ახალი ამბები

13 ნოემბერი, 2015

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გამართული განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმსჯელა მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე, მათ შორის, სასამართლო კოლეგიის 2 მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა მოტივირებული იყო, მათ შორის, იმით, რომ სასამართლოს კოლეგიის მიერ 2 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“  კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N675) არსებთად განსახილველად მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით, რაც მოპასუხის აზრით, კოლეგიაში შემავალი ოთხი მოსამართლიდან ორის მიკერძოებულობაზე მიანიშნებდა. 

სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და, მათ შორის, აღნიშნა, რომ N675 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არსებითად განსახილველად მიღებული იქნა როგორც კანონმდებლობის სრული დაცვით, ასევე სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამაზე მიუთითებს თავად მოპასუხის  საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობაში მოყვანილი მონაცემებიც. კერძოდ: სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელების აბსოლიტური უმრავლესობა არსებითად განსახილველად მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში დაყენებული 19  შუამდგომლობიდან მხოლოდ 6 იქნა განხილული ზეპირი მოსმენით.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ არსებთად განსახილველად მიღებისა და სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ასევე, მისი საჯაროდ გამოცხადების პროცესში სრულად იყო დაცული კანონის როგორც ფორმალური მხარე, ასევე  მისი არსი. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მჭიდრო ვადებში მიღება ასევე გამომდინარეობდა მასზე დაკისრებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების ვალდებულებიდან. ამდენად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ცალკეულ მოსამართლეთა ან სასამართლო კოლეგიის მიკერძოებულობის დამადასტურებელ საბუთად.  

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 12 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის განხილვაში სპეციალისტის ჩართვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობას, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ჯერ მოისმენდა მხარეთა განმარტებებს კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყვეტდა, რამდენად არსებობდა საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ მოუწოდებს მხარეებს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ისეთი არასწორი  განცხადებების გაკეთებისგან, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ და გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.