ა(ა)იპ „უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/1871 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 ივლისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივლისი 2025 13:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1871) მომართა ა(ა)იპ „უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრმა“. №1871 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 20 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 11 ივლისს.
2. №1871 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების (შემდგომში – „საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილება“) პირველი მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობად განსაზღვრულია ჯამურად არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“, ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
5. №1871 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად დასაქმების სექტორისა, გააჩნდეს თანაბარი წვდომა ფუნდამენტურ სოციალურ გარანტიებზე, მათ შორის, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, შვებულების ანაზღაურების უფლებაზე. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობლის შვებულების მიზანს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ ქალმა, განურჩევლად მისი დასაქმების სექტორისა, შეძლოს საკუთარი თავისთვის და ახალშობილისთვის ჯანმრთელობის და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის შენარჩუნება.
6. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ნორმა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან შედარებით, აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას 183-200 დღის ოდენობით და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, პროფესიულ საჯარო მოხელეს სრულად უნაზღაურებს თანამდებობრივ სარგოს მაშინ, როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება შემოიფარგლება სადავოდ გამხდარი ნორმით განსაზღვრული 2000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო ამცირებს საკუთარ პასუხისმგებლობას და კერძო სექტორზე ახდენს დასაქმებული პირების სოციალური უფლებების დაცვის დელეგირებას. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებული სექტორი, თავის მხრივ, გამოირჩევა არასტაბილური დამოკიდებულებით სოციალური უფლებების დაცვის მიმართ.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, შრომით ურთიერთობებში აუცილებელია ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გათვალისწინება, რათა მას შეეძლოს ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აუნაზღაურებადი ან მინიმალური ოდენობით ანაზღაურებადი შვებულება ქალებს აიძულებს, არჩევანი გააკეთონ სამუშაოსა და ოჯახს შორის, რაც წარმოადგენს სისტემური უთანასწორობის მაგალითს. მშობიარობის შემდგომ ანაზღაურების არქონა ან სიმცირე ხშირად უარყოფითად მოქმედებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის, მარტოხელა დედებზე, ახალგაზრდა ქალებსა და დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულებზე.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებისათვის, კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურების გარანტირება ქმნის არათანაბარ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას. იმავდროულად, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სოციალური სოლიდარობის პრინციპს, რომლის თანახმადაც, სოციალური მხარდაჭერა არ უნდა განსხვავდებოდეს დასაქმების სექტორის მიხედვით, მით უფრო მაშინ, როდესაც საკითხი შეეხება მშობიარობასა და ბავშვის მოვლას, რაც საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სოციალური უთანასწორობა მით უფრო მკაფიოა იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია ჩანაწერი, რომელიც ზრდის მოქალაქეებს შორის უფლებრივ დისბალანსს.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სისტემაში არსებული ამგვარი მოპყრობა არღვევს ქალთა უფლებას, ზღუდავს რა სოციალურ დაცვაზე თანასწორ ხელმისაწვდომობას და, შედეგად, აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გაატაროს აქტიური ზომები, მათ შორის, რეგულაციების მიღების გზით, ისევე, როგორც უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა მშობლისთვის, რაც არა მხოლოდ ქალთა შრომითი უფლებების დაცვას, არამედ დემოგრაფიული და სოციალური პოლიტიკის გონივრულ წარმართვასაც ემსახურება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და საქართველოს მთავრობას დაევალოს აღნიშნულ მუხლში შეიტანოს იმდაგვარი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საშვებულებო ანაზღაურება ყოველთვიურად გაიცემა შვებულების მთელ პერიოდზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. №1871 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1871 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. თავის მხრივ, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
5. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში actio popularis შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი ... რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
7. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის რეგულირებას, რომლის შესაბამისადაც, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობად განსაზღვრულია, ჯამურად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თვლის, რომ სადავო მოწესრიგება არის დისკრიმინაციული ბუნების, რამდენადაც კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით, აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში.
8. როგორც აღინიშნა, №1871 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელეა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“. აშკარაა, რომ მოსარჩელე, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ანაზღაურებადი შვებულებების უფლების სუბიექტს და, შესაბამისად, არ ექცევა სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროში. მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიმართულია სადავო ნორმის საფუძველზე არა მისი სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევის დასაბუთებისკენ, არამედ კერძო სექტორში დასაქმებული ქალების მიმართ დადგენილი დისკრიმინაციული მოპყრობისა და მისი არაკონსტიტუციურობის წარმოჩენისკენ. ამრიგად, სადავო დებულებას არ გააჩნია ნორმატიული რესურსი, დაარღვიოს უშუალოდ მოსარჩელე იურიდიული პირის რაიმე უფლება. ამ თვალსაზრისით, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირების – კერძო სექტორში დასაქმებული ქალების უფლებების დასაცავად. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილში, №1871 კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს „actio popularis“, რის შესაძლებლობასაც საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ ითვალისწინებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1871 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც, არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1871 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში