ახალი ამბები

31 მაისი, 2018

საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 1 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1243).

№1243 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, კონფიდენციალურია იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ,  მათ შორის  სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული სამეცნიერო საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას.

მოსარჩელის განმარტებით, სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა ვინაობა მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, რაზეც ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.  მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოების შედეგად მას არ ეძლევა შესაძლებლობა აიცილოს შესაბამისი ექსპერტი ან საერთო სასამართლოში დავისას უშუალოდ მას დაუსვას კითხვები.

 

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვების „სამეცნიერო საგრანტო“ კონსტიტუციურობა.