ახალი ამბები

08 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 11 ოქტომბერს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N732) არსებითი განხილვის სხდომა.

მოსარჩელე  საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებასთან (საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი) მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისთვის. მოსარჩელის განმარტებით, ადამიანს აქვს უნარი, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია და ამ პროცესში სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მორალური შეფასებები მისცეს ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით. შეუძლებელია ლეგიტიმური მიზანი გააჩნდეს ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოების საზიანო შედეგებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა  უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაცია მის მომხმარებელს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს.    

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.