ახალი ამბები

24 სექტემბერი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1424)

2019 წლის 25 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1424).

მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტატუსსა და ადვოკატის პროფესიის განსახორციელებლად ასოციაციის სავალდებულო წევრობას. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ნორმები პირს, რომელსაც სურს საადვოკატო საქმიანობის განხორციელება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებულს ხდის გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რადგან სხვაგვარად ვერ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას, მეწარმეობის თავისუფლებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და ამავე კანონის მე-20 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.