ახალი ამბები

24 ოქტომბერი, 2019

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1237).

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საგამოძიებო ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის იძულებით დაკითხვის უფლება ჰქონდა მხოლოდ ბრალდების მხარეს.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დაცვის მხარეს, ბრალდების მხარის თანასწორად უნდა ჰქონოდა მოწმის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იძულებით დაკითხვის შესაძლებლობა. ამ უფლების მხოლოდ ერთი მხარისათვის მინიჭება მნიშვნელოვან საპროცესო უპირატესობას აძლევდა ბრალმდებელს, რითაც   ირღვეოდა სისხლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი). მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებულ ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდა სადავო ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და დაადგინა, რომ სადავო ნორმა სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად მნიშვნელოვან საპროცესო უპირატესობას ანიჭებდა ბრალდების მხარეს. მას ჰქონდა მოწმის წინასწარ დაკითხვის, და შესაბამისად არსებითი სხდომისათვის უკეთ მომზადების შესაძლებლობა. ამასთანავე, მხარეთა თანასწორობის ამგვარი შეზღუდვა ვერ ბალანსდებოდა დაცვის მხარისათვის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის იძულებით დაკითხვის უფლების მინიჭებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და სადავო ნორმა, არსებითი განხილვის გარეშე, ძალადაკარგულად ცნო.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე, რათა საფრთხე არ შექმნოდა გამოძიების ეფექტურად წარმოებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას.

მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა ნორმას, რომლიც გამორიცხავდა გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის დაკითხვის პროცესზე დაცვის მხარის დასწრებას. იგი მიიჩნევდა, რომ ხსენებული წესი დაცვის მხარეს ართმევდა მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობას რაც ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო ეტაპზე მოწმის დაკითხვის პროცესზე დაცვის მხარის დასწრებისა და ჯვარედინი დაკითხვის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა უკვე შეფასებული და კონსტიტუციის შესაბამისად იყო მიჩნეული საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასახელებულ ნაწილში არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.