ახალი ამბები

02 ოქტომბერი, 2017

შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

2017 წლის 3 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება შპს „გიგანტი სექიურითისა“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ (რეგისტრაციის №747).

მოსარჩელეები სადავოდ მიიჩნევენ რეგულაციებს, რომლებიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ქმნიან საკანონმდებლო საფუძველს, რათა მან, ერთი მხრივ, იმოქმედოს როგორც კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორე მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა.

მოსარჩელეთა მტკიცებით, მითითებული მდგომარეობა გულისხმობს კერძო დაცვითი ორგანიზაციების ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევას, რაც შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტზე, რომ დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც კანონმდებლობით მმართველობას ახორციელებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ილახება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციის განვითარებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ