ახალი ამბები

04 მარტი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „იზოლდა რჩეულიშვილი, მანია ოსიტაშვილი და მანილა ზიროვა საქართველო მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №884 და №1210)

2019 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „იზოლდა რჩეულიშვილი, მანია ოსიტაშვილი და მანილა ზიროვა საქართველო მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები  №884 და №1210).

სადავო ნორმები განსაზღვრავს საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების მიმღებ პირთა წრეს. აღნიშნული დახმარება მიეცემათ პირებს, რომლებმაც 2007 წლის 1 იანვრამდე საწარმოო ტრავმა მიიღეს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში, ასევე სამოქალაქო ავიაციის სისტემაში,  სს „ჭიათურმანგანუმში” და „საქნახშირის“ დეპარტამენტში შრომითი მოვალეობის შესრულებისას. სადავო ნორმების შესაბამისად, დახმარება აგრეთვე მიეცემათ იმ პირებს, რომლებმაც სს „ჭიათურმანგანუმში” ან „საქნახშირის“ დეპარტამენტში შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის გამო დაკარგეს მარჩენალი.

კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით, მოსარჩელეები არიან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირების ოჯახის წევრები, რომელთაც მარჩენალის გარდაცვალების გამო კანონმდებლობის შესაბამისად დაენიშნათ სარჩო მთელი ცხოვრების ვადით. მათ შესაბამისი საწარმოების ლიკვიდაციის გამო შეუწყდათ აღნიშნული სარჩოს მიღება და ვერ იღებენ ვერც მთავრობის სადავო დადგენილებით განსაზღვრულ დახმარებას. მოსარჩელეთა პოზიციით, მათ დადგენილებით გათვალისწინებული პირების თანასწორად უნდა ჰქონდეთ დახმარების მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო მოწესრიგებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებები.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) №884 კონსტიტუციურ სარჩელზე: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების  „დანართი №1-ით“  განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან  მიმართებით; ბ) №1210 კონსტიტუციურ სარჩელზე: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების  „დანართი №1-ით“  განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის 21, 22, 23 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)   მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.