ახალი ამბები

11 თებერვალი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1288 და №1309)

2019 წლის 12 თებერვალს, 11 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა (№1288 და №1309 კონსტიტუციური სარჩელები).

გასაჩივრებული ნორმა აწესრიგებს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს.

მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმებით კომპენსაციის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია პირის მიერ 65 წლის ასაკს მიღწევა. აღნიშნული საფუძველი სავალდებულო გახდა 2006 წლიდან, ხოლო მოსარჩელეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2004 წელს.   უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ, მოსარჩელემ არ ისარგებლა კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობით, შესაბამისად სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციით, მისთვის კომპენსაციის მიღება დამოკიდებული გახდა საპენსიო ასაკის მიღწევაზე. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადაო ნორმის უკუძალით გავრცელებამ გააუარესა მისი უფლებრივი მდგომარეობა, რითაც დაირღვა კონსტიტუციით დადგენილი უკუძალის აკრძალვის პრინციპი. ამასთან, მოსარჩელის აზრით, იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც საერთო საპენსიო ასაკისათვის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნათ კომპენსაცია და, კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ იგი.

მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლის მიერ კომპენსაციის მიღების უფლება დაცულია საკუთრების უფლებით და რამდენადაც სადავო ნორმებით დადგენილი წესი შეუძლებელს ხდის აღნიშნულ სიკეთეზე წვდომას, მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ერღვევა საკუთრების უფლება. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი წესი შეუძლებელს ხდის შრომის თავისუფლებით დაცული სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებით სარგებლობას, რითაც დამატებით ირღვევა შრომის თავისუფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. 

დავის საგანი: №1288 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად დავის საგანია: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, ხოლო, №1309 კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „65 წლის ასაკის მიღწევისას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.