ახალი ამბები

14 დეკემბერი, 2018

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №809 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას, რომლის თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების შედეგად მოპოვებული ობიექტის პირველადი გამოკვლევის უფლება ჰქონდა ბრალდების მხარეს. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რამდენადაც ბრალდების მხარეს ანიჭებდა დაუსაბუთებელ პრივილეგიას და ლახავდა ბრალდებულის უფლებებს.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურებოდა სისხლის სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებების ავთენტურობისა და სანდოობის უზრუნველყოფას, ხელს უწყობდა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების წარმოებას და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებისა და ხელყოფისაგან დაცვას. ამასთანავე, მოპასუხე მიუთითებდა, რომ დაცვის მხარეს შეეძლო, პირველადი გამოკვლევის შემდგომ, თავადაც გამოეკვლია ამოღებული მტკიცებულება, შესაბამისად სადავო ნორმა აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევას ვერ გამოიწვევს მტკიცებულებათა გამოკვლევისას ერთი მხარისათვის დროში ან რიგითობაში უპირატესობის მინიჭება, თუ მეორე მხარესაც ექნება მტკიცებულების გამოკვლევის გონივრული შესაძლებლობა. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განმარტავდა, თუ რას გულისხმობს ობიექტის პირველადი გამოკვლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შეეძლო ყოველმხრივ გამოეკვლია ობიექტი, ჩაეტარებინა მასზე შესაბამისი ექსპერტიზა და ა. შ. ამასთანავე, სადავო ნორმა ბრალდების მხარის მიერ ობიექტის პირველადი გამოკვლევის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებდა რაიმე კონტროლის მექანიზმს და დაცვის მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, პროკურორისგან გამოეთხოვა ეს ობიექტი, თუ იგი გააჭიანურებდა ან საერთოდ უარს იტყოდა დაცვის მხარისათვის მის გადაცემაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არღვევდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებთან მიმართებით;  ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.