ახალი ამბები

16 ივლისი, 2018

„საქართველოს მოქალაქე სერგო ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2018 წლის 17 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სერგო ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი 1259).

სადავო ნორმა აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებისათვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე დასაქმებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევს საველე პირობებში მუშაობა, რის გამოც სამსახურებრივი მიზნებისათვის ატარებს დანას. აღნიშნულის მიუხედავად, მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისათვის, სადავო ნორმის საფუძველზე.სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმაორგანომ და სასამართლომ სადავო ნორმას მიანიჭეს შინაარსი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მხოლოდ მაშინ წარმოეშობა ცივი იარაღის ტარების უფლება, თუკი მას გააჩნია მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება და,ამავე დროს, დარეგისტრირებული აქვსცეცხლსასროლი იარაღიმოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმისათვის ამგვარი შინაარსის მინიჭება ლახავს მისი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას.

მოსარჩელის განმარტებით, მას ასევე დაერღვა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი), რადგან სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელის მითითებით, სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლება გულისხმობს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობასაც.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ რეგულირებას, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებად და,შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნორმა, რომლის საფუძველზეც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულირება მას ართმევს შესაძლებლობას, დაიბრუნოს არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

 

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

 

დავის საგანია) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას პირისთვის, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება და არ აქვს რეგისტრირებული იარაღი; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში გამოყენებული კანონი.