ახალი ამბები

05 მარტი, 2019

„შპს „სტერეო+“, ლუკა, სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“

2019 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შპს „სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1311).

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავოდ გამხდარი ნორმები მაუწყებლის წილის იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში მისი შეძენის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას. ხსენებული წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მაუწყებლისათვის ლიცენზიების ჩამორთმევას და ავტორიზაციის გაუქმებას. გარდა ამისა, იძულებით აუქციონზე ავტორიზებული პირის წილის გასხვისება ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც დამატებით შესაძლოა გახდეს პირის სანქცირების საფუძველი. მოსარჩელეთა პოზიციით, მსგავსი რეგულაცია გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.