ახალი ამბები

12 სექტემბერი, 2019

თეიმურაზ ტუღუში ევროპის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეთა მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიებას საფრანგეთი მასპინძლობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში და იგი პარიზში, მართლმსაჯულების სასახლეში იმართება.

შეხვედრა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, სახელმწიფო პროკურორმა და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გახსნეს. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მოსამართლეთა შეხვედრის ფარგლებში გაიმართება სემინარი სხვადასხვა თემებზე, კერძოდ - „სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები სასამართლოში“, „ეროვნულ სასამართლოებსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შორის ურთიერთობა“, და „გამოხატვის თავისუფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პირისპირ“.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა მუშაობას 13 სექტემბერს დაასრულებს.