ახალი ამბები

06 მარტი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა №1384 და №1393 კონსტიტუციურ სარჩელებზე

2019 წლის 7 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა №1384 და №1393 კონსტიტუციური სარჩელების (მოსარჩელეები „ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, შპს „თორაძე და პარტნიორები“, ედუარდ მარიკაშვილი და დავით თორაძე) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და განსაზღვრავს სქემის ფარგლებში დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულება უტოლდება ახალი გადასახადის დაწესებას, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების მოქმედება მათ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და შუამდგომლობენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

№1384 კონსტიტუციურ სარჩელზე - მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

№1393 კონსტიტუციურ სარჩელზე - ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვის „სავალდებულოა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით; ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ხდება მონაწილე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.