ახალი ამბები

08 ოქტომბერი, 2017

საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 12 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების − გიორგი ოკუჯავას, ელენე სხირტლაძის, გიორგი ღლონტის და სხვების კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (ე.წ. „ოტსტუპნიკების“ საქმე, რეგისტრაციის N860).

მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები მათ ართმევს საკუთრების გამოსყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობის უფლებას, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად სასამართლოს მეშვეობით შეუძლია საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ობიექტი მისი ღირებულების 15%-დან 25%-მდე მესაკუთრისთვის გადახდის შემთხვევაში. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.