26 მაისი, 2018

"ქონება, რომელიც არასწორად არის რეგისტრირებული და სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, კანონიერად ვეღარ გასხვისდება"-ინტერვიუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძესთან

 
გასული წლის შემოდგომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი. 
ამ გადაწყვეტილების თანახმად, კეთილსინდისიერი მესაკუთრე აღარ ჩაითვლება ასეთად, თუ რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს მისთვისაც ცნობილია. 

აღსანიშნავია, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი მოქალაქის საჩივარი გახდა, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით სხვა პირზე დარეგისტრირდა და ორჯერ გასხვისდა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ იურისტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კეთილსინდისიერი შემძენი არაკონსტიტუციურად ცნო, 
 
რაც, მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკასა და განსაკუთრებით, უძრავი ქონების ბაზარს ცუდ დღეში ჩააგდებს, მეორე ნაწილის შეფასებით კი ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და ქონების პირვანდელი მესაკუთრის უფლებების დაცვის შესაძლებლობა გააჩინა.

აღნიშნული რისკებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ბიზნესპრესნიუსი“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს ესაუბრა.

რას გულისხმობდა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რომლის ნორმატიული შინაარსიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი აწესრიგებს შემთხვევებს, როდესაც უძრავ ნივთს საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირი ასხვისებს. ხსენებული ნორმის მიხედვით, შემძენი მესაკუთრე ხდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ 
 
მან იცოდა, რომ გამსხვისებელი მესაკუთრე არ იყო. ასეთ პირობებში, უზუსტობის მიუხედავად, გასხვისება ნამდვილად ითვლება და ნივთის მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენი ხდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ ზოგადად საჯარო რეესტრში ქონების არასწორად რეგისტრაციიდან მომდინარე რისკებისგან კონსტიტუციურად მიიჩნია კეთილსინდისიერი შემძენის დაცვა. სასამართლომ მიუთითა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის დაუცველობა საერთოდ აზრს დაუკარგავდა საჯარო რეესტრის არსებობას და ქონების შეძენის პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებდა. შესაბამისად, სადავო ნორმის ძირითადი ნაწილი სასამართლომ კონსტიტუციურად სცნო. მან გააუქმა ნორმის მხოლოდ ერთი ასპექტი, კონკრეტული ნორმატიული შინაარსი. სასამართლომ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის სისწორეზე კანონით დადგენილი წესით დავა მიმდინარეობს და ამის შესახებ შემძენმა იცის, მაშინ იგი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის რისკებისგან დაცული ვერ იქნება. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შინაარსი შეიცვალა. დღეს მოქმედი წესის მიხედვით, საჯარო რეესტრში არასწორად რეგისტრირებული ქონების შემძენი პირი მესაკუთრე ვერ გახდება იმ შემთხვევაში, თუ მან ჩანაწერის უზუსტობის ან/და ამ ჩანაწერთან დაკავშირებული დავის არსებობის შესახებ იცის. 

შექმნის თუ არა ეს გადაწყვეტილება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დამატებით ბერკეტებს?

მოქმედი წესის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქონების ნამდვილი მესაკუთრე დაცული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, თუ შემძენმა უშუალოდ რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ იცოდა. დღეის მდგომარეობით კი, ქონების ნამდვილი მესაკუთრის დასაცავად საკმარისია შემძენმა ქონების შესახებ დავის მიმდინარეობაზე შეიტყოს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად უფლების დაცვის მექანიზმი შეიქმნა იმ პირებისათვის, რომელთა ქონებაც რეესტრში არასწორად არის რეგისტრირებული და ისინი ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით სამართლებრივ დავას წამოიწყებენ. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაუმჯობესდა იმ პირების შესაძლებლობები, რომლებმაც შეიტყვეს, რომ მათი ქონება სხვადასხვა მიზეზებით არასწორად დარეგისტრირდა სხვა პირზე. გაიზარდა უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრის უფლებების დაცვის სტანდარტი და არამართლზომიერად გასხვისებული ნივთის ნამდვილ მესაკუთრეს უფლებაში აღდგენის მეტი შესაძლებლობა შეექმნა. ამავე დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით ბოროტად სარგებლობისა და ამ გზით სხვისი ქონების მითვისების შესაძლებლობა შემცირდა.

რა გარემოებებმა განაპირობა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება?

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო ის ფაქტორი, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომლის პირობებშიც უძრავი ქონების შეუფერხებლად გასხვისება იქნება შესაძლებელი და ქონების შემძენის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ უძრავი ქონება და მისი მესაკუთრის ინტერესები დაცული იყოს არამართლზომიერი ხელყოფისგან. სასამართლომ მხედველობაში მიიღო სადავო ნორმებით დარეგულირებული ურთიერთობის სირთულე. ამ შემთხვევაში, შეცდომის ან/და გარკვეული პირების არამართლზომიერი ქმედების შედეგად კეთილსინდისიერი შემძენი არაუფლებამოსილი პირისგან ყიდულობს ქონებას და იხდის შესაბამის საზღაურს. ამავე დროს, ხსენებული საზღაურის გადახდა ხდება არა ქონების ნამდვილი მესაკუთრისათვის, არამედ რეესტრში არასწორად რეგისტრირებული პირისთვის. ანუ შემძენი, ერთი მხრივ, იხდის საფასურს და შესაბამისად, გარიგების შედეგად წარმოეშვება ქონებრივი ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, ეს საზღაური არ აღწევს ქონების ნამდვილ მესაკუთრემდე და თან ქონების გასხვისება მისი ნების გარეშე ხდება. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს ქონების არასწორად რეგისტრაციის შემთხვევები, ხოლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში შექმნას ისეთი წესი, რომელიც კერძო და საჯარო ინტერესებს მაქსიმალურად დააბალანსებს. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კეთილსინდისიერი შემძენის სრულად დაუცველობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გართულდებოდა და გაძვირდებოდა საკუთრების შეძენის პროცესი, რაც დააზარალებდა როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესებს, კერძოდ, სამოქალაქო ბრუნვის სიმარტივეს. სასამართლომ საკუთრების გადაცემის პროცესში საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფციის როლზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ თუ შემძენი ვალდებული იქნება ჩანაწერის სისწორე გადაამოწმოს, მაშინ ეს მნიშვნელოვნად გაართულებს და გააძვირებს საკუთრების შეძენის პროცესს. თუმცა, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ზოგადად რეგულირება საკუთრების შემძენის გულგრილობას არ უნდა ახალისებდეს. კერძოდ, როდესაც შემძენს საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის მიმდინარეობის შესახებ აქვს ინფორმაცია, კანონმდებლობამ მას ამ ინფორმაციის უგულვებელყოფისკენ არ უნდა უბიძგოს. სწორედ ამიტომ, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ დროს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის რისკი შემძენზე გადადის და თუ იგი მაინც შეიძენს ქონებას, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციით აღარ იქნება დაცული.

რა სახის საჩივარი შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ქონებაზე, სად შეიძლება არსებობდეს ეს საჩივარი ან რა შეიძლება მასში ეწეროს? 

ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ დავა კანონით დადგენილი წესით უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, შეიძლება პირი დავობდეს, რომ რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები საკუთრების უფლებას არ ადასტურებენ და შესაბამისად, მათ საფუძველზე მესაკუთრის რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო. ამავე დროს, შეიძლება დავა მიმდინარეობდეს თავად წარდგენილი დოკუმენტის ბათილობის მოთხოვნით. მაგალითად, პირები შეიძლება დავობდნენ იმ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე, რომელიც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა. ამდენად, ქონებაზე საკუთრების შესახებ დავები სხვადასხვა ფორმით შეიძლება მიმდინარეობდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი ნიშნავს, ადმინისტრაციულ დავას რეესტრის ჩანაწერის კანონიერებაზე ან სამოქალაქო დავას უძრავი ქონების საკუთრების შესახებ. შესაბამისად, საჩივარი შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, საჯარო რეესტრში, ისე საერთო სასამართლოში.

რამდენად შესაძლებელია და რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება უკვე გაფორმებულ, დადებულ გარიგებებს?

მოცემულ შემთხვევებში დავა უკვე დადებული გარიგებების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების შესახებ უნდა გადაწყვიტოს საერთო სასამართლომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გზით. შესაბამისად, მოსამართლის მიერ შემძენის კეთილსინდისიერად მიჩნევის პროცესში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაა დადგენილი. კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს გადაწყვეტილებას საერთო სასამართლო ამა თუ იმ დავასთან დაკავშირებით ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაფასებელ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.

რისი გათვალისწინება (რა საბუთების გაცნობა) მოუწევს უძრავი ქონების შემძენს, 185-ე მუხლის ძალადაკარგულად გამოცხადების შედეგად?

სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად შემძენს თავისთავად არანაირი ინფორმაციის მოძიება და გადამოწმების ვალდებულება არ ეკისრება. თუ გამყიდველი რეგისტრირებულია მესაკუთრედ და შემძენმა არ იცის დავის მიმდინარეობის შესახებ, მას შეუძლია თავისუფლად იყიდოს ქონება და იგი დაცული იქნება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციით. 

გარკვეული საკითხების გადამოწმების ვალდებულება წინა პლანზე იწევს იმ შემთხვევაში, თუ შემძენმა იცის საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორესთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ. ამ პირობებში, ქონების შეძენისას შემძენი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციით არ იქნება დაცული. შესაბამისად, თუ ქონებაზე დავის შედეგად დადგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა შემძენი მესაკუთრე ვეღარ გახდება. ამდენად, თუ პირმა სამართლებრივი დავის მიმდინარეობის შესახებ იცის, მან საკუთრების შეძენისას ზემოთხსენებული რისკები უნდა გაითვალისწინოს. იგი შესაძლოა რეგისტრირებული მესაკუთრის წინააღმდეგ არსებული მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებით ან/და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით დარწმუნდეს საჩივრის უსაფუძვლობაში და შემდეგ შეიძინოს ქონება, ხოლო თუ მიიჩნევს რომ საჩივარი საფუძვლიანია საერთოდ არ შეიძინოს იგი. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფციის მიზანს არ წარმოდგენს შემძენთა არაკეთილსინდისიერი ქცევის წახალისება და მათი დაცვა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ იციან რომ ქონება მითვისებულია და მას არაუფლებამოსილი პირისგან ყიდულობენ. 

საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. კერძოდ, ცხრა მოსამართლიდან სამს მიაჩნდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არასწორად იყო შეფასებული და არაკეთილსინდისიერად მოქცევას წაახალისებდა. რამ განაპირობა მათი არგუმენტების გაუთვალისწინებლობა?

რა თქმა უნდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული წევრის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც დაადგინა, რომ კეთილსინდისიერმა შემძენმა რეგისტრაციის სისწორესთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი დავის შესახებ ინფორმაცია არ უნდა უგულებელყოს, სწორედ არაკეთილსინდისიერი ქცევის წახალისების გამორიცხვას ემსახურებოდა. ამავე დროს, განსხვავებულ აზრში განვითარებული პოზიციის გაზიარება და კეთილსინდისიერი შემძენის დაცვა იმ პირობებშიც, როდესაც მას აქვს ინფორმაცია დავის შესახებ, ქონების ნამდვილ მესაკუთრეს უფლების დაცვის მინიმალურ შესაძლებლობასაც კი წაართმევდა. მის მიერ საკუთარი ქონებრივი ინტერესების დაცვა გაჭირდებოდა, მათ შორის იმ პირობებში როდესაც მან დროულად შეიტყო საჯარო რეესტრში მისი ქონების სხვა პირზე არასწორად გადაფორმების ფაქტი და ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით დაიწყო სამართლებრივი დავა. 

მაგალითისთვის, ხვალ რომ აღმოჩნდეს, რომ ჩვენი სახლი სხვა პირზეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ ჩანაწერის წინააღდეგ დავა დავიწყოთ და ამ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს. ქონების ნამდვილი მესაკუთრის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად გაართულებდა რეგულირება, რომელიც ამ პირობებშიც კი ქონების გაყიდვას ნამდვილ გარიგებად მიიჩნევდა და შემძენის ინტერესებს დაიცავდა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის გარემოება, რომ საკუთრების უფლება პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებაა და მასში დაცულია აგრეთვე ის კომპონენტი, რომ კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი გამორიცხავდეს საკუთრების ობიექტის მესაკუთრის ნების გარეშე მფლობელობიდან გასვლას. ხოლო, თუ რიგი გარემოებების გამო ეს მაინც მოხდება, მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს საკუთარ უფლებებში სწრაფად და სრულყოფილად აღდგენის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები. ასე რომ, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ორი პირის (ნამდვილი მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის) ინტერესებს შორის საუკეთესო ბალანსის მოძიებას და არა იმას, რომ იმთავითვე რომელიმე მათგანის უფლებას მიენიჭოს ცალსახა უპირატესობა.

იურისტთა ნაწილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, აქამდე გარანტირებული და დაცული კეთილსინდისიერი შემძენის პრეზუმფცია, ეჭვქვეშ დადგება - ხედავთ თუ არა ამ საფრთხეს?

საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი. პირიქით, სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავი ქონების შეძენის პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები. შესაბამისად, არ არსებობს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის რაიმენაირად დაკნინების ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფრთხე. საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანას არასწორად რეგისტრირებული მესაკუთრისაგან ქონების შემძენისა და ნამდვილი მესაკუთრის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენა წარმოადგენდა. შესაბამისად, სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია მხოლოდ იმ პირთა კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევა, რომლებმაც იციან ქონებასთან დაკავშირებით დავის მიმდინარეობის შესახებ და მაინც ყიდულობენ მას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ შემთხვევაშიც არ ჩერდება ქონების გასხვისების პროცესი. ქონების გაყიდვა და გადაფორმება კვლავაც ხორციელდება, უბრალოდ ამ გარიგებაზე აღარ ვრცელდება კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის მექანიზმი და შესაბამისად, პირებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიძინონ ქონება, თუ ისინი წარდგენილ საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. 

აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონმდებლობა ითვალისწინებდა კეთილსინდისიერი შემძენის უფლების უფრო მკაცრად შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, კეთილსინდისიერი შემძენი შესაძლოა მაშინაც კი არ ჩათვლილიყო ასეთად, თუ საჯარო რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ უბრალოდ შეტანილი იყოს საჩივარი, რომლის არსებობის შესახებ, ის შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო ინფორმირებული. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი, ამ მხრივ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს და ამბობს, რომ უბრალოდ საჩივრის შეტანა, არ შეიძლება იყოს საკმარისი საფუძველი კეთილსინდისიერი შემძენის უფლების შეზღუდვისათვის. იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს მისი უფლების შეზღუდვის საკითხი, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. ამდენად, ამ კუთხით სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია, მათ შორის კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების განმტკიცებისკენ მიმართულ ქმედებადაც კი მივიჩნიოთ.

ასევე იურისტთა ნაწილის აზრით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ - იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე გაყიდვის თავიდან ასაცილებლად, პირი ვინმეს საჯარო რეესტრში საჩივარს შეატანინებს და ბანკიც და სახელმწიფოც „ჰაერში გამოეკიდება“.. მსგავსი საფრთხეები თუ არის კანონმდებლობით თავიდან აცილებული?

როგორც უკვე აღინიშნა, საჩივრის შეტანა არ აჩერებს ქონების გასხვისების პროცესს. ამ შემთხვევაში გამოირიცხება უტყუარობის პრეზუმფციის მოქმედება და ისიც მხოლოდ იმ პირობებში, თუ დადგინდება საჩივრის საფუძვლიანობა. ამდენად, თუ იპოთეკარი „ვიღაცას“ შეატანინებს საჩივარს ამ საჩივრის უსაფუძვლობა ყველასთვის ნათელი იქნება და ეს ქონების გასხვისების პროცესს ვერ შეაფერხებს. ხოლო, თუ საფუძვლიანი საჩივრის წარდგენა მოხდება, როგორც უკვე აღნიშნა, მსგავსმა საჩივრებმა ქონების გასხვისება უნდა შეაფერხოს კიდეც. ვინაიდან საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციის მიზანი არ არის შემძენის წახალისება, რათა მან გაცნობიერებულად შეიძინოს მითვისებული ქონება არამესაკუთრისაგან. ამასთან, უფლების ბოროტად გამოყენების რისკი თუკი იარსებებს, კანონმდებელი არამარტო უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია მისი საწინააღმდეგო მექანიზმები შეიმუშაოს. ის, რომ ვიღაცამ შეიძლება უფლება ბოროტად გამოიყენოს, იმის მტკიცებისთვის არ გამოდგება, რომ უფლება საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

თაია არდოტელი