• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 11.07.2025
      • N2/4/1419
      • საოქმო ჩანაწერი
    • ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 28.12.2021
      • N1668
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 23.04.2019
      • N1419
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის №2/5/1668 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/5/1668
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 11 ივლისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 21 ივლისი 2025 13:17

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1668) მომართა ნიკა ნოზაძემ. №1668 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 29 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 11 ივლისს.

2. №1668 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

5. №1668 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ნიკა ნოზაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება, რომლის ფარგლებშიც, უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების რეალიზაცია და ამოღებული თანხიდან მოსარჩელეს უნდა მიეღო, უძრავი ქონებიდან, მისი წილის შესაბამისი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები, 2021 წლის 10 ნოემბერს ნიკა ნოზაძეს ეცნობა, რომ სააღსრულებო წარმოება შეჩერებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის მიმართვაზე პროკურატურის პასუხის შედეგად. კერძოდ, სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებით, რეგისტრირებულ იქნა ყადაღა, ხოლო პროკურორის პოზიციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია მიზანშეუწონელია.

6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული უფლება მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვას ან სასამართლო პროცესის სრულყოფილად, სამართლიანად წარმართვას, არამედ თავად გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. სადავო ნორმით კი, ეს უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტი შეზღუდულია იმდენად, რამდენადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აქვს ვალდებულება, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში, შეაჩეროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.

7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არ გამორიცხავს, რომ სადავო დებულებას ჰქონდეს იმგვარი ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა სხვა პირთა უფლებების დაცვა, თუმცა მიიჩნევს, რომ დადგენილი საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვისათვის დადგენილ თანაზომიერების პრინციპს. მხარის პოზიციით, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას, მოსამართლეს გამოაქვს განჩინება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სასამართლო არ არის ინფორმირებული, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში ამ ქონების რეალიზაციის მოთხოვნაზე. შემდგომ კი, თავის მხრივ, პროკურატურა, რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ქონების რეალიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ ან თავად აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე, არ წარმოადგენენ იმ ორგანოებს, რომელთაც აქვთ უფლებამოსილება, შეაჩერონ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, არც ერთ ეტაპზე არ ხდება სასამართლო კონტროლი და, ამგვარად, არ ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, რომელიც ითვალისწინებს სააღსრულებო წარმოების შეჩერებას ქონებაზე, რომელსაც სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე, არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1668 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1668 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. №1419 და №1668 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს განხილული.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ