ახალი ამბები

07 დეკემბერი, 2018

„საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1267 და №1268)

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განჩინება საქმეზე „საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1267 და №1268).

№1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ იყო გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების შეჩერებას.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების საწინააღმდეგოდ შეეზღუდათ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებული) მიწის შეძენის შესაძლებლობა. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია, რომ სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინებით ძალადაკარგული ნორმების იდენტური შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეები შუამდგომლობდნენ სადავო ნორმის საქმის არსებითად განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი, უახლოეს მომავალში ასამოქმედებელი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დამდგენი დებულება და გამოირიცხა უცხოელების კონსტიტუციური უფლება, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ იზიარებს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროებას. მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა, ემსახურებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას, აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს  2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმათა ლეგიტიმური მიზნების იდენტურია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონი ძალაში შესვლამდე ვერ ჩაითვლება მოქმედი კონსტიტუციურსამართლებრივი სისტემის ნაწილად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში შესული და მომავალში ასამოქმედებელი ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლებურად ყალიბდება საკუთრების ძირითადი უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულება, გავლენას არ ახდენს მოქმედი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ფარგლებზე და არ განაპირობებს საქმის არსებითი განხილვის საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია, დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად ცნო საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

განჩინებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ევა გოცირიძის, მანანა კობახიძის და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.