ახალი ამბები

26 თებერვალი, 2019

„საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1330)

2019 წლის 27 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1330). სადავო ნორმა განსაზღვრავს მთავარი პროკურორის უფლებამოსილებას, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. 

მოსარჩელის განმარტებით, წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, არ შელახოს ადამიანის ეს უფლება, არამედ აგრეთვე მის პოზიტიურ ვალდებულებას, უფლების ხელყოფის შემთხვევაში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება. მოსარჩელის აზრით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს პრაქტიკული, იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით მთავარი პროკურორი უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებლად გადასცეს ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულირება ვერ ქმნის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.