• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.10.2025
      • N1908
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის №1/22/1908 განჩინება საქმეზე „მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/22/1908
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 3 დეკემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 5 დეკემბერი 2025 17:15

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლის, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1908) მომართა მაია ფირანაშვილმა. №1908 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 30 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 3 დეკემბერს.

2. №1908 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლის თანახმად, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს არბიტრაჟის უფლებამოსილებას, განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია, მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

5. №1908 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, ფიზიკურ პირებს ეზღუდებათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, თუ მათი საქმეები არის არბიტრაჟის ქვემდებარე.

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები, სხვადასხვა ორგანიზაციების, ბანკებისა თუ კომპანიების მხრიდან, პრაქტიკაში გამოიყენება არაკეთილსინდისიერად. კერძოდ, ჩამოთვლილი დაწესებულებები, მხარესთან ხელშეკრულების დადებისას, სტანდარტულ პირობად მიუთითებენ დათქმას, დავის შემთხვევაში, საქმის არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების დადებისას, შეუძლებელია, ფიზიკური პირი გაეცნოს ყველა დეტალს და კარგად გაიაზროს ხელშეკრულების პირობებისა და მათ თაობაზე გაცხადებული თანხმობის შინაარსი თუ შედეგები. აღნიშნულით კი, ბოროტად სარგებლობს ხელშეკრულების მეორე მხარე და ცდილობს მისი ინტერესების უზრუნველყოფას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ის სტანდარტული პირობა, რომელიც მხარეს უზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ სასამართლოსადმი მიმართვის გარანტიას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამდენად, მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად რეალიზაციისათვის, ისევე, როგორც კონსტიტუციური წესრიგის დაცვისათვის, აუცილებელია იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომლებიც წარმოაჩენს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას.

2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლის, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სადავო ნორმები განსაზღვრავს იმ დავების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლებელია, განხილულ იქნეს არბიტრაჟის გზით და გამორიცხავს აღნიშნული დავების სასამართლოს მიერ განხილვას, თუ ისინი საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. შესაბამისად, საარბიტრაჟო შეთანხმების შემთხვევაში, დავა უნდა განიხილოს არბიტრაჟმა. მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის შესაბამისად, პრაქტიკაში, პირი ისე თანხმდება დავის არბიტრაჟის გზით განხილვას, რომ სათანადოდ არ არის ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე ან საერთოდ ვერ იაზრებს მის შედეგებს. შესაბამისად, ხელშეკრულების ძლიერი მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევის შედეგად, მას ეზღუდება სასამართლოზე წვდომის უფლება.

3. აღსანიშნავია, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლები აწესრიგებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესს. ამავე კანონის 42-ე მუხლი კი ადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროცესო საშუალებას – მისი გაუქმების შესაძლებლობას, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება სასამართლოს გზით. სასამართლომ, შესაძლოა, უარი თქვას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ დაადგენს, რომ დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. მნიშვნელოვანია, რომ ამავე საფუძვლით, მას შეუძლია, გააუქმოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო, გარკვეულწილად, აფასებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსს. აღნიშნულის მიღმა, თავად მხარეს, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, უფლება აქვს, სასამართლოს მოსთხოვოს, უარი თქვას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გააუქმოს იგი, თუ პირი დაამტკიცებს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების, მათ შორის, იმ ფაქტის არსებობას, რომ იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან, სხვაგვარად, არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები. შესაბამისად, საარბიტრაჟო შეთანხმების შემთხვევაში, არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება ავტომატურად და იგი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. იმავდროულად, როგორც აღინიშნა, არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, სასამართლოს გზით, გაუქმების შესაძლებლობა.

4. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, ზემოაღნიშნული გარანტიების მიღმა, რატომ უნდა იყოს იგი უზრუნველყოფილი საარბიტრაჟო დავის, სასამართლოს გზით, განხილვის უფლებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე არც არბიტრაჟის ინსტიტუტის კონსტიტუციურობაზე დავობს. იგი არ მიუთითებს, რომ, ზოგადად, არაკონსტიტუციურია არბიტრაჟის მიერ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვა ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, არამედ მისთვის პრობლემურია ის ფაქტი, რომ პრაქტიკაში, ფიზიკური პირის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარესთან დავის არბიტრაჟის გზით განხილვაზე შეთანხმება, ხშირად, გაუაზრებლად ხდება და შესაძლოა, იგი სულაც არ წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთმა მხარემ, შეიძლება იმოქმედოს არაკეთილსინდისიერად და პირმა ვერ გაიაზროს შეთანხმების პირობები და შესაბამისი შედეგები, არ მიუთითებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე და ვერც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტად გამოდგება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარემ უნდა მიუთითოს თავად სადავო ნორმიდან მომდინარე იმ უფლებრივ შეზღუდვაზე, რომელიც მის ამა თუ იმ უფლებას კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ზღუდავს. ამგვარი არგუმენტაცია კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1908 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1908 კონსტიტუციური სარჩელი („მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ