლებას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს შეკრების ადგილას რაიმე ობიექტის განთავსების შესაძლებლობასაც. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, კარვის განთავსება წარმოადგენდეს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების რეალიზებისათვის აუცილებელ საშუალებას (მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში). სადავო ნორმა კი ბლანკეტურად კრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი დროებითი კონსტრუქციის განთავსებას, რის გამოც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.