ახალი ამბები

10 ივნისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს იუსტიციის მინისტრის მორიგ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებებს.

საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კოლეგიას განეკუთვნებიან ისინი, მოქმედებენ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. საფუძველს მოკლებულია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რაიმე ნიშნით განსხვავება.

საკონსტიტუციო სასამართლო ასევე შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ სამოსამართლეო ეთიკა შესაძლებლობას არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ჩაერთონ პოლემიკაში საჯარო მოხელეებთან ან პოლიტიკოსებთან. ამიტომ სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე მედიას, გამოიჩინონ კორექტულობა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუციის, ასევე მისი წევრების შესახებ მოსაზრებების გამოთქმისას.

იუსტიციის მინისტრის მიერ ტელეკომპანია „იმედის’ ეთერით გაკეთებული ცილისმწამებლურ და შეგნებულად მცდარ განცხადებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ თვლის აღნიშნოს:

საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, იუსტიციის მინისტრი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პირველი კოლეგიის წევრებს აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგიის ოთხივე წევრი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იმავე საჯარო სტრუქტურებში, სადაც ბატონი ნიკა გვარამია. აბსოლუტურად გაუგებარია, რა ნიშნით გამოყო ქ-მა წულუკიანმა პირველი კოლეგია, რომლის სამ მოსამართლეს არასდროს ჰქონია სამსახურებრივი ან ახლო პირადი კავშირი ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მოქმედი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთანაც.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემოტანილი სარჩელები, რიგითობის მიხედვით განუხილავს როგორც კოლეგიებს, ისე სასამართლოს პლენუმს. შევახსენებთ საზოგადოებას და იუსტიციის მინისტრს, რომ რუსთავი 2-ის ერთი საქმე ამჟამად პლენუმის მიერ იხილება, ისევე როგორც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ორივე სარჩელი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის იმ საქმეებს, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს ერთ-ერთი მოსამართლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაეცა პლენუმს, პირველ კოლეგიას ეს საქმეები დაეწერა რიგითობის მიხედვით. ვინაიდან სარჩელები ურთიერთდაკავშირებულია, ასეთი სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. ხოლო გაერთიანებულ სარჩელებს ერთი და იგივე კოლეგია განიხილავს. ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მისი არსებობის 20 წლის მანძილზე.

შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის შეგნებულად ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადებები სწორედ მის არაჯანსაღ დაინტერესებაზე მიუთითებს პირველი კოლეგიის მიერ ამჟამად განსახილველი საქმეების მიმართ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად არ იხილავს „რიგითი მოქალაქეების“ სარჩელებს, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა (90%-ზე მეტი) სწორედ „რიგირთი მოქალაქეებისა“ და ორგანიზაციების მიერ არის შემოტანილი, მათი განხილვა და გადაწყვეტა ხდება კანონით დადგენილი წესით. ხოლო იუსტიციის მინისტრის თხოვნას, საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ ამჟამად წარმოებაში არის რამდენიმე საქმე, რომელიც 2015 წლამდე იყო შემოტანილი და მათი რაოდენობა არ აღემატება წარმოებაში არსებული საქმეების 8%. ზოგადად, ცალკეულ შემთხვევაში საქმეთა განხილვა/გადაწყვეტის ხანგრძლივი ვადები ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გამოცდილებაზე მიუთითებს როგორც სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილებაც.

საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ მოწოდებს იუსტიციის მინისტრს, განცხადებების გაკეთებისას გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და შეახსენებს, რომ ის ვალდებულია, დაასახელოს მის წინა განცხადებაში აღნიშნული ყველა ის შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, მისი აზრით, თვითნებურად გაიგძრელეს სამოსამართლეო ვადა.