ახალი ამბები

16 ოქტომბერი, 2018

„შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2018 წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №877).

№877 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი მიზნით რეპროდუცირებისას ჰონორარის გადახდის ვალდებულებას უდგენს ამგვარი ნაწარმოების რეპროდუცირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. ამასთანავე, სადავო ნორმები ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაციას ანიჭებს უფლებას, ჰონორარის განსაზღვრის მიზნით, ფიზიკური და იურიდული პირებისგან, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებისგან გამოითხოვოს შესაბამისი მოწყობილობების იმპორტისა და წარმოების შესახებ ინფორმაცია. თავის მხრივ, რეპროდუცირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ეკისრებათ ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები ჰონორარის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად აწესებს საავტორო ნაწარმოების რეპროდუცირებისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, იმ პირების ნაცვლად, ვინც უშუალოდ ახორციელებს რეპროდუცირებას. ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული ჰონორარის ფიქსირებული ოდენობა და იგი დამოკიდებულია ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციის და იმპორტიორების/მწარმოებლების შეთანხმებაზე, შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში კი - საქპატენტის გადაწყვეტილებაზე, რაც, მოსარჩელეთა აზრით, აჩენს ჰონორარის ოდენობის გაუმართლებლად გაზრდის რისკებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

მოსარჩელეთა განცხადებით, საავტორო ასოციაციას, ერთი მხრივ, ენიჭება განუსაზღვრელი უფლებამოსილება, მოიპოვოს ინფორმაცია იმპორტიორების შესახებ, მეორე მხრივ კი, არ არსებობს მკაფიო საკანონმდებლო ბერკეტები, რომლებიც დაიცავს კერძო პირის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

გ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.