ახალი ამბები

13 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/17/882 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №882) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ხოლო სასჯელის სახედ დადგენილია თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დასახელებული ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

მოსარჩელის მითითებით, სადავო რეგულაციები ლახავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ვინაიდან დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომელიც არ არის საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი. ამასთან, სადავო ნორმით კრიმინალიზებული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. მოსარჩელე ასევე ითხოვდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ №882 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგადაც სადავო ნორმის მოქმედება აღარ ვრცელდება ნარკოტიკულ საშუალება - კანაფზე (მცენარე). აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც მიემართებოდა კანაფის (მცენარე) შეძენისა და შენახვის კრიმინალიზაციასა და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  საქმე შეწყვიტა.

სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია და მიიღო არსებითად განსახილველად.

საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა ის გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მოსარჩელეს მისდგომოდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, ამიტომ მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.