საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის შესახებ

ისტორია, ხედვა და მისია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 10 წელზე მეტია ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, 2005 და 2006 წლებში სასამართლოს მესვეურობით გამოიცა ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი იშვიათი ქართული გამოცემა იყო საკონსტიტუციო სამართლის დარგში.

2009 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით დაიწყო საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემის ისტორია. „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ წარმოადგენდა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის წარმართვის ერთ-ერთ პირველ მასშტაბურ მცდელობას. ჟურნალს 7 წლის მანძილზე რედაქტორობდა ჯული კაპანაძე. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში სხვადასხვა პერიოდში შედიოდნენ სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე - გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები - კონსტანტინე ვარძელაშვილი და ბესიკ ლოლაძე, სასამართლოს წევრი - ბესარიონ ზოიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე - ნონა წოწორია, საპატიო წევრებად კი გვევლინებოდნენ ბირმინგჰემის უნივერსიტეტის საპატიო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ბრიტანეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ჯერემი მაკბრაიდი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე - ანდრაშ შაიო, ვაშინგტონის იურიდიული კოლეჯის პროფესორი - ჰერმან შვარცი. 

ჟურნალმა 2009-2016 წლების განმავლობაში ათი გამოცემის მეშვეობით ქართულ აკადემიურ სივრცეს გააცნო იურიდიულ მეცნიერებაში საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი მკვლევარის და პრაქტიკოსის ნაშრომი, ასევე განმეორებითი ბეჭდვით და თარგმანის უზრუნველყოფით საქართველოსთვის აქტუალური გახადა სხვადასხვა ავტორიტეტულ გამოცემაში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი სტატიები, მისცა არაერთ ახალგაზრდას სტუდენტური ნაშრომის მეშვეობით საკუთარი თავის დამკვიდრების შესაძლებლობა.

2017-2018 წლებში ჟურნალმა განიცადა მნიშვნელოვანი რეფორმა და დამკვიდრდა ახალი გამოცემა - „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“. წინა გამოცემის ტრადიციების გაზიარებითა და ახალი სტანდარტების შემუშავების გზით, საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემა განვითარდა და ღია ხელმისაწვდომობის, ეთიკური საგამომცემლო პრაქტიკისა და აკადემიური სტანდარტების დანერგვით შეიქმნა ჟურნალი, რომელიც ემსახურება საკონსტიტუციო სამართლის დარგში არსებულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას. ჟურნალი უკვე არაერთი საერთაშორისო ბიბლიოთეკის და საძიებო სისტემის ნაწილია, იგი Ulrichsweb საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომები კი ასევე ქვეყნდება Heinonline-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

 

ჟურნალის ხედვაა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, იგი ისწრაფვის აკადემიურ სივრცეში ეთიკის და კვლევის სტანდარტების პატივისცემის წახალისებას.

 

ჟურნალის მიზანია, განავითაროს საკონსტიტუციო სამართლის დარგში კვლევაზე და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა, შემოიტანოს მეცნიერებაში სიახლეები და გააღრმავოს არსებული დისკუსია, შესაძლებლობა მისცეს ავტორებს ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ნაშრომები.