ახალი ამბები

15 თებერვალი, 2017

„საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვალს დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4¹ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

სადავო ნორმა ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესებამდე პირის მოსამართლედ განმწესებას 3 წლის ვადით. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსამართლის განსაზღვრული ვადით განმწესება უკავშირდება პირის იმ მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების გამოკვლევას, რომელთა შესწავლაც რთული იქნება მოსამართლის პრაქტიკული საქმიანობის გაანალიზების გარეშე, თუმცა არსებობენ ისეთი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც უკვე აქვთ მოსამართლედ საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, შესაძლებელია შეფასდეს მათი წარსულში განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობა და ამ გზით დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტანდარტებთან.

ამდენად, ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება, ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერად იქნა მიჩნეული და არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის მიზნებისთვის არანაკლებ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები და ის კანდიდატები, რომელთაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ, არსებითად უთანასწორო პირებს წარმოადგენენ. ხოლო სადავო ნორმა განსაზღვრული ვადით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საერთო წესის დადგენით მათ თანასწორად ეპყრობა ამის ობიექტური საჭიროების გარეშე და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, რომ რიგ შემთხვევებში, თუ მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან ხანგრძლივი ვადაა გასული ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მისი წარსული საქმიანობის შეფასება შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი იყოს. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატის წარსული საქმიანობის შეფასების განხორციელება საჭიროებს სათანადო წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და შეიმუშაოს ისეთი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცული იყოს პირის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს საჯარო ინტერესის დაზიანება, კერძოდ, გამოირიცხოს იმის რისკი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესდნენ ამისთვის შეუსაბამო კანდიდატები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2017 წლის პირველი ივლისიდან.