ახალი ამბები

07 დეკემბერი, 2018

„საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1212)

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მისი არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილის ინტერესების დასაცავად. იგი სადავოდ ხდიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმას, რომელიც მშობლებს შორის დავის შემთხვევაში სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ერთ-ერთ მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო რეგულირება დაუსაბუთებლად ზღუდავს ბავშვის უფლებას თავისუფლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან და საჭიროებს სრულყოფილად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას. არასრულწლოვანს მისი განვითარების დონიდან გამომდინარე არ გააჩნია ხსენებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და იგი ამ უფლებას მშობლების მეშვეობით ახორციელებს. ბავშვის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხზე მშობლებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ამდენად, ხსენებული საკითხის სასამართლოს მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტა არის არა უფლების შეზღუდვა, არამედ - ამ უფლების განხორციელებისათვის აუცილებელი კონსტიტუციური წინაპირობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საოჯახო დავის განმხილველი სასამართლოს მიერ  ბავშვის ქვეყნის გარეთ გაყვანის საკითხის მისი ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის ვალდებულებას. მოსარჩელის შემთხვევაშიც, შვილის ქვეყნის გარეთ გაყვანის აკრძალვის გადაწყვეტილებაში დავის განმხილველმა მოსამართლემ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მისი საქართველოში დარჩენის საჭიროებაზე მიუთითა.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილია ბავშვის უფლებების განხორციელების კონსტიტუციის შესაბამისი მექანიზმები და არ დააკმაყოფილა N1212 კონსტიტუციური სარჩელი.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.