ახალი ამბები

04 თებერვალი, 2019

საქართველოს მოქალაქე ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1237)

2019 წლის 5 თებერვალს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1237).

მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს, რომლებიც გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოსაკითხი პირის იძულებითი წესით დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებამოსილებას მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს, აგრეთვე გამორიცხავს დაცვის მხარის შესაძლებლობას, დაესწროს ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მოწმის დაკითხვის პროცესს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და დაცვის უფლებებს, სამართალწარმოების მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

(ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).