ახალი ამბები

21 ივლისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სასამართლოსა და ზოგიერთ მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით. ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედროდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რათა გაეცნო მათთვის დეტალები.

აღნიშნული განცხადების შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით - პრემიერ-მინისტრთან. სატელეფონო საუბრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს.

აღნიშნული შეხვედრების შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს.