საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი

ჟურნალის დებულება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალის დებულება


 1. ზოგადი დებულებები

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალი  (შემდგომში ჟურნალი) წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სამართლის დარგში არსებულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას.

ბ) ჟურნალის სახელწოდებაა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“, ინგლისურ ენაზე “Journal of Constitutional Law”.

გ) ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი პერიოდული გამოცემებისათვის ქართული გამოცემისათვის ISSN-2587-5337 და ინგლისური გამოცემისათვის: ISSN-2587-5329. ჟურნალი წინა გამოცემებისათვის იყენებდა შემდეგ საერთაშორისო სტანდარტულ სერიულ ნომერს: ISSN-1987-9962 (საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, ქართული და ინგლისური გამოცემები), ISSN-1987-9954 (საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, ინგლისური გამოცემა) და ISSN-1987-8540 (საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, ორენოვანი გამოცემა).

დ) ჟურნალი გამოიცემა  წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

2. ჟურნალის მართვა

ა) ჟურნალის საქმიანობას ორგანიზებას უწევს სამართლებრივი ჟურნალის რედაქტორი (შემდგომში - რედაქტორი);

ბ) ჟურნალის რედაქტორი პასუხისმგებელია ჟურნალის აკადემიურ ხარისხსა და შინაარსზე;

გ) ჟურნალის მართვის სარეკომენდაციო ორგანოა სარედაქციო საბჭო;

დ) ჟურნალი იმართება ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად სარედაქციო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტებით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.

 

3. ჟურნალის სარედაქციო საბჭო

ა) სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით, საბჭოს შემადგენლობაში შედის ჟურნალის რედაქტორი;

ბ) სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

გ) საბჭოს სხვა წევრებს ნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

დ) საბჭოს წევრია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტნიორი უნივერსიტეტის ან ორგანიზაციის წარმომადგენელი (შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმის არსებობის შემთხვევაში);

ე) საბჭოს წევრი შეიძლება იყოს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დარგში მოღვაწე გამორჩეული სპეციალისტები;

ვ) სარედაქციო საბჭოს წევრები, გარდა რედაქტორისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა, აირჩევა 3 წლის ვადით, საბჭოს წევრად ხელმეორედ არჩევა შეზღუდული არაა;

ზ) საბჭო უფლებამოსილია:

(1) რედაქტორის წარდგინებით განსაზღვროს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა;

(2) რედაქტორის წარდგინებით დაადგინოს სტატიების აკადემიური სტანდარტები;

(3) რედაქტორის ან საბჭოს სხვა წევრების ინიციატივით შეარჩიოს გამოცემისათვის ერთი ან რამდენიმე თემა;

(4) რედაქტორის წარდგინებით ან საბჭოს სხვა წევრის ინიციატივით დაადგინოს ჟურნალისთვის სტატიების შერჩევის კრიტერიუმები.

თ) საბჭო იკრიბება წელიწადში ორჯერ მაინც, დასაშვებია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საბჭოს წევრების ჩართვა შეკრებაში;

ი) საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით;

კ) საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საბჭო.

 

4. ჟურნალის მრჩეველთა საბჭო

ა) ჟურნალის მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს ჟურნალის სარეკომენდაციო ორგანოს, რომლის წევრებიც სურვილის შემთხვევაში ეხმარებიან მას გამოცემის დახვეწაში და ჟურნალის საერთო რეპუტაციის გაზრდაში;

ბ) სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან რედაქტორის წარდგინებით განსაზღვრავს ჟურნალის მრჩეველთა საბჭოს შემადგნელობას;

გ) მრჩეველთა საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან გაეცნონ ჟურნალის თემატიკას და გამოსაცემ სტატიებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცემა რედაქტორს ან/და სტატიის ავტორს;

დ) მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლება აქვს, ჟურნალის საერთო კონცეფციასთან შესაბამისი სტატია მიაწოდოს რედაქტორს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. ასეთი სტატია ქვეყნდება საპატიო სტატუსით.

 

5. ჟურნალში განთავსებული სტატიების საავტორო უფლებები

ა) ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას, რაც აგრეთვე მოიცავს ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალი, როგორც პირველადი გამოცემის წყარო იქნება მითითებული და ჟურნალს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით;

ბ) ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომები ან/და ნებისმიერი სხვა მასალა ექვემდებარება Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიას, რაც გულისხმობს გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების პირობით. აღნიშნული მიეთითება ჟურნალში როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. ჟურნალში ასევე კეთდება შემდეგი ვიზუალური მითითება:  და მითითება დეტალური სალიცენზიო პირობების ხელმისაწვდომობის თაობაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://creativecommons.org/licenses/by/2.0/legalcode. CC BY 2.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 2.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებების გადაცემას.