ახალი ამბები

10 დეკემბერი, 2018

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვიურცბურგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 10 დეკემბერს, ქალაქ ვიურცბურგში ზაზა თავაძემ და ვიურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ოლაფ სოსნიტცამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვიურცბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის. ამ თვალსაზრისით, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგების, საჯარო ლექციებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაგეგმილია ზაზა თავაძის შეხვედრა ვიურცბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საჯარო ლექციას წაიკითხავს და გერმანელ სტუდენტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობას გააცნობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი 12 დეკემბერს დასრულდება.