დავით ძამუკაშვილი, შალვა გვარამაძე, გიორგი მეიფარიანი, ზურაბ ლომსაძე, ნინო ბახტაძე და ხათუნა იმნაძე საქართველოს პარლამენტის და სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1860 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 24 ივნისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 1 ივლისი 2025 10:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: დავით ძამუკაშვილი, შალვა გვარამაძე, გიორგი მეიფარიანი და სხვები (სულ, 6 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით;
გ) „საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესის, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვარის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით;
დ) „საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვარის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის დასახელებაში, პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მე-8 და მე-9 მუხლებში მოხსენიებული სიტყვის „სავალდებულოა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს (რეგისტრაციის №1860) დავით ძამუკაშვილმა, შალვა გვარამაძემ, გიორგი მეიფარიანმა, ზურაბ ლომსაძემ, ნინო ბახტაძემ და ხათუნა იმნაძემ. №1860 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 29 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №1860 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 24 ივნისს.
2. №1860 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის სადავო დებულებებით მოწესრიგებულია საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისა და მასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ასოციაცია ვალდებულია პირის ასოციაციაში გაწევრების ან პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში“, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ „თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა“. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/პირს აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას“. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ“, ხოლო 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია“.
4. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესის, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვარის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვარის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესი“) მე-5 მუხლი განსაზღვრავს რეესტრის მონაცემების განახლების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „კანონის მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია გადაწყვეტილება პირის პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ცნობად იღებს ამ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წევრობის შეჩერების ან წევრობის აღდგენის თაობაზე პატენტრწმუნებულთა ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას“. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ „კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია პატენტრწმუნებულისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს“, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, „თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა არ მიმართა პატენტრწმუნებულთა ასოციაციას გაწევრებისთვის რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ კანონით დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით“.
5. „საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვარის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – „საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვარის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესი“) დასახელება, პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები, მე-4 მუხლი და ამავე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-5, მე-8 და მე-9 მუხლები აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას და მასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები წარმოადგენენ საქართველოს მოქმედ პატენტრწმუნებულებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდა და რეგისტრირებული არიან პატენტრწმუნებულთა რეესტრში გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმების მიღებამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე). საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება/დაკარგვა, გასაჩივრებული ნორმების მიღებამდე, არ უკავშირდებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასა და პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრებას. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, ისინი ახალი სამართლებრივი ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, ვალდებული არიან, თავიანთი პროფესიული სტატუსის გამო, გაწევრიანდნენ პროფესიულ ასოციაციაში და, ამასთანავე, პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში, ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო მოწესრიგება – პატენტრწმუნებულთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული საქმიანობის თავისუფლებას.
9. მოსარჩელე მხარე, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპთან სადავო ნორმების შეუთავსებლობის სამტკიცებლად აღნიშნავს, რომ საქართველოს საპატენტო კანონის 221 მუხლის თანახმად, საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობა შეუძლია განახორციელოს არა მხოლოდ პატენტრწმუნებულს, არამედ განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელსაც, რომელიც შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი.
10. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელს და საქართველოს პატენტრწმუნებულს შეუძლიათ შეასრულონ ერთი და იგივე საქმიანობა, თუმცა, იმავდროულად, მათ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის არ ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. კერძოდ, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელს არ მოეთხოვება პროფესიულ რეესტრში რეგისტრაცია და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. ამდენად, გასაჩივრებული ნორმები ქმნის არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობას, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, არსებითად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის, კერძოდ კი, ერთი მხრივ, საქართველოს პატენტრწმუნებულების, ხოლო, მეორე მხრივ, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლებისათვის.
11. მოსარჩელე მხარე ზემოაღნიშნული არგუმენტაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა წრის მიმართ, იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას პროფესიული სტატუსის საფუძველზე, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. იმავდროულად, ვინაიდან სადავო მოწესრიგებით შესადარებელი ჯგუფები მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი.
12. მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, რომ გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი მოწესრიგება – პროფესიული ასოციაციის სავალდებულო წევრობა და სავალდებულო დაზღვევა, ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება და ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ამაღლება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები შეუძლებელია მიღწეულ იქნეს სადავო ცვლილებებით. მისი განმარტებით, ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის პატენტრწმუნებული, უფრო იაფად განახორციელებს იგივე მომსახურებას, ვიდრე პატენტრწმუნებული, რომელსაც თავისი ხარჯებიდან გამომდინარე, მოუწევს მომსახურების საფასურის გაზრდა. შესაბამისად, საქპატენტში წარმომადგენლობისთვის განმცხადებელი/პატენტის მფლობელი დაიქირავებს არა პატენტრწმუნებულს, არამედ წარმომადგენელს, რომელიც არ იქნება პატენტრწმუნებულის თანაბარი განათლებისა და კვალიფიკაციის, შესაბამისი უნარების მქონე პირი.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ასევე ზღუდავს მათი ზოგადი საქმიანობის უფლებას. მოსარჩელეთა აზრით, პროფესიულ ასოციაციაში გაწევრიანება და, ამასთანავე, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა არ გამოიწვევდა მათი უფლებების დარღვევას, თუ აღნიშნული რეგულაცია ნებაყოფლობითი ხასიათის იქნებოდა.
14. მოსარჩელეების მითითებით, პატენტრწმუნებულს კვალიფიკაციას, შესაბამის ცოდნასა და უნარებს სძენს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და არა პროფესიულ ასოციაციაში სავალდებულო წევრობა. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს, დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, საერთოდ არ სჭირდება ამგვარი რეგულაციის შემოღება. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში სახელმწიფო იმაზე მეტად ერევა, ვიდრე ამას შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებლობა საჭიროებს.
15. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, თავისთავად, ახდენს გავლენას პირის თავისუფალ ნებაზე. აღნიშნული დაზღვევა პატენტრწმუნებულებს ფინანსურ ტვირთად აწვება და შესაძლოა, მათ, სწორედ ამის გამო, მოუწიოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შეფერხებით წარმართვა. იგი მიიჩნევს, რომ პატენტრწმუნებულის საქმიანობა უნდა დარჩეს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და მხარეები უნდა შეთანხმდნენ ამგვარი დაზღვევის აუცილებლობაზე.
16. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოში საპატენტო სფეროში საქმიანობის 30 წლიანი პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღნიშნული სფერო არ შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი მომეტებული რისკების მატარებლად, რომელიც საჭიროებს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, განსხვავებით სამედიცინო და საადვოკატო სფეროსგან, რომელთათვისაც იმავე ვალდებულებას არ აწესებს სახელმწიფო. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
17. მოსარჩელე მხარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მათი განმარტებით, სადავო ნორმების აღსრულება გამოიწვევს მოსარჩელე მხარის საქმიანობის თავისუფლების დარღვევას და მათ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები არ გაერთიანდებიან პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში და არ შეიძენენ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, ისინი დაკარგავენ პატენტრწმუნებულად საქმიანობის უფლებას, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას. იმავდროულად, განსხვავებით წარმომადგენლებისგან, მათ უნდა გასწიონ ხარჯები ასოციაციაში წევრობისა და დაზღვევისათვის, რაც შემდეგ, რეგრესის წესით, აღარ ანაზღაურდება. შესაბამისად, მათ მიადგებათ მატერიალური ზიანი. ამდენად, პატენტრწმუნებულთათვის შეუძლებელია, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გარეშე, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებული კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელს და საქართველოს პატენტრწმუნებულს შეუძლიათ, შეასრულონ ერთი და იგივე საქმიანობა, თუმცა, იმავდროულად, მათ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის არ ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები, რაც იწვევს თანასწორობის პრინციპის დარღვევას. კერძოდ, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელს არ მოეთხოვება პროფესიულ რეესტრში რეგისტრაცია და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რაც ქმნის არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობას არსებითად თანაბარი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა წრის მიმართ იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას პროფესიული სტატუსის საფუძველზე, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმები ხომ არ იწვევს პირთა პირდაპირ დიფერენცირებას. პირდაპირი დიფერენცირება არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი გამოყოფს თანასწორი პირებიდან რომელიმე ჯგუფს და მათ აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები დიფერენცირებულად ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს, კერძოდ, №1860 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, უთანასწორო მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ, პატენტრწმუნებულები და, მეორე მხრივ, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლები, რომლებსაც, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, არ მოეთხოვებათ პროფესიულ (პატენტრწმუნებულთა) რეესტრში რეგისტრაცია და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.
5. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები განსაზღვრავს პატენტრწმუნებულთა რიგ ვალდებულებებს – პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრიანების, ასევე პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნასა და აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები ზოგადი და ნეიტრალური ხასიათისაა, თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, რომელსაც სურს საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭება. განსახილველი ნორმები უშუალოდ არ ადგენს განსხვავებულ, საგამონაკლისო წესს – არ ახდენს რაიმე ნიშნით პირთა ჯგუფების დიფერენცირებას, არამედ აწესებს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს სადავო რეგულირების ყველა პოტენციური ადრესატისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ, არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირება არ მომდინარეობს ხსენებული სადავო ნორმებიდან, ასეთი შინაარსი გასაჩივრებულ რეგულირებას არ აქვს და, ამ მხრივ, არ იზღუდება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
6. ამასთან, სადავოდ გამხდარი რეგულაცია შესაძლოა იყოს ნეიტრალური, არ ითვალისწინებდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდებოდეს მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ პირთა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც პრაქტიკაში განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევს. ფორმით ნეიტრალურ, თუმცა დისკრიმინაციული შედეგის მქონე მოპყრობას მყარად დაკავშირებული ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის მიმართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიიჩნევს დისკრიმინაციად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10,11). თანასწორობის უფლებასთან ამგვარი მიმართების სამტკიცებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება. ამ მხრივ, დასასაბუთებლად ვერ გამოდგება ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
7. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე განიმარტა, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, საქართველოს პატენტრწმუნებულები, რომელთა სტატუსის მოპოვება დაკავშირებულია რიგ ვალდებულებებთან, მათ შორის, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პროფესიული ასოციაციის სავალდებულო წევრობასთან და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან და, მეორე მხრივ, განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული ვალდებულების გარეშე არიან უფლებამოსილნი, საქპატენტში განახორციელონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მოსარჩელე მხარე დიფერენცირების ფაქტს უკავშირებს კონკრეტულ პროფესიას. მას მიაჩნია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხდება პროფესიული ნიშნით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პროფესიის პირი, შეიძლება გახდეს ნებისმიერი, სხვადასხვა ნიშნისა თუ კუთვნილების მქონე პირი. პატენტრწმუნებულებს შესაძლოა წარმოადგენდნენ მრავალგვარი პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებადი პირთა ჯგუფები, ისევე, როგორც განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი – აღნიშნული სტატუსის მოპოვება არ არის დაკავშირებული პირის ამა თუ იმ ნიშანთან თუ კუთვნილებასთან. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე არც დავობს და, შესაბამისად, არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომ წარმომადგენლისა თუ პატენტრწმუნებულის სტატუსი, როგორც წესი, მხოლოდ გარკვეული ნიშნის მატარებელ პირთა ჯგუფებს ენიჭებათ და, შესაბამისად, სადავოდ გამხდარ სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულებების დაკისრება, მომეტებულად ხდება რომელიმე კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი პირთა ჯგუფის მიმართ. ამდენად, არ იკვეთება, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის სავალდებულო წევრობისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ზღუდავს მათი ზოგადი საქმიანობის უფლებას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა თავისთავად ახდენს გავლენას პირის თავისუფალ ნებაზე. აღნიშნული დაზღვევა პატენტრწმუნებულთათვის წარმოადგენს დიდ ფინანსურ ტვირთს, რის გამოც, მათ მოუწევთ პროფესიული საქმიანობის შეფერხებით წარმართვა.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ხსენებული კონსტიტუციური ნორმების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ, ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62).
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი, ძალზე ფართო შინაარსის მქონე უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული გარიგებების დადების და ქონებრივი უფლებების ფასის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებით და არა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია საგანგებოდ იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების ისეთ კომპონენტს, როგორიც არის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13-17). ამდენად, კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით.
12. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება უზოგადესი უფლებაა, რომელიც ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, რომლებსაც შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებით დაცული უფლებების შინაარსობრივ მხარესთან ჰქონდეს გადაკვეთა. ამიტომ კონსტიტუციის მე-12 მუხლი ხშირად წარმოადგენს ზოგად ნორმას სხვა სპეციალურ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც ამა თუ იმ უფლებას უფრო კონკრეტულად და საგნობრივად აღწერს და განმარტავს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად, მოსარჩელემ სასამართლო უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ მას ეზღუდება ისეთი უფლებრივი ასპექტი, რომელიც გარდა კონსტიტუციის მე-12 მუხლისა, კონსტიტუციის რომელიმე სხვა, ამ უფლებისადმი მიძღვნილი სპეციალური ნორმით არ არის დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული უფლებრივი კომპონენტი ერთდროულად ექცევა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, ისე რომელიმე სხვა კონსტიტუციური დებულებით დაცულ სფეროში, რომელიც ამ უფლების უფრო კონკრეტულ რეგლამენტაციას შეიცავს, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მას სწორედ ამ უკანასკნელთან მიმართებით შეაფასებს.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მათ ეზღუდებათ პროფესიული საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სხვა პირები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ეძლევათ შესაძლებლობა, პატენტრწმუნებულის სტატუსის გარეშე გაუწიონ მომსახურება დაინტერესებულ პირს, უფრო იაფად გასწევენ ამგვარ საქმიანობას, ვიდრე პატენტრწმუნებულები, რომლებსაც პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისა და პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო უწევთ მომსახურების გაძვირება.
14. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პირის შრომით უფლებებს და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის ორი სპეციალური ნორმა - 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და 26-ე მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლებრივი ასპექტი (პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება) დაცულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულებებით. სწორედ დასახელებული კონსტიტუციური დებულებები იცავს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში დასაქმებული პირების უფლებას, სრულყოფილად, დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რაც, თავისთავად, გულისხმობს მათ უფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, დაცული იყვნენ არაგონივრული პირობების დაწესებისგან, რომელიც შეაფერხებს თუ ხელს შეუშლის მათ საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლებრივი ასპექტი, საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, იგი ეხება კერძო თუ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების სფეროში, რომლებიც კონკრეტულად პირის შრომით უფლებებს, პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას განამტკიცებენ.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა – პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, ვინაიდან ამ უფლებრივი ასპექტის დაცვას ემსახურება სხვა, შინაარსობრივად უფრო კონკრეტული კონსტიტუციური დებულება. აღნიშნულის მიღმა, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში, არ მიუთითებია რაიმე სხვა ისეთი უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვაზე, რომელიც არ არის დაცული ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულებებით, რაც, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, შეფასების საჭიროებას წარმოშობდა.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1860 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1860 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ძამუკაშვილი, შალვა გვარამაძე, გიორგი მეიფარიანი და სხვები (სულ, 6 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე