ახალი ამბები

14 დეკემბერი, 2018

საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №767 და №1272).

 

სადავო ნორმის თანახმად, სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკია 50 წელი. მოსარჩელეთა პოზიციით, სასამართლოს მანდატურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ხარისხი დაკავშირებულია ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებთან და არ არის დამოკიდებული პირის ასაკზე. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომლის საფუძველზეც 50 წელს გადაცილებული პირებისათვის გამოირიცხება სასამართლოს მანდატურად სამსახური, დისკრიმინაციულია და არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებას.

 

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა. სადავო რეგულაციით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს მანდატურის საქმიანობისთვის საჭირო უნარების დაქვეითებას, რაც განაპირობებს 50 წლის ასაკს მიღწეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად და ეფექტურად განხორციელება, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ინტერესია, რომლის მისაღწევადაც კანონმდებელი უფლებამოსილია, შეზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მანდატურს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული აქვს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, აგრეთვე იარაღის გამოყენების უფლებამოსილება. შესაბამისად, მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად შესრულება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. თუმცა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, განაპირობებდა მანდატურის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო უნარების დაკარგვას. სასამართლოს განმარტებით, ასევე  შესაძლებელი იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მომხდარიყო პირის ფიზიკური მონაცემების შეფასება და დადგენა, რამდენად შეესაბამებოდა იგი მანდატურის თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა მათი ასაკობრივი ზღვრის საფუძველზე გათავისუფლების აუცილებლობას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 50 წლამდე და, მეორე მხრივ, 50 წელს გადაცილებულ პირებს გაუმართლებლად ეპყრობოდა უთანასწოროდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების (საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები) უფლებებს.

დავის საგანი:  „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.