ახალი ამბები

03 ოქტომბერი, 2019

მანანა კობახიძე სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი მანანა კობახიძე სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპული და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის 22-ე საერთაშორისო კონგრესში. ღონისძიება ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მასპინძლობით იმართება.   

კონგრესი საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში დემოკრატიის ცნების ჩამოყალიბებას, მისი განმარტების თავისებურებებს დაეთმობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი სამართალმცოდნეები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და მოსამართლეები უმაღლესი ეროვნული სასამართლოებიდან.

კონგრესი 3 ოქტომბერს გაიხსნა. მანანა კობახიძე მოხსენებით წარსდგება კონგრესის მონაწილეთა წინაშე და ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიის პრინციპზე, როგორც საქართველოს კონსტიტუციური სისტემის ფუნდამენტურ ელემენტზე და მიმოიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, სადაც დემოკრატიის პრინციპი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემის განუყოფელ ნაწილად განმარტა.   

კონგრესის მუშაობა 5 ოქტომბერს დასრულდება.

ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ევროპული და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო კონგრესი ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მასპინძლობით ჩატარდება.