„შპს ვაჩე“, თინათინ ჩოფიკაშვილი და მარინა ხულელიძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/1799 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 19:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს ვაჩე“, თინათინ ჩოფიკაშვილი და მარინა ხულელიძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1799) მომართეს „შპს ვაჩემ“, თინათინ ჩოფიკაშვილმა და მარინა ხულელიძემ. №1799 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 5 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 27 დეკემბერს.
2. №1799 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმავე მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს უკვე დემონტირებულ ან/და დანგრეულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირის საკუთრებად ფართის განსაზღვრის წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ უფლების შეზღუდვის წესს.
5. №1799 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება ავარიულ საცხოვრებელ სახლებში და სადავო ნორმების მოქმედება პირდაპირ გავლენას ახდენს მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა შესაძლებლობას, ავარიული სახლის ჩანაცვლება განხორციელდეს სხვა მიწის ნაკვეთზე ისე, რომ ამისათვის საჭირო არ იყოს ავარიული სახლის მესაკუთრეთა თანხმობა. მოსარჩელეთა მითითებით, უძრავი ქონების ღირებულების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია მისი მდებარეობა, ავარიული სახლის ჩანაცვლებისას კი შესაძლოა, ახალი სახლის ასაშენებლად განსაზღვრული ტერიტორია მდებარეობდეს ნაკლებად პერსპექტიულ ადგილას და მესაკუთრეებს არ სურდეთ ამ ტიპის ჩანაცვლება. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიის ცვლილებისას ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში შესაძლოა, შემცირდეს მესაკუთრეთა ქონება, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისას. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო დადგენილება არ შეიცავს საკმარის გარანტიებს და განსაზღვრული არ არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც, მოხდება ავარიული სახლის ჩასანაცვლებლად ალტერნატიული მიწის ნაკვეთის შერჩევა.
6. მოსარჩელე მხარე ასევე პრობლემურად მიიჩნევს, ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, ჩასანაცვლებელი ფართის დაანგარიშების წესს. მათი განმარტებით, ახალ შენობა-ნაგებობაში ჩასანაცვლებელი ფართის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება პირთა საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართები, მაგალითად, სხვენი, ავტოფარეხი, სარდაფი და სხვა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით, ჩანაცვლებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ფართი, რომელსაც გააჩნია საცხოვრებელი ან/და კომერციული სტატუსი. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, მესაკუთრეს უნდა მიეცეს მის საკუთრებაში არსებული სრული ფართის ეკვივალენტი და, ამ მხრივ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სტატუსი გააჩნია კონკრეტულ ფართს.
7. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს არ გააჩნია რაიმე ლეგიტიმური მიზანი და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს ავარიული სახლის მესაკუთრეთა საკუთრების უფლებას. შესაბამისად, მათი პოზიციით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
9. №1799 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მოხდეს მათი ქონების განადგურება ან მათთვის მიუღებელ ტერიტორიაზე გადატანა. ამგვარი ზიანის დადგომის შემთხვევაში კი, ისინი ვეღარ შეძლებენ დარღვეული უფლების აღდგენას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1799 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-8 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები განსაზღვრავს ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების იმავე მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით ჩანაცვლების წესსა და იმ პროცედურას, თუ როგორ ხდება დაინტერესებული პირის საკუთრებაში დასაანგარიშებელი ფართის არსებობის დადასტურება. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ავარიული სახლის დემონტაჟი და მისი ჩანაცვლება სხვა ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობით, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ აღნიშნულზე თანახმანი არ იყვნენ უძრავი ქონების მესაკუთრეები. ამასთან, ახალ შენობა-ნაგებობაში ჩასანაცვლებელი ფართის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება პირთა საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართები, მაგალითად, სხვენი, ავტოფარეხი, სარდაფი და სხვა. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, შესაძლოა, მოხდეს მესაკუთრეთა ქონების შემცირება, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის საკუთრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების განსაზღვრის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს, რამდენად არეგულირებს ნორმა საკუთრების უფლების შინაარსთან და ფარგლებთან დაკავშირებულ საკითხებს და ხდება თუ არა რაიმე ქონებრივი უფლების შეზღუდვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის, განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №2/2/745 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-7).
4. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისა და კონსტიტუციის კონკრეტული დებულებით დაცულ სფეროში შესაძლო ჩარევის/მისი შეზღუდვის საკითხი მოქმედი საკანონმდებლო რეალობის ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). რამდენადაც ნორმის შინაარსზე ხშირად გავლენას ახდენს კანონის სხვა დებულებები, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი წესის გააზრებისთვის აუცილებელია მისი სისტემურად წაკითხვა.
5. მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის სხვა დებულებებთან ერთად, არეგულირებს ქალაქ თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესს. ხსენებული დადგენილების დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობებს. კერძოდ, ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვება, თუ კუმულაციურად კმაყოფილდება შემდეგი წინაპირობები: ა) შენობა-ნაგებობა არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას და ბ) შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა და წარმოდგენილია განცხადება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად. ამავე დადგენილების მე-6 მუხლი კი უთითებს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ პროექტის განმახორციელებელს და წარადგინონ, მათ შორის, დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე. ამასთანავე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ავარიული სახლის ყველა მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრი.
6. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის ანალიზი ცხადად მიუთითებს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლება, სადავო დადგენილებით განსაზღვრული წესით, ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავარიული სახლის ყველა მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრი განცხადებით მიმართავს პროექტის განმახორციელებელს და მოითხოვს ავარიული სახლის ჩანაცვლებას. შესაბამისად, სწორედ ავარიული სახლის მესაკუთრეები არიან ჩანაცვლების პროცედურის ინიციატორები და მათ სურვილზეა დამოკიდებული ამ პროგრამის დაწყება. ამასთანავე, მართალია, რომ, თუ ავარიული სახლის ჩანაცვლება ხდება სხვა მიწის ნაკვეთზე, ეს საკითხი განიხილება დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე, თუმცა ავარიული სახლის მესაკუთრეთათვის, ნორმატიულ დონეზე, წინასწარვე ცნობილია როგორც ავარიული სახლების ჩანაცვლებისას ჩასანაცვლებელი ფართის განსაზღვრის წესი, ისე ის ფაქტი, რომ ავარიული სახლის ჩანაცვლების შესახებ, შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, ჩანაცვლება შესაძლოა, მოხდეს როგორც იმავე, ისე სხვა მიწის ნაკვეთზეც. სხვა მიწის ნაკვეთზე ავარიული სახლის ჩანაცვლებისას კი, საკითხის გადაწყვეტა არ საჭიროებს მესაკუთრეთა სრულ თანხმობას.
7. №1799 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად აპელირებს იმ არგუმენტზე, რომ ავარიული სახლის დემონტაჟი ხდება მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე და მათ საკუთრებაში არსებული ფართის ჩანაცვლება შესაძლოა მოხდეს სხვა, უფრო ცუდი მდებარეობის მქონე მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში ისე, რომ ისინი ჩართულნი არ იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ჩასანაცვლებელი ფართის განსაზღვრისას, შესაძლოა, მოხდეს მათი ქონების შემცირება. აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის, მათ შორის, სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მითითებული დადგენილებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესის დაწყების საფუძვლად მითითებულია ყველა მესაკუთრის მიმართვა შესაბამისი პირისათვის. ამდენად, ყველა მესაკუთრე ჩართულია ამ საკითხში და ინდივიდუალურად, საკუთარი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა მის საკუთრებაში არსებული ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, ხოლო ყველა მესაკუთრის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება საკითხის ინიცირება. იმ პირობებში, როდესაც ავარიული სახლის მესაკუთრეებმა წინასწარ იციან მოსალოდნელი შედეგები, მათ შორის, სხვა მიწის ნაკვეთზე ჩანაცვლების შესაძლებლობა და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი და, მიუხედავად ამისა, შესაბამის პირს მიმართავენ განცხადებით/თანხმობით ჩანაცვლების პროგრამის დაწყების შესახებ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია, თუ რა კონტექსტში და რატომ იზღუდება, ამ კუთხით, მათი საკუთრების უფლება.
8. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ ავარიული სახლის ჩანაცვლების გასაჩივრებული წესი არის ერთადერთი და უალტერნატივო და, აღნიშნულის მიღმა, მესაკუთრეებს ეზღუდებათ საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, სხვა პირებთან რაიმე გარიგების დადება, მათ შორის, ავარიული სახლის რეაბილიტაციის ან ჩანაცვლების შესახებ. ამასთან, მოსარჩელე მხარე არც იმ საკითხს ხდის სადავოდ, რომ სახელმწიფოს გააჩნია რაიმე პოზიტიური ვალდებულება, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში და იგი არ ასრულებს ან არღვევს მას.
9. ზემოხსენებულის გარდა, №1799 კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს რაიმე დამატებით მტკიცებულებას ან არგუმენტაციას, რომელიც წარმოაჩენდა, თუ რა კონტექსტში ზღუდავს სადავო ნორმა მოსარჩელეების საკუთრების უფლებას.
10. დამატებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია საერთოდ არ მიემართება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების რეალურ შინაარსს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ორი საკითხი: 1) ავარიული სახლის ჩანაცვლებისას ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა მესაკუთრეთა სრული უმრავლესობის თანხმობის გარეშე და 2) ახალ შენობა-ნაგებობაში ჩასანაცვლებელი ფართის განსაზღვრისას, პირთა საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართების (მაგალითად, სხვენი, ავტოფარეხი, სარდაფი და სხვა.) გაუთვალისწინებლობა.
11. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს მხოლოდ დაინტერესებული პირის საკუთრების ჩანაცვლების წესს, იმავე მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით და საერთოდ არ შეეხება ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ჩასანაცვლებელი ფართის განსაზღვრის საკითხებს. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, უკვე დემონტირებულ ან/და დანგრეულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებული პირის საკუთრებად იანგარიშება ფართი, რომელიც ფიქსირდება ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული ფართი, რომლის საცხოვრებლად ან კომერციული დანიშნულებით გამოყენება დადასტურებული იქნება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. დასახელებული ნორმა აწესრიგებს იმ საკითხს, თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და როგორი პროცედურით ხდება დაინტერესებული პირის საკუთრებაში დასაანგარიშებელი ფართის არსებობის დადასტურება. დასაანგარიშებელი ფართის დადასტურების პროცედურის მიღმა, აღნიშნული დებულება არ განსაზღვრავს, თუ რომელი ქონება და როგორი სტატუსის მქონე ფართი ექვემდებარება ჩანაცვლებას ან როგორ უნდა მოხდეს ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა.
12. ამდენად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებთან მიმართებით, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
13. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1799 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1799 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ვაჩე“, თინათინ ჩოფიკაშვილი და მარინა ხულელიძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში