ახალი ამბები

16 აპრილი, 2019

„თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1298 და №1313)

2019 წლის 17 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე: „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1298 და №1313).

სადავოდ გამხდარი ნორმები აწესრიგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირების საფუძვლებს, უფლებამოსილ სუბიექტებს და უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ შედეგებს.

მოსარჩელის მტკიცებით, ნორმები უშვებს  მუნიციპალიტეტის პირდაპირი გზით არჩეული მერის დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადების, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-10 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.