ააიპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/7/1462 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 17:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – თამარ სამხარაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1462) მომართა ა(ა)იპ „ერთობა 2013-მა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინებით №1462 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. №1462 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 8 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის №1/4/1462 საოქმო ჩანაწერით, №1462 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1462 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 27 ივლისს.
2. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს სასამართლოსადმი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვისა და სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის წესს, ხოლო ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებად ითვალისწინებს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულია გაფიცვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. №1462 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ზეპირი მოსმენის გარეშე, მიღებული განჩინებების საფუძველზე, მოსარჩელე პროფესიულ კავშირში გაერთიანებულ პირებს, თბილისის მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეებს (შემდგომში – მეტროპოლიტენის მემანქანეები), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სრულად აეკრძალათ სამუშაო საათებში გაფიცვა და, სანაცვლოდ, აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ არასამუშაო დროს.
6. მოსარჩელის განმარტებით, გაფიცვის უფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დასაქმებულთათვის, სამუშაოს შესრულებაზე უარით აიძულონ დამსაქმებელი, შექმნას სამართლიანი სამუშაო პირობები. შესაბამისად, გაფიცვის უფლების ეფექტიანად რეალიზებისათვის უმნიშვნელოვანესია მისი გამოყენება სწორედ სამუშაო საათებში. მოსარჩელის განმარტებით, არასამუშაო დროს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებები ისედაც არ მოქმედებს, შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთში გაფიცვა აზრს მოკლებულია, რადგან გავლენას ვერ მოახდენს დამსაქმებელზე.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ფაქტობრივად, უვადოდ აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება.
8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ გაფიცვის უფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა მოხდეს სპეციალური კანონმდებლობის, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, გაფიცვის უვადოდ აკრძალვა მოხდა არა სპეციალური, არამედ ზოგადი საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, გაფიცვის უფლების შეზღუდვა მოხდა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის პირობებში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადი საფუძვლებით ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა ვერ პასუხობს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გაფიცვა უნდა ჩაითვალოს კანონიერად, ვიდრე მისი უკანონობა არ დამტკიცდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც დადგენილი არ არის გაფიცვის კანონიერება, გაფიცვის წინასწარი, უვადო აკრძალვა, გაფიცვის უკანონობის თაობაზე სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, თვისობრივად გაუმართლებელია. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეები არ მიეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიას, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის მოტივით, ეკრძალებათ გაფიცვა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს, განჩინებაში არ უმსჯელია გაფიცვის კანონიერებაზე და სადავო გადაწყვეტილებამდე არ მისულა, შეპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსების შედეგად. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რომელიც გაფიცვას შეიძლება მოჰყოლოდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიჩნევს, რომ სადავო ნორმები, გაფიცვის უკანონოდ გამოცხადებამდე, იძლევა გაფიცვის ინტენსიური შეზღუდვის - აკრძალვის შესაძლებლობას მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე დაყრდნობით, დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანისა და უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობის გარეშე, რაც ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს გაფიცვის 30 დღით გადადების მექანიზმს, რომელიც გამოიყენა კიდეც სასამართლომ მათ წინააღმდეგ. თავის მხრივ, გაფიცვის 30 დღით გადადება, გაფიცვის უვადოდ აკრძალვასთან შედარებით, უფლებაში ნაკლები ინტენსივობით ჩარევას წარმოადგენს. ამ ფონზე, როდესაც არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, მოსარჩელისათვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ზოგადი საპროცესო ნორმების საფუძველზე, ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლების გაფართოება და მისი გამოყენება სამუშაო საათებში გაფიცვის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვისათვის.
12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლს და განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ გაფიცვის უვადოდ აკრძალვის შესახებ განჩინება სასამართლომ მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, რისთვისაც აუცილებელია ზეპირი მოსმენის გამართვა. ამასთანავე, გაფიცვის გადადებით და აკრძალვით ხდება პირის უფლებაში ინტენსიური ჩარევა, რაც დამატებით მიუთითებს, სასამართლოს მხრიდან, საკითხის სკრუპულოზურად შესწავლისა და ზეპირი მოსმენის ფორმატში მხარეთა პოზიციების სრულყოფილად გამოკვლევის საჭიროებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, გაფიცვის უვადოდ აკრძალვის გამოყენების შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის მოპასუხე მხარისათვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
13. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე გაფიცვის უფლების აკრძალვა გაუმართლებელია, ვინაიდან იგი ვერ პასუხობს უფლების შეზღუდვის ფორმალური და მატერიალური კონსტიტუციურობის კრიტერიუმებს.
14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებსა და იურიდიულ დოქტრინაზე.
15. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ გაფიცვის უფლება შესაძლებელია, შეეზღუდოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში დასაქმებულ პირებს, რომელშიც მოიაზრება, მათ შორის, სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე პირები. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მეტროს უსაფრთხო ფუნქციონირება წარმოუდგენელია მატარებლის მემანქანის გარეშე. სწორედ ამიტომ, მეტროპოლიტენის მემანქანეები, მოპასუხე მხარის პოზიციით, უდავოდ უნდა იქნენ მიჩნეულნი პირთა იმ კატეგორიად, რომლებიც ახორციელებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას.
16. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ პროფესიულ კავშირში გაერთიანებულია მეტროს მემანქანეების 90 პროცენტი. იმის გათვალისწინებით, რომ მემანქანეების დარჩენილი 10 პროცენტი ვერ უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის მინიმალური მომსახურების მიწოდებას, მათთვის გაფიცვის უფლების აკრძალვა პრაქტიკული საჭიროებით იყო განპირობებული. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე შეუძლებელი იქნებოდა გაფიცული პირების სხვა მემანქანეთა ჩანაცვლების გზით, ვინაიდან აუცილებლია, რომ აღნიშნულ პირებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობასთან ერთად, გავლილი ჰქონდეთ შესაბამისი მოსამზადებელი კურსი, რომელიც ხანგრძლივ პერიოდთან არის დაკავშირებული.
17. მოპასუხე მხარის განმარტებით, სახელმწიფოს აქვს მიხედულების ფარგლები, საჭიროებიდან გამომდინარე შეაფასოს, რამდენად განეკუთვნება კონკრეტული სატრანსპორტო სახეობის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტრო არ არის ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, მისი გაჩერება გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. კერძოდ, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მეტრო დღეში, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ადამიანს ემსახურება, რაც დედაქალის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენს. მეტროს გაჩერების შემთხვევაში, მგზავრთა აღნიშნული ნაკადი ისარგებლებს მიწისზედა ტრანსპორტით, საჭირო გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა და, ამავდროულად, გაიზრდება გზებზე მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რაც, მოპასუხე მხარის პოზიციით, გარდაუვლად გამოიწვევს დედაქალაქის ისედაც გადატვირთული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კოლაფსს და საფრთხეს შეუქმნის, მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების გადაადგილებას. ამდენად, მეტროს გაჩერებით შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას საზოგადოების უსაფრთხოებას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გაფიცვის უფლების შეზღუდვა აუცილებელი იყო მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისა და დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ გაფიცვის უფლება არ იზღუდება მაღალი ინტენსივობით, ვინაიდან გაფიცვის კანონიერების შესახებ სამართალწარმოების მიმდინარეობა შეზღუდულ ვადებთან არის დაკავშირებული და სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთი თვის ვადაში.
19. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა მიზნად ისახავს სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილებას. ასევე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების არსიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოპასუხე მხარემ არ შეიტყოს მის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რათა საფრთხე არ შეექმნას მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულებას. ამდენად, მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულებასაც.
20. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოპასუხე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს, სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას არსებითად განსხვავებული შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით
1.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს გაფიცვის უფლების გარანტირებას, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დასაქმებულისათვის სათანადო შრომის პირობების შექმნის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას გაფიცვის უფლებით ეფექტიანად სარგებლობისთვის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები.
3. საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგში, გაფიცვის უფლება, როგორც შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მექანიზმი, მჭიდრო კავშირშია შრომის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობასთან, მაშასადამე, პიროვნების ღირსეულ ყოფასთან. ზოგადად, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზანია უსამართლო შრომითი პირობების დადგენით, დასაქმებულის ექსპლუატაციის გამორიცხვა. „როგორც წესი, შრომის თავისუფლებით სარგებლობა ასოცირდება და უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა დაუშვებელია, შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული. შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებით მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითარების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).
4. მართალია, როგორც წესი, შრომითი ურთიერთობა რეალიზდება ორ სამართლებრივად თანასწორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მასვე ახასიათებს ასიმეტრიული, დაქვემდებარებული ხასიათი. „შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები მოქმედებენ საკუთარი ნების შესაბამისად, თუმცა აშკარაა, რომ დამსაქმებელს უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლება და შრომითი ხელშეკრულების პირობებზე ზეგავლენის მოხდენის მეტი შესაძლებლობა გააჩნია, დასაქმებულთან შედარებით. ამდენად, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სახელშეკრულებო თავისუფლების პარალელურად, აუცილებელია, დასაქმებულის ინტერესების გარანტირების მიზნით, გარკვეული იმპერატიული ნორმების დადგენა, რომელიც დასაქმებულებს დაიცავს დამსაქმებლის თვითნებობისაგან და გამორიცხავს დასაქმებულის იძულების შესაძლებლობას, იმუშაოს საკუთარ ღირსებასა და შრომის თავისუფლებასთან არათავსებად პირობებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32, 33).
5. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების დაცვა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული აკრძალვების დაწესებას, არამედ, აგრეთვე, დასაქმებულთა კერძო ინიციატივას, რომელიც შესაძლებელია, უფრო ეფექტიანი და სამართლიანი მექანიზმი იყოს საკანონმდებლო აკრძალვების დაწესებასთან შედარებით და მეტად თავსებადი კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს ინტერვენციის მინიმალიზაციის პრინციპთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47). მაშასადამე, მნიშვნელოვანია, დასაქმებულები აღჭურვილი იყვნენ ისეთი ბერკეტებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი ინიციატივით და შესაძლებლობებით დაიცვან, გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები და აკონტროლონ მათი შესრულება.
6. შრომითი უფლების დაცვის ფუნდამენტურ ელემენტსა და დასაქმებულზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტს გაფიცვის უფლება წარმოადგენს. დასაქმებულთა პროფესიული, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს გაფიცვის უფლებას, რაც გულისხმობს დასაქმებულთა შესაძლებლობას, დასახული საერთო მიზნის მიღწევამდე, უარი განაცხადონ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. თავისთავად, ორდინალურ შემთხვევებში, შრომითი ურთიერთობის შეჩერება ან რაიმე ფორმით შეფერხება, არსებითად, დაზიანება არ შედის მისი (შრომითი ურთიერთობის) არც ერთი მხარის ინტერესში, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, გაფიცვის საპირწონედ მნიშვნელოვანი ინტერესები დგას, რომელთა შორისაა, სამეწარმეო საქმიანობა, საკუთრების უფლება, შრომის უფლება, საზოგადოების, ინდივიდის უსაფრთხოება, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა. მიუხედავად ამისა, როდესაც დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული დასაქმებულის არსებითი შრომითი პირობების ამა თუ იმ ფორმით გაუმჯობესება და მხარეთა შორის შეთანხმება შეუძლებელი ხდება, დასაქმებული საკუთარი ინტერესების დეკლარირებას სამუშაოს შესრულების შეწყვეტის გზით აღწევს. ამდენად, შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავის, უთანხმოების პირობებში, გაფიცვის უფლების ეფექტიანობა, კოლექტიური პროტესტის გამოცხადებაში, კოლექტიურ წინააღმდეგობაში ვლინდება, რა დროსაც ინდივიდუალური ძალისხმევა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით ერთიანდება და ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა. სწორედ სამუშაო პროცესის შესაძლო შეჩერება და აღნიშნული ქმედებით გამოწვეული პოტენციური ზიანი არის ზემოქმედების ის მექანიზმი, რომელიც უბიძგებს დამსაქმებელს, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები დასაქმებულთა მოთხოვნების/ინტერესების დასაკმაყოფილებლად, შეთანხმების მისაღწევად.
7. ბუნებრივია, გაფიცვის უფლებით სარგებლობისას, დასაქმებულის თავისთავადი მისწრაფება, ძირითადი მიზანი ვერ იქნება სამუშაო პროცესის ხელშეშლა, არამედ აღნიშნული უფლების გამოყენების საზრისი დამსაქმებელთან, რომელიც, როგორც აღინიშნა, ჩვეულებრივ, შრომითი ურთიერთობის ძლიერი მხარეა, შეთანხმება და შრომითი უფლებების დაცვაა. ამდენად, გაფიცვის უფლება წარმოადგენს დასაქმებულის გარანტიას, როგორც კოლექტიურად, სხვა დასაქმებულებთან ერთად, აგრეთვე, ინსტიტუციურად, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაწევრიანების მეშვეობით დაიცვას საკუთარი უფლებები/ინტერესები და გამოიყენოს სამუშაო პროცესის შეწყვეტის მექანიზმი, როგორც უფლებების დაცვის ყველაზე რადიკალური, უკანასკნელი საშუალება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების დროებითი უარყოფა, დასაქმებულისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ ინსტრუმენტულ შესაძლებლობად უნდა იქნეს განხილული.
8. ცალსახაა, რომ გაფიცვის უფლება დასაქმებულის ხელში ვერ იქნება დამსაქმებელზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი, თუ აღნიშნულ პროცესში, ერთი მხრივ, არ იარსებებს დამსაქმებლის ინტერესების რეალური საფრთხის წინაშე დაყენების შესაძლებლობა, რაც აიძულებს მას, დასაქმებულის ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, წავიდეს გარკვეულ დათმობებსა თუ მოლაპარაკებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, დასაქმებული გაფიცვის უფლებით სარგებლობის პროცესში არ იქნება აღჭურვილი სათანადო გარანტიებით. შესაბამისად, გაფიცვის უფლებისა და ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობისთვის მთელი რიგი გარანტიების დადგენა ხელს უწყობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძალაუფლებრივი დისბალანსის გაწონასწორებას, დასაქმებულის შესაძლებლობას, დამსაქმებელთან პოზიციების, ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკების შესაძლებლობის გაძლიერებით, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს საკუთარი შრომის პირობების დადგენის/გაუმჯობესების პროცესზე.
9. სწორედ ამიტომ, გაფიცვის უფლების ინსტრუმენტული ბუნების, მისი მნიშვნელობისა და დანიშნულების გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს იმგვარი ნორმატიული სივრცის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა მხრიდან, გაფიცვის უფლებით, მისი რეალური არსისა და დანიშნულების გათვალისწინებით სარგებლობას.
1.2. სადავო ნორმის შინაარსის, უფლების შეზღუდვისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
10. №1462 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სასამართლოს მიმართოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებიდან გამომდინარე სათანადო დასაბუთების სტანდარტს, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანის საფუძვლებსა და წესს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები განსაზღვრულია ამავე კოდექსის 198-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, შეიძლება იყოს მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
11. გაფიცვის უფლების მატერიალურსამართლებრივ რეგულირებას ახდენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მისი შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლები წარმოადგენს. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფორმით, ითვალისწინებს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ გაფიცვის უფლებით სარგებლობის მასშტაბი, თუ როდის და რა ფარგლებში შეუძლიათ მემანქანეებს გაფიცვის უფლებით სარგებლობა, ასევე სახელმწიფოს მიერ გასატარებელი უფლებაშემზღუდველი ღონისძიებების დასაშვებობა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გაფიცვის უფლების აკრძალვის გამოყენების მარეგულირებელი პროცესულური ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/522 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
13. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 18 მაისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაფიცვის უკანონობის თაობაზე სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მოითხოვა სამუშაო საათების განმავლობაში მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების აკრძალვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლებზე დაყრდნობით, მეტროპოლიტენის მემანქანეებს სამუშაო საათებში (თავიანთ ცვლებში) აუკრძალა გაფიცვის უფლება. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ გაიზიარა საერთო სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გაფიცვის უფლების შეზღუდვა გამართლებულია მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან ასაცილებლად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი განსაზღვრავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს. უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გამოუსწორებელი ზიანის ან ისეთი ზიანის პრევენციისთვის, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლო მიუთითებს, რომ მეტროპოლიტენის სრული გაჩერება გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს და საფრთხეს შეუქმნის დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, შეუქცევადი ზიანის დადგომის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მეტროს ფუნქციონირების შენარჩუნება. შესაბამისად, საერთო სასამართლოს განმარტებიდან იკვეთება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება მეტროპოლიტენის მემანქანეების შესაძლო უკანონო გაფიცვით გამოწვეული ზიანის პრევენციისთვის.
15. საერთო სასამართლომ სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების აკრძალვის ალტერნატივად, მეტროპოლიტენის მემანქანეებს გაფიცვით სარგებლობის შესაძლებლობა მიანიჭა არასამუშაო საათებში. როგორც უკვე აღინიშნა, გაფიცვის არსი მდგომარეობს დასაქმებულის უფლებაში, დროებით, დამსაქმებელზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. შესაბამისად, უდავოა, რომ გაფიცვა, როგორც აქტი, მიმართულია სამუშაო პროცესისკენ და რეალიზდება სწორედ სამუშაო საათებში, მისი (სამუშაო პროცესის) დროებით შეფერხებით. არასამუშაო დროს შრომითი ურთიერთობიდან მომდინარე ვალდებულებები ისედაც არ არსებობს და მათ შესრულებაზე უარის გაცხადება ვერანაირ ნეგატიურ შედეგს ვერ მოახდენს, გავლენას ვერ იქონიებს დამსაქმებელზე. შესაბამისად, არასამუშაო საათებში დასაქმებულის მხრიდან, პროტესტის აღნიშნული ფორმით განხორციელება მთლიანად თავსდება აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებათა ფარგლებში და ვერ ჩაითვლება გაფიცვის უფლების განხორციელების რაიმე ფორმად, რომელსაც ჩვეულებრივ, დამსაქმებელზე გავლენის მოხდენის გაცილებით დიდი პოტენციალი სწორედ იმიტომ გააჩნია, რომ პროტესტის გამოხატვასთან ერთად, შრომითი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტასაც გულისხმობს. ამდენად, ცალსახაა, რომ არასამუშაო საათებში სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა არ წარმოადგენს კონსტიტუციით დადგენილი გაფიცვის უფლების რეალიზებას, ხოლო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დასაქმებულს უკრძალავს, უარი თქვას სამუშაოს შესრულებაზე, გაიფიცოს სამუშაო საათებში, უდავოდ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.
1.3. შეფასების ტესტი
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გაფიცვის უფლება, მისი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის და, შესაბამისად, ექვემდებარება შეზღუდვას დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ წესრიგს, რომელშიც დასაქმებულის ინტერესი დამსაქმებლისა და საჯარო ინტერესებთან მიმართებით, აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს. ხშირად, გაფიცვის უფლებით სარგებლობისას, სამუშაოს შეწყვეტიდან მომდინარე ზიანი არამარტო დამსაქმებლის, არამედ მესამე პირების ინტერესებზეც აისახება და, ამდენად, გარდაუვალი ხდება აღნიშნული უფლების რეგულირება, რათა მომეტებულად არ დაზიანდეს დასაქმებულთა საპირწონედ არსებული ინტერესები. შესაბამისად, გაფიცვის უფლების რეგულირება მიზნად უნდა ისახავდეს, ერთი მხრივ, შრომითი უფლების, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებული საჯარო ინტერესების სამართლიან დაბალანსებას.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამდენად, კანონმდებელი ვალდებულია, თითოეული უფლებაშემზღუდველი აქტის მიღებისას, დაიცვას კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები.
18. №1462 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით შემოწმებას მოითხოვს როგორც ფორმალური, აგრეთვე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, რა ფორმალურ მოთხოვნებს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი გაფიცვის უფლების შეზღუდვისთვის და რამდენად პასუხობს სადავო ნორმები აღნიშნულ მოთხოვნებს.
1.4. სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებთან
19. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ გაფიცვის უფლება შეიზღუდოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო შემთხვევაში, გაფიცვის უფლება შეიზღუდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით, რომლებიც, თავის მხრივ, განეკუთვნება არა ორგანულ, არამედ ორდინალურ კანონს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებს.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“.
21. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მოწესრიგების, შეზღუდვის სპეციალურ ფორმად ორგანული კანონის/კანონის განსაზღვრისას განსხვავებულ ფორმულირებას იყენებს. კონსტიტუციის ტექსტიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფორმულირებებს შესაძლებელია, სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ და თითოეულ ძირითად უფლებასთან და თავისუფლებასთან მიმართებით, ინდივიდუალურად განსაზღვროს ორგანული კანონით ან კანონით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრე და მასშტაბი. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლომ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამგვარი მითითება, მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლებას აძლევს ლეგიტიმაციას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადისა და მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ძირითადი პარამეტრების განსაზღვრის შესახებ და გამორიცხავს კანონმდებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირებასაც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-36). აღნიშნულისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტამდე მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 50-ე მუხლი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესისა და პირობების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრის მოთხოვნას ადგენდა, აკეთებდა ზოგად მითითებას პარლამენტის წევრის არჩევის წესის ორგანული კანონით განსაზღვრასთან დაკავშირებით და მის მიზანს არ წარმოადგენდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, ფორმალური საკითხების მხოლოდ ორგანული კანონით მოწესრიგება. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუცია, ყოველ ინდივიდუალურ უფლებასა და თავისუფლებასთან მიმართებით, დამოუკიდებლად ადგენს ორგანული კანონით/კანონით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრესა და მასშტაბს.
22. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, რა ფორმალურ მოთხოვნებს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება გაფიცვის უფლების შეზღუდვისას. ამასთან, მოცემული დავის ფარგლებში, შესაფასებელი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი არ არის ამომწურავად გასცეს პასუხი ზემოაღნიშნულ საკითხს, არამედ მან უნდა შეაფასოს სადავო ნორმის საფუძველზე გამოყენებული ღონისძიების საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებთან თავსებადობა.
23. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია და მისი განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. ცალსახაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი სახელდებით მოითხოვს, ავალდებულებს კანონმდებელს, სწორედ ორგანული კანონის საფუძველზე მოხდეს გაფიცვის უფლების რეალიზების სამართლებრივი ჩარჩოს დადგენა, მოწესრიგდეს, თუ რა პირობებისა და წესის დაცვით უნდა განხორციელდეს აღნიშნული უფლება. კერძოდ, ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, თუ როდის წარმოიშობა გაფიცვის უფლება და რა პირობების დაცვით უნდა მოხდეს მისი განხორციელება, ვინ არიან აღნიშნული უფლების სუბიექტები და როგორია მათ მიერ ამ უფლებით სარგებლობის ფარგლები.
24. საერთო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ XII თავით მოწესრიგებული იყო გაფიცვის უფლების განხორციელების პირობები და წესი. აღნიშნული ორგანული კანონი განსაზღვრავდა, თუ როდის წარმოიშობოდა გაფიცვის უფლება, ვინ და რა მოცულობით სარგებლობდა ამ უფლებით. იგი ადგენდა გაფიცვის უფლების გადადების, შეჩერებისა და უკანონოდ ცნობის საფუძვლებს და განსაზღვრავდა ამისათვის უფლებამოსილ ორგანოს. ასევე, ადგენდა გაფიცვის უფლებით სარგებლობის პროცესში დასაქმებულის გარანტიებს. ამდენად, საქართველოს შრომის კოდექსის XII თავი აწესრიგებდა გაფიცვის უფლების განხორციელების წესსა და ფარგლებს, მათ შორის, მისი შეზღუდვის, პირობებს.
25. მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლომ გაფიცვის უფლების შეზღუდვისთვის გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გაფიცვის კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მეტროპოლიტენის მემანქანეებს აუკრძალა აღნიშნული უფლებით სარგებლობა. სადავო ღონისძიების კონსტიტუციის ფორმალურ კრიტერიუმებთან თავსებადობის დადგენა, პირველ რიგში, მოითხოვს გამოყენებული სადავო ღონისძიების არსის ანალიზს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია, იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6), ხოლო, მეორე მხრივ - გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილება. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიან სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
26. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილია გაფიცვის უფლების ორგანული კანონით განსაზღვრულ ფარგლებში აღსრულების მექანიზმი და არა თავად მისი (გაფიცვის) განხორციელების წესი. საერთო სასამართლო, სადავო ნორმების საფუძველზე, უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის შესრულებას, რომელიც ორგანული კანონით უკვე დადგენილია. კერძოდ, 2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი რიგი დასაქმებულებისთვის გამორიცხავდა გაფიცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამდენად, ის ფაქტი, რომ რიგი სამსახურების სამუშაო პროცესის შეჩერება დაუშვებელი იყო, გამომდინარეობდა თავად ორგანული კანონიდან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმების საფუძველზე არ მომხდარა გაფიცვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი წესის ან პირობის შემოღება, რასაც არ ითვალისწინებდა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, არამედ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება მიზნად ისახავდა გაფიცვის უფლების ორგანული კანონით დადგენილი წესითა და პირობებით განხორციელების უზრუნველყოფას.
27. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, გაფიცვის უფლება არ შეზღუდულა კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგო ფორმით და, ამდენად, არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების ფორმალური მოთხოვნა. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ფორმის გამოყენებით, კრძალავს გაფიცვის უფლებას, ფორმალური თვალსაზრით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნებს.
1.5. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მატერიალური მოთხოვნები − უფლების შეზღუდვის გამართლება
28. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო რეგულაციით იზღუდება გაფიცვის უფლება (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-15 პუნქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს დადგენილი შეზღუდვის საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობა მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით.
29. საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ განსახილველ საქმეში იგი აფასებს არა მეტროპოლიტენის მემანქანეებისათვის გაფიცვის უფლებით სარგებლობის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის კონსტიტუციურობის საკითხს, არამედ უზრუნველყოფის საპროცესო წესის ფორმით, გაფიცვის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას. მოცემული დავის პირობებში, სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, უკანონო გაფიცვის აკრძალვის კონსტიტუციურობის შეფასება, მაშინ, როდესაც საერთო სასამართლო კონკრეტული სამართალწარმოების პირობებში წყვეტს გაფიცვის კანონიერების საკითხს. ზოგადად, უდავოა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გაფიცვის უფლება, მათ შორის, ვრცელდება მეტროპოლიტენის მემანქანეებზე და სახელმწიფოს უდგენს იმგვარი ნორმატიული წესრიგის გარანტირების ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი მხრიდან, გაფიცვის რეალური არსისა და დანიშნულების გათვალისწინებით სარგებლობის შესაძლებლობას. ისევე, როგორც არ გამოირიცხება ამ უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა, რაც, შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, დაექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ კონტროლს. თუმცა, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდება იმ მატერიალური კანონმდებლობის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებში, რომელიც კონკრეტული სამსახურებისთვის გაფიცვის უფლებას აწესრიგებს, ადგენს გაფიცვის უფლებით სარგებლობის წესსა და ფარგლებს.
30. როგორც აღინიშნა, გაფიცვის უფლების შეზღუდვა აუცილებელია, შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, უწინარეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა და რამდენად აკმაყოფილებს იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
1.5.1. ლეგიტიმური მიზანი
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, პირველ რიგში, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, უპირველესად, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გაფიცვის უფლების აკრძალვა.
32. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს/მიზნებს. უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გამოუსწორებელი ზიანის ან ისეთი ზიანის პრევენციისთვის, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიებას სწორედ აღნიშნული საფუძვლით იყენებს. სასამართლოს განმარტებიდან იკვეთება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება მეტროპოლიტენის მემანქანეების შესაძლო უკანონო გაფიცვით გამოწვეული ზიანის პრევენციისთვის. ზოგადად, უდავოა, რომ დასაქმებულების მიერ გაფიცვის უფლებით სარგებლობა, სამუშაო პროცესის შეწყვეტიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, ზიანს აყენებს როგორც დამსაქმებლის, ისე მესამე პირთა ინტერესებს და ნეგატიურ გავლენას ახდენს მათი უფლებების განხორციელებაზე. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის უფლების აკრძალვა (გაფიცვის კანონიერების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე), სადავო ღონისძიების ფარგლებში, უკავშირდება მის (გაფიცვის) სავარაუდო უკანონო ხასიათს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მოითხოვს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს მხრიდან, ეფუძნებოდეს ვარაუდს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოირიცხება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენება ხდება მეტროპილიტენის მემანქანეების შესაძლო უკანონო გაფიცვის ასაკრძალავად და მისგან (უკანონო გაფიცვიდან) მომდინარე ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.
33. №1462 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან არიდება, რაც, მისი განმარტებით, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და არსებით გავლენას ახდენს მესამე პირთა ინტერესებზე. კერძოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის უფლებით სარგებლობა, ფაქტობრივად, იწვევს მეტროს სრულ პარალიზებას. მეტროს შეჩერების შემთხვევაში, ქალაქში გაიზრდება კერძო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, აგრეთვე, პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საჭირო გახდება მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული კი, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და ხელს შეუშლის როგორც პირთა ჩვეულ რეჟიმში, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების (სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო უსაფრთხოების, სამაშველო და სხვა სამსახურების) ოპერატიულად გადაადგილებას.
34. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ზღუდავს სხვა, მესამე პირთა გადაადგილების თავისუფლებას, ნეგატიურად აისახება მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, ართულებს ხელმისაწვდომობას სასწავლო თუ სამუშაო ადგილებთან, საავადმყოფოებთან და ა. შ., იმავდროულად, ფერხდება ისეთი სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად განხორციელება, რომელთა დანიშნულება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზრუნვაა (სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო სამსახური), სადაც დროული დახმარების გაწევა გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობის მქონეა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). უდავოა, რომ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, იმ სერვისების ეფექტიანი ხელმისაწვდომობა, რომელიც დაკავშირებულია პირთა უსაფრთხოებასთან, სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, წარმოადგენს მნიშვნელოვან სიკეთეებს, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.
35. ამდენად, საჯარო სერვისის, კერძოდ კი, მეტროს შეუფერხებელი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მესამე პირთა, საზოგადოების ინტერესების დაცვასთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან არიდება, რათა ხელი არ შეეშალოს პირთა თავისუფალ გადაადგილებას, მათ დროულ წვდომას გადაუდებელ სამედიცინო თუ სხვა ტიპის სერვისებზე, წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, რომელთა საპირწონედაც, დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაფიცვის უფლების შეზღუდვა.
1.5.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის №3/6/813 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
37. სადავო ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შემზღუდველი ღონისძიება წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, სადავო ნორმებით დადგენილი წესი რამდენად უზრუნველყოფს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან არიდებას და, იმავდროულად, ხომ არ არის შესაძლებელი, აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა გაფიცვის უფლების ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებით.
38. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეტროპოლიტენი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს დედაქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოპასუხე მხარის განმარტებით, აგრეთვე მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საერთო სასამართლოთა მიერ დადგენილი გარემოებების მიხედვით, მეტრო ყოველდღიურად დაახლოებით 400 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ მეტროს გაჩერების შემთხვევაში, მგზავრთა აღნიშნული ნაკადის ნაწილი ისარგებლებს მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებით, საჭირო გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებითი რაოდენობის მობილიზება და, ამავდროულად, გაიზრდება გზებზე მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. ობიექტურად მოსალოდნელია, რომ ხსენებულმა გამოიწვიოს დედაქალაქის ისედაც გადატვირთული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უფრო მეტად გადატვირთვა და მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარუნარიანობის შემცირება, რაც არსებითად გაზრდის ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში გადაადგილების დროს და, პირდაპირ, ნეგატიურ გავლენას იქონიებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ ხელმისაწვდომობას სასწავლო თუ სამუშაო ადგილებზე, საავადმყოფოებზე და ა. შ. ამავდროულად, ხელი შეეშლება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამსახურების ოპერატიულ, დროულ გადაადგილებას და საფრთხის ქვეშ დადგება პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების დაცვის საკითხი.
39. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, მეტროს მემანქანეებს სრულად აეკრძალათ სამუშაო საათებში, სავარაუდოდ, უკანონო გაფიცვა. ცალსახაა, რომ ამგვარი რეგულირებით, ხდება მიწისქვეშა სატრანსპორტო საშუალების ორდინალურად ფუნქციონირების შენარჩუნება და, შესაბამისად, იმ პირდაპირი ნეგატიური შედეგების თავიდან არიდება, რაც მის შეფერხებას სდევს თან. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
40. როგორც აღინიშნა, გამოსადეგობის კრიტერიუმთან ერთად, აუცილებელია, რომ სადავო რეგულირება აკმაყოფილებდეს აუცილებლობის კრიტერიუმის მოთხოვნებს. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ვერ პასუხობს დასახელებული კრიტერიუმის მოთხოვნებს. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციისთვის, საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს გაფიცვის 30 დღით გადადების შესაძლებლობას. აღნიშნული მექანიზმის მიღმა, მოსარჩელე მხარეს აუცილებლად არ მიაჩნია გაფიცვის უფლების შეზღუდვა.
41. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება სამართალწარმოების დასრულებამდე, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციას, სასამართლოს მიერ, გაფიცვის კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ხოლო, დროებითი შეზღუდვა, მათ შორის, გაფიცვის გარკვეული ვადით გადადების შესაძლებლობა, იმავე ეფექტიანობით ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორც ეს არსებული საშუალებით, გაფიცვის უფლების სრულად, სამართალწარმოების დასრულებამდე აკრძალვით მიიღწევა. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება უფლების ნაკლებად მზღუდავი ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან არიდებას, ვიდრე იგი მიიღწევა მეტროს მემანქანეებისთვის, გაფიცვის უფლების კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო რეგულირება, გამოსადეგობასთან ერთად, ასევე აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმსაც.
1.5.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
42. ვინაიდან სადავო ნორმები აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). განსახილველ საქმეზე ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, დასაქმებულთა გაფიცვის უფლებით სარგებლობისა და, მეორე მხრივ, შესაძლო უკანონო გაფიცვის შედეგად გამოწვეული ზიანის თავიდან არიდების ლეგიტიმური ინტერესები.
43. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული დავის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, უკანონო გაფიცვის აკრძალვის კონსტიტუციურობას, მაშინ, როდესაც საერთო სასამართლო კონკრეტული სამართალწარმოების პირობებში წყვეტს გაფიცვის კანონიერების საკითხს. მოცემულ საქმეში, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გაფიცვის აკრძალვის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო სასამართლო ვარაუდობს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზეა უკანონო გაფიცვა. საკონსტიტუციო სასამართლო არ აფასებს და მისი შეფასების საგანი ვერ გახდება, რამდენად სწორად მოხდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, არსებობდა თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის უკანონოდ ცნობის ის მატერიალური წინაპირობები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოიყენა საერთო სასამართლომ სადავო ღონისძიება. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმეზე არსებული ფაქტებისა და გარემოებების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შეფასება მხოლოდ საერთო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც საერთო სასამართლოები იყენებენ მას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საერთო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გაფიცვის უფლების აკრძალვის კონსტიტუციურობა, როდესაც იგი გაფიცვის კანონიერების საკითხს განიხილავს.
44. სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის პროპორციულობის შეფასების მიზნით, პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს კანონით დადგენილი წინაპირობები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, სამოქალაქოსამართლებრივი საქმის განმხილველი მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
46. აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენება ყოველთვის ხდება კონკრეტული სამართალწარმოების ფარგლებში და უზრუნველყოფს მატერიალური კანონმდებლობით გაწერილი პირობების რეალურ აღსრულებას, მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ამდენად, ერთი მხრივ, თუ არ არსებობს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი, კანონით დაცული ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, მოსამართლის ვარაუდი, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება, გამოირიცხება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაც.
47. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კონსტიტუციურობის შეფასებისას, არსებითია ის სტანდარტი, რომელიც საფუძვლად ედება აღნიშნულ ღონისძიებას. კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად აუცილებელია უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიება სარჩელის უზრუნველსაყოფად და ხომ არ იწვევს მისი გამოყენება მხარეთა შორის ინტერესთა სამართლიანი ბალანსის დარღვევას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს. კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია, შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის №ას-1130-2023 გადაწყვეტილება). ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უფლების შეზღუდვა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვით. სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის №ას-198-2024 გადაწყვეტილება). შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს, რა ზიანი ადგება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და ღონისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუ დაცული ინტერესი აღემატება უფლების შეზღუდვის შედეგად დამდგარ ზიანს (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის №ას-1215-2019 გადაწყვეტილება).
48. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლო (2018 წლის 18 მაისის №2453275-18 განჩინება) განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი, მისი გამოყენება მხოლოდ მხარეთა უფლებებისა და ინტერესების გონივრული დაბალანსების გზით უნდა მოხდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ უზურნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაბალანსებულ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა გაფიცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სხვათა ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეთა საქმეში შეაფასა გაფიცვის უფლების მნიშვნელობა და მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვით გამოწვეული ზიანი. სასამართლომ, მეტროპოლიტენის ფუნქციონირების შეჩერებით გამოწვეული ზიანის მხედველობაში მიღებით, კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ სხვათა უფლებების შეუქცევადი დარღვევის თავიდან აცილების ინტერესი გადაწონიდა მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ გაფიცვის უფლებით სარგებლობის მნიშვნელობას.
49. ამდენად, საერთო სასამართლოთა პრაქტიკით დგინდება, რომ სასამართლოებმა კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა შეაფასონ, რა ზიანი ადგება მოწინააღმდეგე მხარესა და საჯარო ინტერესებს და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხარეთა ინტერესების აწონ-დაწონისა და იმ კერძო და საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, რომლებიც შესაძლოა დააზიანოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ. შესაბამისად, უზრუნველყოფის ინსტიტუტი ქმნის მატერიალური კანონმდებლობით დაცული ინტერესის პროცესუალური დაცვის გარანტიას, რომლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო აფასებს, როგორც მისი გამოყენების აუცილებლობას, ისე პროპორციულობასა და სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივას.
50. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, საერთო სასამართლოს მხრიდან გაფიცვის უფლების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, შეზღუდვის წინაპირობა ხდება ვარაუდი, რომ სახეზეა უკანონო გაფიცვა. ზოგადად, უდავოა, რომ რიგი დასაქმებულების მიერ გაფიცვის უფლებით სარგებლობა, სამუშაო პროცესის შეწყვეტიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, არა,მარტო დამსაქმებელს აყენებს ზიანს, არამედ გარდაუვლად აისახება მესამე პირთა ინტერესებზეც და ნეგატიურ გავლენას ახდენს მათი უფლებების განხორციელებაზე. კონკრეტული სამსახურის ფუნქციონირების შეწყვეტიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შემოიღოს რიგი უფლებამზღუდველი რეგულაციები მესამე პირთა უფლებების შეუქცევადი დაზიანების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, გარკვეული დროით გადადოს გაფიცვის უფლება, დააწესოს მინიმალური სერვისის მიწოდების ვალდებულება და ა. შ.). ბუნებრივია, სახელმწიფოს მომეტებული ინტერესი აქვს ისეთი სამსახურების ეფექტიანად და შეუფერხებლად ფუნქციონირების მიმართ, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პირთა სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან და რომელთა სამუშაო პროცესის სრულად შეწყვეტა, აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის ზემოაღნიშნულ სიკეთეებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, იმ სამსახურებთან მიმართებით, რომელთა როლი, პირდაპირი გავლენა ნაკლებია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, შესაბამისად, გაფიცვის შედეგები ნაკლები ზიანის მომტანია, ბუნებრივად იკლებს გაფიცვის უფლების რეალიზების საზოგადოებაზე ზემოქმედების მოტივით შეზღუდვის ინტერესიც. ამასთანავე, ნებისმიერი ფორმის გაფიცვა per se ვერ იქნება გარანტირებული, დაცული ან აღმატებული სხვა საპირწონე ინტერესებზე. შესაბამისად, კონკრეტული სამსახურის ფუნქციონირების არსებითი მნიშვნელობის მხედველობაში მიღებით, გაფიცვის უფლებით სარგებლობის მასშტაბი შესაძლებელია, განსახვავებული იყოს სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულ პირებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუცია არც იმას გამორიცხავს, რომ ამა თუ იმ პირებს სრულად შეეზღუდოთ გაფიცვის უფლებით სარგებლობა. თუმცა ის, თუ რა კატეგორიის სამუშაოს ასრულებენ მეტროს მემანქანეები, როგორია მათი გაფიცვის უფლების ფარგლები და მასშტაბი, არ წარმოადგენს, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას. აღნიშნული საკითხის მატერიალური საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსით და შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, შეფასდეს დამოუკიდებლად.
51. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანი იყო გაფიცვის უფლების ორგანული კანონით დადგენილი წესითა და პირობებით განხორციელების უზრუნველყოფა. კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავდა 2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის რედაქციის 51-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგების აღსრულებას, რომელიც ადგენდა გაფიცვის უკანონოდ ცნობის საფუძვლებს. საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული იყო მატერიალური კანონის მიზნებისთვის, შესაძლო აკრძალული გაფიცვის თანმდევი შედეგების, ზიანის დაზღვევისკენ. იმავდროულად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, უზრუნველყოფის საპროცესო წესრიგი მოსამართლეს ავალდებულებდა, ეხელმძღვანელა აუცილებლობის მოთხოვნით, შეეფასებინა უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეყენებინა იგი, თუ ივარაუდებდა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და დაცული ინტერესი აღემატებოდა უფლების შეზღუდვის შედეგად დამდგარ ზიანს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არ ხდება გაფიცვის უფლების დროებით აკრძალვა, ვინაიდან სადავო ნორმები მოსამართლეს ავალდებულებს, უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, გაფიცვის უფლება შეზღუდოს აუცილებლობისა და მხარეთა შორის შეპირისპირებული ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, გაფიცვის კანონიერების საკითხის გადაწვეტამდე, უზრუნველყოფის ღონისძიების ფორმით მის აკრძალვს, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით
52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი ადგენს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადების მოპასუხისთვის შეუტყობინებლად გადაწყვეტის წესს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესი, მის მიმართ არღვევს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას. იმავდროულად, იგი სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით.
53. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადების თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სადავო ნორმის რეგულირების სფერო შემოიფარგლება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის ფორმის განსაზღვრით და იგი არ ადგენს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელ განხორციელებასთან ან მათ თვითორგანიზებასთან დაკავშირებულ რაიმე შემზღუდველ წესს. ამდენად, სადავო ნორმით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებაში და, შესაბამისად, №1462 სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით.
54. საკონსტიტუციო სასამართლო შეამოწმებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებასთან მიმართებით. მოცემული დავის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული უფლების ფარგლები და დაადგინოს, ხდება თუ არა აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. შეზღუდვის დადასტურების შემთხვევაში კი, შეაფასოს შეზღუდვის შესაბამისობა კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
2.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფერო
55. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
58. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
59. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით.“ აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი, როგორიც არის დაცვის უფლება. დაცვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროზე, არამედ, ასევე, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56).
60. ამდენად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული დაცვის უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელებას.
2.2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობის და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლით მოწესრიგებულია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის წესი. გასაჩივრებული დებულება მიუთითებს, რომ განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. ნორმის ამგვარი ფორმულირება expressis verbis გამორიცხავს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვას მოპასუხის მოწვევით.
62. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლით დადგენილი წესი გულისხმობს, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის №ბს-502-480(კს-08) განჩინება). მოსარჩელის საქმის შემთხვევაშიც, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის №2453275-18 განჩინება). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ანალიზის საფუძველზე, ისევე, როგორც საერთო სასამართლოების რელევანტურ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ცხადი ხდება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა ხდება ზეპირი მოსმენის გარეშე.
63. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გაფიცვის უფლების აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, რისთვისაც, აუცილებელია ზეპირი მოსმენის გამართვა. ამასთანავე, გაფიცვის აკრძალვით ხდება პირის უფლებაში ინტენსიური ჩარევა, რაც დამატებით მიუთითებს, სასამართლოს მხრიდან, საკითხის სკრუპულოზურად შესწავლისა და ზეპირი მოსმენის ფორმატში მხარეთა პოზიციების სრულყოფილად გამოკვლევის საჭიროებაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების, რომლითაც მოთხოვნილია გაფიცვის უფლების აკრძალვა, მისი მოწვევის გარეშე განხილვის შესაძლებლობას, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
64. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს სწორედ იმ შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც, გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ სარჩელის უზრუნველსაყოფად, სასამართლო მოპასუხის მოსმენის გარეშე განიხილავს მისი (გაფიცვის უფლების) აკრძალვის საკითხს.
65. როგორც აღინიშნა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სადავო ნორმა კი გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს აღნიშნული უფლებრივი კომპონენტით. ამდენად, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული იდენტური უფლებრივი ასპექტი. სადავო ნორმა თანაბრად ზღუდავს როგორც პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ისე მის შესაძლებლობას, ეფექტიანად მოახდინოს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების რეალიზაცია, დაცვის უფლების განხორციელება. ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების იდენტური ტვირთი, რათა გაამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დასახელებული ასპექტის შეზღუდვა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციის კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ერთობლივად იმსჯელებს.
2.3. შეფასების ტესტი და შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი
66. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვას ექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უფლებრივი კომპონენტი, როგორიცაა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65), რაც, თავისთავად არ იწვევს უფლების დარღვევას, თუ იგი პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
67. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
68. წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება. №1462 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. ასევე, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების არსიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოპასუხე მხარემ არ შეიტყოს მის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რათა საფრთხე არ შეექმნას მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულებას. ამდენად, მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურება საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულებას.
69. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებებისა და ინტერესების სწრაფად და ეფექტურად დაცვას. „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
70. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
71. შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ისევე როგორც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, წარმოადგენს იმ ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა დაცვის მოტივითაც შესაძლოა, შეიზღუდოს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
2.4. გამოსადეგობა
72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
73. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად.
74. ვინაიდან, მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმა ორი ერთმანეთისგან შინაარსობრივად დამოუკიდებელი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება, საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილი შეზღუდვის გამოსადეგობას თითოეულ მათგანთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
2.4.1. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
75. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით აფასებს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გაფიცვის კანონიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუფერხებლად აღსრულებისთვის, რამდენად საჭიროა, მოპასუხეს არ ეცნობოს, რომ სასამართლო განიხილავს მისთვის გაფიცვის უფლების აკრძალვის საკითხს.
76. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღნიშნა, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიანად და შეუფერხებლად აღსრულებას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). ამ მხრივ, სამართლებრივი დავის ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, მოპასუხე მხარის ინფორმირებამ, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას, საქმეზე, მართლმსაჯულების აღსრულებას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს ქონებაზე ყადაღის დადების საკითხს, მოპასუხე მხარემ შესაძლებელია, სასარჩელო მოთხოვნისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ, შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგ., სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე (ქონებაზე ყადაღის დადებამდე), გაასხვისოს ან სხვაგვარად განკარგოს იგი. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადების ზეპირად განხილვამ შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, საფრთხის წინაშე დააყენოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი და საერთოდ აზრი დაუკარგოს სამართალწარმოებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, აუცილებელი იყოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განცხადების მოპასუხე მხარისთვის შეუტყობინებლად განხილვა იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანი სასამართლოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტის დაცვა, როგორიც არის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანად და დაუბრკოლებლად აღსრულება.
77. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსადმი მიმართვის არსი მდგომარეობს, უშუალოდ, გაფიცვის მიმდინარეობის შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით, სასამართლოს მიერ შემაკავებელი გადაწყვეტილების მიღებაში (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის №ას-422-2022 გადაწყვეტილება). უკანონო გაფიცვის შეწყვეტის/შეჩერებისთვის, ბუნებრივია, საჭირო არ არის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, გაფიცვის წინასწარი აკრძალვა. გაფიცვის აკრძალვის მიუხედავად, დამსაქმებელს დაუბრკოლებლად შეუძლია, გაფიცვის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მოსთხოვოს დასაქმებულს შეწყვიტოს გაფიცვა და აღნიშნული შედეგების დადგომა არ მოითხოვს გადაწყვეტილების რაიმე სახით წინასწარ უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშეც, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას გადაწყვეტილების შეუფერხებლად აღსრულების საკითხი, პირის მონაწილეობა განცხადების განხილვის პროცესში ვერ დააბრკოლებს/საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავდროულად, საქმის არსებითი განხილვის დროს, მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია, რა შეიძლება იყოს გაფიცვის კანონიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულების ის ხელშემშლელი გარემოებები, რასაც პირის საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა შექმნის.
78. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა კავშირში არ არის გაფიცვის კანონიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევასთან. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია გონივრული კავშირი მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან, შესაბამისად, უფლების შეზღუდვის განსახილველი ფორმა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოუსადეგარი საშუალებაა.
2.4.2. დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა
79. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის საფუძველზე, საერთო სასამართლოები, როგორც წესი, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას განიხილავენ ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა, რაც მოიცავს მხარეების მტკიცებულებების შესწავლას და მათი პოზიციის მოსმენას, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ჩატარებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების განხორციელებას, სასამართლოში მოითხოვს გარკვეული დროის დათმობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა კი ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას, საჭიროებს ნაკლებ დროს და ხელს უწყობს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.
2.5. აუცილებლობა
80. გამოსადეგობასთან ერთად, ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
81. მოცემულ სადავო შემთხვევაში, გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ, განცხადების მეტროპოლიტენის მემანქანეების შეუტყობინებლად განხილვა განპირობებულია საკითხის სწრაფად გადაწყვეტის ინტერესით, რათა მეტროპოლიტენის სრული გაჩერებით, საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის მეტროპოლიტენის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, გარკვეული დროით მისი ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს, საფრთხეს შეუქმნის პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამდენად, არსებობს მომეტებული ინტერესი, სასამართლოს მხრიდან, საკითხი გადაწყდეს მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ გაფიცვის უფლების სარგებლობამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მნიშვნელოვანი ზიანი.
82. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსი გაფიცვის უფლების სარგებლობამდე, დასაქმებულებს ავალდებულებს დამსაქმებლების ინფორმირებას გაფიცვის უფლებით სარგებლობის თაობაზე. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავდა საერთო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი (საქართველოს შრომის კოდექსის 2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი). საქართველოს შრომის კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულებმა არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე უნდა შეატყობინონ დამსაქმებელს გაფიცვის შესახებ, რაც ბუნებრივია, მათ არ უკრძალავთ დამსაქმებლის აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე ინფორმირებასაც. შესაბამისად, შეტყობინების ვადის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში, არსებობდეს საკითხის სწრაფად გადაწყვეტის საჭიროება და დროის სიმცირიდან გამომდინარე, ობიექტურად, შეუძლებელი იყოს გაფიცვის უფლების სარგებლობამდე მოხდეს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და პროცესზე მოპასუხე მხარის მოწვევა. მსგავს შემთხვევებში, გაფიცვიდან მომდინარე უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, გამართლებულია, სასამართლომ საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავდროულად, გაფიცვის უფლების აკრძალვის საკითხის განხილვისას, სასამართლო ყოველთვის არ იდგება საკითხის სწრაფად გადაწყვეტის საჭიროების წინაშე და მოსამართლეს ექნება საკმარისი დრო, მოპასუხე მხარის მოსაწვევად და საკითხის ზეპირი მოსმენის ფორმატში განსახილველად.
83. ბუნებრივია, საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვის აუცილებლობა არსებობს მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა გარემოებების დადგენას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საერთო სასამართლოს განჩინებიდან ნათლად იკვეთება, რომ სასამართლო, მეტროპოლიტენის მემანქანებიის გაფიცვის შედეგად დამდგარი ზიანის შეფასებისას, იკვლევს მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო სწორედ ფაქტობრივი გარემოებებების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მეტროპილიტენის მემანქანეების გაფიცვა გამოიწვევდა მესამე პირთა ინტერესების დაზიანებას და ამ მიზნით მიიჩნია აუცილებლად, უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენება. ამდენად, სარჩელის უზრნველყოფის ღონისძიების სახით, გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვისას, სასამართლო ახდენს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის განხილვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა გაფიცვის უფლებისა და მისი ეფექტიანად სარგებლობის გარანტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დასაქმებულ პირებს აქვთ მომეტებული ინტერესი, არ შეფერხდნენ აღნიშნული უფლების განხორციელებაში და დროულად მოახდინონ გავლენა დამსაქმებელზე, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
84. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან მოითხოვს ფაქტების გამოკვლევასა და დადგენას და, ამასთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც, განსაკუთრებით დიდია, ამ პირის მხრიდან, საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის ინტერესი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გამართვის ფორმით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის №2/3/1421,1448,1451 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). სადავო ნორმა ბლანკეტურად ადგენს მოპასუხის მოწვევით განცხადების განხილვის აკრძალვას მაშინ, როდესაც არსებობს საკმარისი დრო საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისთვის და საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.
85. სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ვერ უზრუნველყოფს ის გარემოება, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას ზედა ინსტანციაში. „ზოგადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრების მექანიზმი ემსახურება პირველ ინსტანციაში დაშვებული შეცდომების, კანონის არასწორად გამოყენების გამოსწორებას და ამ გზით უფლების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილებას. რაც, თავისთავად, არ ნიშნავს პირველ ინსტანციაში უფლების დარღვევის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობის დაშვებას და, მით უფრო, გამართლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
86. ამდენად, ნორმა, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს, გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვას პროცესზე, მოპასუხე მხარის მოწვევით ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და პირის უფლებებს ზღუდავს საჭიროზე მეტი ინტენსივობით, იმ პირობებში, როდესაც დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევა შესაძლებელია პირის უფლებების უფრო ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვის ხარჯზე.
87. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვას, პროცესზე მოპასუხე მხარის მოწვევით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1462 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების განხილვას, მოპასუხე მხარის მოწვევით.
2. არ დაკმაყოფილდეს №1462 კონსტიტუციურ სარჩელი („ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე