რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 197(1) მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/7/684 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, |
თარიღი | 25 ივლისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ივლისი 2025 23:17 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №684) მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - მამია ფხაკაძე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 14 დეკემბრის №3/8/684 საოქმო ჩანაწერით, №684 კონსტიტუციური წარდგინება ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
2. №684 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ფარგლებში, სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით.
5. №684 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც შეეხებოდა პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს მოქალაქე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად, კანონმდებლობის შესაბამისად, განესაზღვრა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნულმა პირმა დადგენილ ვადაში ვერ შეძლო დაკისრებული ჯარიმის გადახდა თანხის უქონლობის გამო. შედეგად, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და დადგენილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად. 2015 წლის 28 ოქტომბერს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ამ პირის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 2015 წლის 2 ნოემბერს გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელმა მოითხოვა აღნიშნული პირის სამართალდამრღვევად ცნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, კერძოდ, ჯარიმის გადაუხდელობისათვის და მისთვის სახდელის დაკისრება სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად.
7. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა, სახდელის სახით, უალტერნატივოდ, ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. სადავო ნორმების თანახმად კი, დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს პირის პატიმრობას და, მასთან ერთად, დამატებითი სახდელის სახით, სამართალდამრღვევისათვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას.
8. წარდგინების ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახდელები, კერძოდ, 15 დღიანი პატიმრობა, ისევე როგორც, იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით, პრაქტიკაში მიემართება მხოლოდ ჯარიმის გადახდისუუნარო პირებს, რომლებსაც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ 1000 ლარიანი ჯარიმის დადგენილ ვადაში დაფარვა და გადახდისუნარიან პირებთან მიმართებით მათ აყენებს განსხვავებულ (არათანაბარ) მდგომარეობაში, ქონებრივი ნიშნით, რაც დისკრიმინაციულია. წარდგინების ავტორის მტკიცებით, პრაქტიკაში სადავო ნორმებით განსაზღვრული სახდელების მხოლოდ გადახდისუუნარო პირების მიმართ გამოყენებაზე, დამატებით, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 15-დღიანი პატიმრობა და იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე არ წარმოადგენს დაკისრებული ჯარიმის ალტერნატიულ სახდელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სახდელების გამოყენება, პირს არ ათავისუფლებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ამრიგად, პირს, რომელსაც ჯარიმის დაფარვის ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია, არ აქვს ჯარიმის გადაუხდელობის არანაირი მოტივაცია და, როგორც წესი, ყოველთვის დაფარავს მას დადგენილ ვადაში. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან.
9. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
10. №684 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა წარმოადგინა საკუთარი პოზიცია. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საქართველოში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური. შესაბამისად, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით, კანონმდებელი ფლობს დისკრეციას, დააწესოს იმპერატიული ხასიათის რეგულაციები.
11. დასახელებული დისკრეციის ფარგლებში, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში პირის გამოუცხადებლობა კანონმდებელს დანახული აქვს როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის პრევენციისათვის, სახდელის სახით, დაწესებულია ჯარიმა, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმა, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობა სადავო რეგულირების საფუძველზე, ცალკე სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნის, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღით.
12. პარლამენტის წარმომადგენელთა ცნობით, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მიზანს წარმოადგენს ჯარიმის დადგენილ ვადაში გადახდის იძულება. საბოლოო ჯამში კი, ორივე სახდელი, როგორც ჯარიმა, ისე ადმინისტრაციული პატიმრობა, ემსახურება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების პრევენციას.
13. პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ადგილი არ აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას და, შესაბამისად, თანასწორობის უფლების დარღვევას. პირიქით, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო სადავო ნორმების ადრესატებს ეპყრობა თანაბრად. კერძოდ, ერთი მხრივ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ წინასწარ იცის, რომ გამოძახების შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ისევე, როგორც ჯარიმის გადაუხდელობა, ყველა პირის მიმართ წარმოშობს პასუხისმგებლობის ერთნაირ ზომას.
14. №684 კონსტიტუციურ წარდგინებაზე შპს „თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმები, თავიანთი შინაარსითა და ბუნებით, ნეიტრალურია, თუმცა მათი მოქმედების პრაქტიკული შედეგის გათვალისწინებით, ეს ნორმები მაინც ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან სადავო რეგულაციების მოქმედების პირობებში, სახელმწიფო, არსებითად უთანასწორო პირებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ეკონომიკური მდგომარეობით, ექცევა თანასწორად, კერძოდ, აკისრებს თანაბარ სანქციას, ჯარიმას, რომლის გადახდაც შესადარებელ პირთა ერთ კატეგორიას შეუძლია, ხოლო პირთა მეორე კატეგორიას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია და, შედეგად, ავტომატურად ექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური დებულების ცვლილება
1. წარდგინების ავტორი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, დასახელებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ფარგლებში, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
5. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი აქტუალური იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირებს შეუქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ შესაძლებლობებით ან/და არაერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ გაავრცელებს ერთგვაროვან სამართლებრივ რეჟიმს.
6. საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, დაადგენს გასაჩივრებული რეგულაციების შინაარსს და განსაზღვრავს განსახილველ საქმეზე შესაფასებელი მოცემულობის ფარგლებს, რის შემდეგაც, იმსჯელებს კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან თავსებადობაზე.
3. სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობა
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისათვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 ლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. განსახილველი საქმის ფარგლებში წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე მუხლის შენიშვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ გადახდისუუნარო პირებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ჯარიმის სახით შეფარდებული 1000 ლარის გადახდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე), ობიექტურად შეუძლებელია, რის გამოც, ისინი ფაქტობრივად განწირულნი არიან სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციებისათვის, ხოლო გადახდისუნარიან პირებს, რომლებიც მატერიალურ სიდუხჭირეს არ განიცდიან, მარტივად შეუძლიათ ჯარიმის დაფარვა და, ამ გზით, ადმინისტრაციული პატიმრობისა და იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევისაგან თავის არიდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციას, ვინაიდან სადავო ნორმებით დადგენილი სანქციები, ყოველგვარი გამართლების გარეშე, განსხვავებულ და, იმავდროულად, არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს გადახდისუუნარო პირებს გადახდისუნარიან პირებთან მიმართებით.
9. განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმების საფუძველზე, უწინარესად ის უნდა გამოარკვიოს, ხომ არ ადგენს სახელმწიფო დიფერენცირებულ მიდგომას პირთა ჯგუფებს შორის, როგორც ეს კონსტიტუციური წარდგინების ავტორს მიაჩნია, ხოლო ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში, იმსჯელოს ასეთი განსხვავებული მოპყრობის გამართლებულობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის გაგებით.
4. ადგენს თუ არა სადავო ნორმები განსხვავებულ მოპყრობას
10. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსხვავებულ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს გადახდისუუნარო პირებს გადახდისუნარიან პირთა ჯგუფთან მიმართებით, რის გამოც, იგი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, როდესაც მოსარჩელის სამდურავი უკავშირდება ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რაიმე გამამართლებელი საფუძვლის გარეშე, პირველ რიგში, სწორედ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი უნდა დადასტურდეს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, რომ საქმეზე გასაჩივრებული რეგულაციებით ხდება პირთა მიმართ უთანასწორო, განსხვავებული მოპყრობა. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ/იდენტიფიცირებად წრეს და ადგენდეს შესადარებელ პირებს/პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას.
11. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისათვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 ლარის, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე) გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღით და იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით. სადავო ნორმის სუბიექტია განურჩევლად ყველა, ვინც მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად (როგორც განზრახ ისე გაუფრთხილებლობით) არ გადაიხადა, გასაჩივრებული რეგულაციების საფუძველზე, მისთვის შეფარდებული ჯარიმა. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები არ აწესებს პირთა რომელიმე ჯგუფის მიმართ ქონებრივი ნიშნით, ისევე, როგორც სხვა საფუძვლით განსხვავებულ მოპყრობას, იგი ნეიტრალურია და თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე, მათი ამა თუ იმ კუთვნილების მიუხედავად. შესაბამისად, იგი ადგენს ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს სადავო ნორმების ყველა პოტენციური ადრესატისთვის, არ გამოყოფს რომელიმე იდენტიფიცირებად პირთა ჯგუფს და გააჩნია გენერალური მოქმედების ეფექტი.
12. ვინაიდან განსახილველ საქმეში არ დასტურდება, სადავო ნორმების საფუძველზე, პირთა კონკრეტული ჯგუფისადმი კუთვნილების ნიშნით მათი დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტი, საკონსტიტუციო სასამართლო აღარ დგას დიფერენცირების გამართლებულობის შეფასების საჭიროების წინაშე.
5. საკითხის შეფასების პერსპექტივა არაერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ ერთგვაროვანი მოპყრობის კონტექსტში ან/და თავისუფლების უფლებასთან მიმართებით
13. საკონსტიტუციო სასამართლომ, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, უკვე დაადასტურა, რომ სადავო ნორმები არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით, შესაბამისად, არ აწესებს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირებს შორის (იხ., სამოტივაციო ნაწილის მე-11 პუნქტი). მიუხედავად ამისა, ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის აკრძალვა (ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე) არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აკრძალულად გამოცხადებული დისკრიმინაციის ერთადერთი ასპექტი. გარკვეულ შემთხვევაში, თავად პირთა შორის არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, თანაბარი მოთხოვნის დაწესება განაპირობებდეს უსამართლო, დისკრიმინაციული რეჟიმის შექმნას. სწორედ ამგვარი შემთხვევების თანასწორობის უფლების სფეროში მოქცევას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, დისკრიმინაციად მიიჩნევა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის დაწესება, სათანადო გამართლების გარეშე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64-70). ასეთ დროს, მართალია, კონკრეტული რეგულაცია არის ნეიტრალური, არ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა ნორმის ადრესატს, სწორედ ვითარების განსხვავებულობის გამო, რომელშიც ის იმყოფება, წარმოეშობა განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება.
14. მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმების ნეიტრალური ხასიათის გათვალისწინებით, რელევანტური იქნებოდა კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ დანახული პრობლემა, სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობასთან მიმართებით წარმოჩენილი იქნეს სწორედ ზემოხსენებულ სამართლებრივ პრიზმაში − როგორც არაერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ ერთგვაროვანი მოპყრობის დაუშვებლობა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. კერძოდ, იმგვარად, რომ გამართლებული არ არის ერთმანეთს გაუთანაბრდეს, ერთგვაროვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს და ერთნაირი სანქციები დაუკავშირდეს ადმინისტრაციული ჯარიმის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის გადაცემიდან 7 დღე) გადაუხდელობის (მხედველობაშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით) ორ დიამეტრალურად განსხვავებულ შემთხვევას: I. როდესაც დაკისრებული ჯარიმა არ იქნა გადახდილი გადახდისუნარიანი პირის მიერ, ვისაც ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ობიექტურად შეეძლო ჯარიმის თანხის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადახდა და, მაშასადამე თანხის გადაუხდელობა მოხდა შეგნებულად ან დაუდევრობით, შესაბამისად - ბრალეულად და II. როდესაც ჯარიმა არ იქნა გადახდილი თანხის უქონლობის გამო, სხვაგვარად - ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, რაც ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, მით უფრო იმ გარემოებების არსებობისას, რაზედაც წარდგინების ავტორი ჰიპოთეტურად მიუთითებს: რომ პირს გააჩნდა ჯარიმის გადახდის სურვილი, მაგრამ, თავისი ფინანსური/მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ობიექტურად არ შეეძლო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მისი გადახდა და, ამასთანავე, ინანიებდა თავდაპირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობას), რის გამოც დაეკისრა სწორედ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გადახდა.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო თავად მოეხდინა კონსტიტუციურ წარდგინებაში გადმოცემული სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირება, გაჰყოლოდა ზემოხსენებულ გზას და სწორედ ამ კონტექსტში შეეფასებინა სადავო წესის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში დანახული პრობლემა წამოჭრის სხვა პრინციპულ საკითხსაც − საერთოდ, რამდენად გამართლებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, სადავო წესის საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო პირისათვის საპატიმრო სახდელის შეფარდება, კანონით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისათვის, როდესაც მას თავისი ფინანსური/მატერიალური მდგომარეობის გამო, ობიექტურად არ შეეძლო ამ ვადაში ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის გადახდა. თავის მხრივ, ორივე ზემოაღწერილ კონტექსტს, პრაქტიკულად, შემდეგ პრინციპულ საკითხამდე მიჰყავს სასამართლო. კერძოდ: საერთოდ რამდენად მართებულია გადახდისუუნარო პირის მიერ მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობა წარმოადგენდეს ცალკე სამართალდარღვევას და მას მოჰყვეს საპატიმრო ადმინისტრაციული სახდელი; საზოგადოდ, ადმინისტრაციული სანქციის სახით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს თუ არა გადამხდელი პირის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობას, იმისათვის, რომ ნორმა აღსრულებადი, ქმედითი და ეფექტიანი იყოს, ანდა საკუთრივ სასამართლოს ხომ არ უნდა გააჩნდეს, იმავე მიზნებით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის უფლება სამართალდამრღვევი სუბიექტის მხარეს არსებული ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
16. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე წარდგინების ფარგლებში, იგი, ერთი მხრივ, არ დგას განზოგადებულად და in abstracto ამ სამართლებრივი საკითხების შემოწმების აუცილებლობის წინაშე, მეორე მხრივ, მას არ მიაჩნია, რომ სადავო ნორმები სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის ან/და თავისუფლების უფლებებს არსებითი, რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს იმ გაგებით, რომ პირი, რომელსაც სურს ჯარიმის გადახდა, მონდომებულია შეასრულოს ეს ვალდებულება (და, როგორც წარდგინების ავტორი მიუთითებს, შესაძლოა, ინანიებდეს კიდევაც ჩადენილ სამართალდარღვევას, რასაც ჯარიმის დაკისრება მოჰყვა (იგულისხმება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა)), თითქოს, შეიძლება მხოლოდ იმიტომ გადაიქცეს ახალ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის გაგებით და შეეფარდოს 15 დღით პატიმრობა, რომ მან ობიექტური გარემოებების, ფინანსური სირთულეების გამო გამო ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებულ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე) ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული თანხის - 1000 ლარის გადახდა. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებში, კერძოდ მაშინ, თუ პირს არ გააჩნია ჯარიმის გადაუხდელობის განზრახვა, პირიქით, სურს დაემორჩილოს კანონს და მხოლოდ ფინანსური შეჭირვების გამო, ობიექტური მიზეზებით ვერ ახერხებს ჯარიმის თანხის დათქმულ ვადაში გადახდას, მაშინ საერთოდ მისი ბრალეულობა დგება ეჭვქვეშ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ის, გააჩნდა თუ არა პირს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით შეფარდებული თანხის გადახდის შესაძლებლობა, შეეცადა თუ არა შესაბამისი თანხის მოძიებას, როგორი იყო მისი დამოკიდებულება სახდელით დაკისრებული ვალდებულების მიმართ და რა იყო თანხის გადაუხდელობის ნამდვილი მიზეზი, ობიექტურად გამოკვლევადი გარემოებებია და მათზე დიდწილად შეიძლება აღმოჩნდეს დამოკიდებული, იმის განსაზღვრა, შეეხებოდა თუ არა, შესაბამის შემთხვევაში, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის გაგებით, რაც, როგორც აღინიშნა, გულისხმობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ბრალეულად გადაუხდელობას.
17. საქმე ისაა, რომ, მოქმედი კანონმდებლობით (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი), დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, რომლის თანახმადაც, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“. მაშასადამე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ლეგალური დეფინიციის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აუცილებელი და სავალდებულო კომპონენტია მისი ჩადენა ბრალეულად, რომლის გარეშეც არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, როგორც სამართლებრივი მოცემულობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლით დადგენილი დანაწესი, რომელიც უთითებს ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას სავალდებულო წესით გამოსაკვლევ გარემოებებზე, რაც იმასაც გულისხმობს, რომ უნდა დადგინდეს − მიუძღვის თუ არა პირს ბრალი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა თუ უმოქმედობის ჩადენაში, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ადგილი ექნებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
18. თავის მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ბრალეული მოქმედების/უმოქმედობის განხორციელების გარეშე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბრალი წარმოადგენს პასუხისმგებლობის (დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი) სავალდებულო კომპონენტს. დაუშვებელია პირის ბრალის გარეშე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აუცილებლად გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ქმედების ბრალეულად ჩადენას. პირი მიიჩნევა ბრალეულად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, თუ დადგენილი იყო, რომ მას გააჩნდა წესების და ნორმების დაცვის შესაძლებლობა, მაგრამ მისი მხრიდან არ იქნა მიღებული ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მათ დასაცავად, დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამრიგად, სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, ყველა სამართალდარღვევის შემთხვევა უნდა შეაფასოს ინდივიდუალურად, ხოლო პასუხისმგებლობის ღონისძიების დადგენის პროცესში, გაითვალისწინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს ვალდებულებას, რომ სათანადოდ დადასტურდეს პირის ბრალეულობა ჩადენილ გადაცდომაში (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის №ბს-1240(2კ-19) განჩინება).
19. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალი გულისხმობს სამართლის სუბიექტის გასაკიცხაობას. გასაკიცხაობა ნიშნავს იმას, რომ პირმა იმოქმედა დადგენილი სამართლებრივი ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ როდესაც შეეძლო საკუთარი ქცევა წარემართა მის შესაბამისად. როდესაც სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო იღებს ბრალის თაობაზე გადაწყვეტილებას, ეს გულისხმობს ქმედების ჩამდენის დადანაშაულებას იმაში, რომ იგი არ მოიქცა კანონმდებლის მიერ დაწესებული ნორმის მოთხოვნების შესაბამისად და მიიღო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო კანონშესაბამისად ემოქმედა. გამომდინარე აქედან, ბრალი გაგებული უნდა იქნეს, როგორც ნორმის ადრესატის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს საკუთარი ქმედება და თავისუფალი ნებით გააკეთოს არჩევანი სამართლებრივი წესრიგით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ამავე წესრიგისადმი მის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას შორის. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი აუცილებლობით გულისხმობს ადამიანის ნების თავისუფლებას, რომლის საფუძველზეც, მას შეუძლია სამართლის სასარგებლო ან საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება. თუ პირს ასეთი არჩევანის გაკეთების, შესაბამისად, ნორმის მოთხოვნების შესაბამისი მოქმედების ობიექტური შესაძლებლობა არ გააჩნია, მაშინ გამოირიცხება ბრალი, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აუცილებელი ელემენტი. ამრიგად, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა გააჩნდეს იმის აბსოლუტური გარანტია, რომ იგი არ დაექვემდებარება ადმინისტრაციულსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ბრალეულად არ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას/უმოქმედობას, რაც დადასტურებულია როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით.
20. რაკი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა აუცილებლად გულისხმობს სამართალდარღვევის ბრალეულად ჩადენას (რაც, როგორც უკვე აღინიშნა, დასტურდება როგორც ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი საკანონმდებლო ფორმულირებით, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), ბრალის შინაარსობრივად დამტკიცების გარეშე, დაუშვებელია პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნეს ცნობილი და დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. ინკვიზიციური პროცესუალური წესრიგის ფარგლებში, გამოკვლეული უნდა იყოს რამდენად გააჩნია პირს ნორმის მოთხოვნების შესრულების ფაქტობრივი შესაძლებლობა, ვინაიდან, საპირისპირო შემთხვევაში, გამოირიცხება ბრალი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობა დაკავშირებულია ადმინისტრაციული სანქციის სახით შეფარდებული ჯარიმის გადაუხდელობასთან, უნდა დადგინდეს რა გახდა ჯარიმის თანხის გადაუხდელობის მიზეზი და ხომ არ იყო ნორმით დადგენილი წესის შესაბამისად ქცევის შეუძლებლობა განპირობებული იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი იმყოფებოდა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, რამდენად ახდენს გავლენას სუბიექტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის − 1000 ლარის გადახდაზე და ხომ არ გამორიცხავს de facto არსებული მდგომარეობა ამავე ვალდებულის განხორციელების ობიექტურ შესაძლებლობას, მიუხედავად პირის სურვილისა და შინაგანი მზაობისა შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ზემოხსენებულის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) არარსებობის გამო.
21. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ანალიზი, აგრეთვე ის პროცესუალური წესრიგი (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი), რომლის მოქმედების პირობებშიც, განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, არ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ბრალეულობის დამტკიცების გარეშე, სუბიექტს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მათ შორის, ოფიციალობის პრინციპის სრული დაცვით, გამოკვლევას ექვემდებარება ყველა შესაძლებელი ფაქტობრივი გარემოება, რაც ცალკე აღებული თუ ერთობლიობაში, გავლენას შეიძლება ახდენდეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობაზე. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, საქმის განმხილველი სასამართლოების მიერ ოფიციალობის პრინციპის მეშვეობით საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება არის უპირობო აუცილებლობა, ადმინისტრაციულ დავათა კანონიერად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილება). დამატებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ისევე, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ანალიზის გათვალისწინებით, არაფერი მეტყველებს იმაზეც, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება არ აქვს თავისი არაბრალეულობის, მოცემულ შემთხვევაში − ჯარიმის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე) გადახდის შეუძლებლობის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებები/დოკუმენტაცია წარადგინოს საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე და დაადასტუროს მისი არაბრალეულობა, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და 232-ე მუხლები), გამორიცხავს მის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 15 დღის ვადით, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას, ისევე როგორც, იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით. სხვა საკითხია, უნდა შეიცავდეს თუ არა სადავო ნორმები პატიმრობისა და 3 წლით იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის გარდა სხვა ალტერნატიულ სახდელებს, რათა მოსამართლეს გააჩნდეს მეტი შესაძლებლობა, უკეთ გაითვალისწინოს ინდივიდუალური გარემოებები. აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს განხილვის საგანს, თუმცა სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, მისი გონივრული წაკითხვის პირობებში, მოსამართლეს არ ავალდებულებს, ჯარიმის გადაუხდელობის საკითხში არაბრალული პირი სამართალდამრღვევად ცნოს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს.
22. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიკვლია კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმების გამოყენების პრაქტიკა. საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო შემდეგი: ფაქტობრივად, არ არსებობს არც ერთი საქმე, სადაც გადახდისუუნარო პირს, რომელსაც ობიექტურად არ შეეძლო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე) გადაეხადა მისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, გასაჩივრებული რეგულაციების საფუძველზე, მაინც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღით და შეეზღუდა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. შესაბამისად, არ დადასტურებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჯარიმის გადახდისუუნარო პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა/სახდელი შეეფარდა და ამით თითქოსდა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ გადახდისუნარიან პირებთან შედარებით, რომლებმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმა გადაიხადეს და თავიდან აიცილეს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები.
23. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განუხრელად ეფუძნება ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს. ამ პრინციპის დაცვა კი, კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი არ მიეცემა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში და მას არ შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით/იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე, თუკი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ამავე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მისთვის შეფარდებული 1000 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში) ბრალის გარეშეა ჩადენილი.
24. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ პრობლემურად დანახული საკითხის გადაწყვეტის ბერკეტებს სრულად შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სათანადო ნორმატიულ საფუძველს/გარანტიას, როგორც მატერიალური (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი), ისე პროცესუალურ-სამართლებრივი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლი) მოწესრიგების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს, რომ არაბრალეულად მოქმედი პირი, ზოგადად, არ დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციურ წარდგინებაში გადმოცემულ პრობლემას, მაშინ ექნებოდა კონსტიტუციურსამართლებრივ ჭრილში და, შესაბამისად, ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებაში შეფასების პერსპექტივა, თუკი, მიუხედავად ბრალეულობის არსებობის სავალდებულოობისა, დადასტურდებოდა, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკით, სადავო დებულებებმა შეიძინა ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირის ბრალის გარეშე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია არავითარი საფუძველი ივარაუდოს, რომ სადავო ნორმას გააჩნია ისეთი შინაარსი, რომელიც გულისხმობს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, ან რაიმე საფრთხეს უქმნის სამართლის წინაშე თანასწორობის ან/და ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებებს.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე მუხლის შენიშვნა არ ეწინააღმდეგება საქართველო კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას და კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის, 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 47-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დადასტურდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების: ირინე იმერლიშვილისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში