სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/1419 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 ივლისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივლისი 2025 13:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „სს თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 62-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1419) მომართა „სს თიბისი ბანკმა“. №1419 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 24 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 11 ივლისს.
2. №1419 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების, შეცვლის ან შეჩერების შესაძლებლობას ანიჭებს მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამავდროულად ადგენს, რომ სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემსუბუქების სხვა წესს განსაზღვრავს კანონი.
5. №1419 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე „სს თიბისი ბანკმა“ 2012 წლის 29 დეკემბერს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა დაწყებულიყო იძულებითი აღსრულება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა განხორციელებულიყო მოვალეთა იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით. როგორც სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, სააღსრულებო წარმოება არაერთხელ შეჩერდა და განახლდა სხვადასხვა მიზეზით, ხოლო საბოლოოდ, 2018 წლის 27 ივლისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ წარმოება შეჩერებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ერთ-ერთი მოვალის უძრავ ქონებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, დადებულია ყადაღა სისხლის სამართლის საქმის საქმისწარმოების ფარგლებში.
6. მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეაჩეროს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების პროცესი, პროკურორთან შეთანხმებით, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მხოლოდ საქმის სამართლიან და გონივრულ ვადაში გადაწყვეტას, არამედ ამ უფლების არსებითი კომპონენტია სასამართლო გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, რაც წარმოადგენს კიდეც სამართლებრივი დაცვის განხორციელების მნიშვნელოვან ბერკეტს. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება წარმოადგენს გადაწყვეტილების შეჩერებას, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულება განუყოფელი ნაწილია თავად ამ გადაწყვეტილებისა. სადავო ნორმა კი, თავის მხრივ, ამ უფლებას ზღუდავს არათანაზომიერად, როგორც გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობით.
7. მოსარჩელე არ გამორიცხავს იმგვარი ცალკეული და განსაკუთრებული შემთხვევების არსებობას, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, შეიძლება, ჩაითვალოს კონსტიტუციურად გამართლებულად. მაგალითად, თუკი სისხლის სამართლის საქმე უშუალოდ შეეხება იმ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის ნამდვილობას, რომელიც აღსრულების საგანია ან თავად კრედიტორია დანაშაულებრივი გზით დაკავშირებული უძრავ ქონებასთან. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განცხადებით, აღსრულება ჩერდება მხოლოდ და მხოლოდ იმგვარი ფორმალური გარემოებით, როგორიცაა სასამართლოს განჩინება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლოს ამგვარი განჩინება არ შეიცავს მსჯელობას აღსრულების პროცესის მიზანშეწონილობასა თუ შეჩერების აუცილებლობაზე და მოსამართლე არც კი არის ინფორმირებული, რომ აღნიშნული ქონების მიმართ დაწყებულია აღსრულების პროცესი. მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და არანაირი კავშირი არ გააჩნია მოსარჩელის მოთხოვნებთან.
8. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული არგუმენტაციით, პრობლემურია აგრეთვე პროკურორის ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც არ არის შემოფარგლული სამართლებრივი კრიტერიუმებით. კერძოდ, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს იმ მინიმალურ სამართლებრივ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ექნებოდა შესაძლებლობა, შეეფასებინა სააღსრულებო წარმოების შეჩერების მიზანშეწონილობა. ამასთანავე, მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ გამოძიების ვადები განუსაზღვრელია და არც აღსრულების შეჩერება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. შედეგად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო, პროკურორის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, პრაქტიკულად, უვადოდ აჩერებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველგვარი სასამართლო ზედამხედველობისა თუ კანონით დეტალურად გაწერილი პროცედურის გარეშე.
9. მოსარჩელე „სს თიბისი ბანკი“ აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით შეჩერება, მას აყენებს დიდ ფინანსურ ზიანს. როგორც ის განმარტავს, კომერციული ბანკების ძირითადი შემოსავალი სესხის გაცემით მიღებული სარგებელია, ხოლო სააღსრულებო წარმოების შეჩერება, პირდაპირ უარყოფითად აისახება როგორც ბანკის შემოსავალზე, აგრეთვე მის ოპერაციულ მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ქონებაზე აღსრულების შეჩერებას აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე, სასამართლო კონტროლის გარეშე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებსა და საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ სამართალწარმოების პრინციპებს.
11. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ - „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თაობაზე.
2. განსახილველ შემთხვევაში, №1419 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია იურიდიული პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეექვსე თავში, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. ამგვარად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1419 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
5. №1419 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც განსაზღვრავს ზოგად პრინციპს და არ განამტკიცებს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას. ამგვარად, სადავო ნორმის კონსტიტუციურ–სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). შესაბამისად, №1419 კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1419 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1419 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1419 კონსტიტუციური სარჩელი („„სს თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1419 კონსტიტუციური სარჩელი („„სს თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 62-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში