ახალი ამბები

06 თებერვალი, 2019

2019 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1276)

2019 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1276).

გასაჩივრებული ნორმები ადგენს ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების წესს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა სრულიად გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მოსამართლისთვის და დაცვის მხარისთვისაც. ამგვარი რეგულირება კი ქმნის პირადი ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის რისკებს, ასევე არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპსა და დაცვის უფლებას.

მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს დანაშაულის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენების განაჩენის საფუძვლად გამოყენებას და მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.