ახალი ამბები

20 სექტემბერი, 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1365 კონსტიტუციური სარჩელი („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 4 ივლისს განხორციელდა ცვლილება, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა არაერთგზისი დანაშაულის ცნება.

ცვლილებამდე პირის მიერ ერთი და იმავე დანაშაულის ორჯერ ჩადენა არაერთგზისობად ითვლებოდა, ცვლილების შემდეგ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანისათვის პირი უკვე იყო წარსულში ნასამართლევი.

მოსარჩელის პოზიციით, ცვლილებების განხორციელების შემდგომ მოქმედი წესის გამოყენების შემთხვევაში, მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება არაერთგზის  დანაშაულად არ დაკვალიფიცირდებოდა და არ გამოიწვევდა მისთვის განსაკუთრებით მძიმე სასჯელის, უვადო თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილება ამსუბუქებდა მის პასუხისმგებლობას, ხოლო რადგან ეს ცვლილება არ ვრცელდებოდა წარსულ ურთიერთობებზე, ირღვეოდა თანასწორობის უფლება და შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპი  (საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პასუხისმგებლობის გამაუქმებელი ან შემამსუბუქებელი  კანონის უკუძალით გავრცელების ვალდებულებას. არაერთგზისი დანაშაულის ცნების ცვლილება, რიგ შემთხვევებში, იწვევდა პირისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის შემსუბუქებას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის არაერთგზისობის ცნების ცვლილება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ნაკარნახევი იყო ცვლილებამდე არსებული შედარებით უფრო მკაცრი სასჯელის ზომის საჭიროების არარსებობით. ამ პირობებში კი, ახალი კანონის მოქმედების წარსულ ურთიერთობებზე გაუვრცელებლობა იწვევდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. ამავე დროს სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობდა რაიმე საჯარო ინტერესი რომელიც სადავო ნორმით დადგენილ უფლების შეზღუდვას გაამართლებდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპისა და თანასწორობის უფლების მოთხოვნებს.

დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.