ახალი ამბები

29 სექტემბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2017 წლის 2 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება №663 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
 
მოცემულ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებითგანსაზღვრულიწესი, რომლის თანახმად, პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს.
 
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარით სახელმწიფო მას და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ სხვა პირებს უთანასწოროდ ეპყრობა. მონაცემთა ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ სხვა პირებს, რომლებიც, მართალია, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებელად მიმართეს სადავო წესის ამოქმედებამდე, მოსაჩელისგან გასხვავებით, რჩებათ შესაძლებლობა დარჩენენ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებულებად
 
ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სახელმწიფო პირის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებაზე უარის თქმით, ცდილობს აიძულოს ეს უკანასკნელი დატოვოს სახელმწიფო საკუთრება. მოსარჩელის აზრით, დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად განხილვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო რეგულაცია ლახავს მის თანასწორობისა და ღირსების უფლებებს, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-17 მუხლებით.
 
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 
დავის საგანი: ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.