• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.07.2023
      • N2/6/1494
      • საოქმო ჩანაწერი
    • ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 21.04.2020
      • N1494
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის №2/1/1494 გადაწყვეტილება საქმეზე „ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N2/1/1494
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 23 იანვარი 2026
გამოქვეყნების თარიღი 23 იანვარი 2026 15:56

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ზურაბ ინაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები – სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი ნინო ხარიტონაშვილი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი ნათია სვანიძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1494) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა – ლენა სვანიძემ და ზურაბ ინაშვილმა. №1494 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 23 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის №2/6/1494 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 8 ნოემბერს.

2. №1494 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.

5. №1494 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ლენა სვანიძეს, როგორც მემკვიდრეს, ნოტარიუსი წლების განმავლობაში უარს ეუბნებოდა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რითაც, მოსარჩელეთა აზრით, მათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ნოტარიუსი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, უნდა განიხილებოდეს როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მის მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა დაეკისროს. სადავო ნორმა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ართმევს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, მიიღონ ზიანის სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

6. მოსარჩელეთა მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე, იგი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რაც მას ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსს ანიჭებს. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომელიც ნოტარიატს განსაზღვრავს, როგორც „საჯარო სამართლებრივ ინსტიტუტს, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება“. 

7. მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის „ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს“. მათი პოზიციით, ნოტარიუსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და რომელიც მოქმედებს კანონისა და მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე, სრულად ექცევა აღნიშნულ დეფინიციაში. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობისას მიყენებული ზიანი უნდა გაუთანაბრდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებულ ზიანს, რაზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლებიც კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად არის მიღებული, ცალსახად ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც მიყენებულია კერძო პირის მიერ, თუ იგი საქმიანობას ახორციელებს დელეგირების საფუძველზე. სადავო ნორმა კი ქმნის ალოგიკურ და კონსტიტუციის საწინააღმდეგო გამონაკლისს, კონკრეტულად, ნოტარიუსის ინსტიტუტისთვის, რითაც არღვევს სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურების კონსტიტუციურ უფლებას.

9. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების არსებული მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ნოტარიუსის პირად ქონებრივ პასუხისმგებლობასა და სავალდებულო პროფესიულ დაზღვევას, არ წარმოადგენს ზიანის სრული ანაზღაურების ქმედით და საიმედო გარანტიას, რადგან დაზღვევის ლიმიტი შესაძლოა, არასაკმარისი აღმოჩნდეს დიდი მოცულობის ზიანის დასაფარად, ხოლო ნოტარიუსის პირადი ქონება, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი სხვაობის ასანაზღაურებლად. ეს მოდელი, მოსარჩელეთა აზრით, დავის ტვირთს არაპროპორციულად აკისრებს დაზარალებულ მოქალაქეს, რომელმაც რთული სამართლებრივი პროცესი უნდა აწარმოოს კერძო პირთან (ნოტარიუსთან) და სადაზღვევო კომპანიასთან. ამ დროს, კონსტიტუციის ლოგიკით, მოპასუხე მხარე უნდა იყოს სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მეტი რესურსი ზიანის ასანაზღაურებლად და რომელიც, თავის მხრივ, შემდგომ, რეგრესის წესით, მოითხოვდა თანხის ანაზღაურებას ბრალეული ნოტარიუსისაგან. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ეფექტიან რეალიზაციას. ამგვარად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას.

10. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საქართველომ 1996 წელს აირჩია კონტინენტური ევროპისთვის დამახასიათებელი, აპრობირებული ლათინური ტიპის ნოტარიატი და უარი თქვა საბჭოთა მოდელზე. ამ მოდელის ძირითადი პრინციპებია: ნოტარიუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის დამოუკიდებლობა, საქმიანობის თვითდაფინანსება და პირადი, შეუზღუდავი ქონებრივი პასუხისმგებლობა მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამორიცხვა აღნიშნული მოდელისათვის დამახასიათებელი ორგანული და განუყოფელი ნაწილია. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა და ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაწესება კი ეწინააღმდეგება ლათინური ნოტარიატის პრინციპებს. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება გამოიწვევს მოქმედი სისტემის რღვევას, შექმნის არაპროგნოზირებად და მძიმე ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, შეამცირებს ნოტარიუსთა მოტივაციას, იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით და, ფაქტობრივად, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება საბჭოთა ტიპის სახელმწიფო ნოტარიატისკენ. მოპასუხე მხარის განმარტებით, ამგვარი მოდელი წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში და აღიარებულია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის მიერ, რომლის წევრიც საქართველოა.

11. მოპასუხის პოზიციით, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე ან სახელმწიფო მოსამსახურე. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ „ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე“. ნოტარიუსი არ იღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი შემოსავალი კლიენტების მიერ გადახდილი საზღაურია, საიდანაც თავად ფარავს გადასახადების, ბიუროს შენახვისა და სხვა ხარჯებს. სწორედ ეს ფინანსური დამოუკიდებლობა და თვითდაფინანსება განასხვავებს მას კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში მოხსენიებული „მოსამსახურისგან“, რომლის საქმიანობაც სახელმწიფო სახსრებიდან ფინანსდება.

12. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმა მოქალაქეს დაუცველს არ ტოვებს. სახელმწიფომ შექმნა ზიანის ანაზღაურების მრავალსაფეხურიანი და ქმედითი სისტემა, რომლის მიხედვით, ნოტარიუსი, მის მიერ მიყენებული ზიანისთვის, პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ასევე, ყველა ნოტარიუსი ვალდებულია, დააზღვიოს პროფესიული პასუხისმგებლობა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა წელიწადში 100 000 ლარს შეადგენს, რაც დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მოპასუხე მხარის მითითებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს ნოტარიუსთა პალატის უფლებას, დადოს დამატებითი, ჯგუფური დაზღვევის ხელშეკრულება. ეს მექანიზმი გადამზღვევი ფუნქციისაა და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსის ინდივიდუალური დაზღვევის ლიმიტი მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის არასაკმარისი აღმოჩნდება.

13. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობა ნოტარიუსის საქმიანობაზე შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური და პროცედურული საკითხების შემოწმებით. სამინისტროს არ აქვს უფლება, შეაფასოს ნოტარიუსის მიერ განხორციელებული სანოტარო მოქმედების შინაარსობრივი კანონიერება, მაგალითად, მისი შესაბამისობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან. ეს ხაზს უსვამს ნოტარიუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოსგან მის დისტანცირებას.

14. მოპასუხემ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიზანია, ფინანსურად დაიცვას პირი დიდი რესურსების მქონე სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანისგან, თუმცა ეს მიზანი არ უნდა გავრცელდეს ნოტარიუსზე, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომლის ორგანიზაციული მოწყობა და დაფინანსების წყარო სრულიად განსხვავდება კლასიკური სახელმწიფო უწყებებისგან და მასში დასაქმებული პირებისგან.

15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურის სპეციალისტმა, ნინო ხარიტონაშვილმა, გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და აღნიშნა, რომ ლათინური ნოტარიატის მოდელი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ სფეროში თავსებადია ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, ნოტარიუსების მიერ ზიანის მიყენების და, შესაბამისად, სადაზღვევო კომპენსაციის გაცემის შემთხვევებზე პრაქტიკა ძალიან იშვიათია, თუმცა ნოტარიუსთა პალატის მიერ დადებული დამატებითი დაზღვევის ხელშეკრულება, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე, ერთ მილიონ ლარამდე ზიანს ფარავს. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, ამ მექანიზმის გამოყენების საჭიროება პრაქტიკაში არასდროს დამდგარა, რაც, მისი აზრით, სისტემის ეფექტიანობასა და ნოტარიუსების მაღალ პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

16. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის პოზიციით, ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, მოსარჩელისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თუ კერძო სადაზღვევო კომპანიისგან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა, რომ ზიანი ანაზღაურდეს, არსებული მრავალსაფეხურიანი დაზღვევის სისტემით სრულად არის უზრუნველყოფილი. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, პირადი პასუხისმგებლობის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი მოტივატორი ნოტარიუსებისთვის, რათა მათ მაქსიმალური სიფრთხილითა და კეთილსინდისიერებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის აღნიშვნით, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სერტიფიკატები, რომლებიც სადაზღვევო ლიმიტზე მიუთითებს, თითოეულ სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული, რაც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ამ კრიტერიუმითაც შეაფასოს და აირჩიოს ნოტარიუსი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. [მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი] ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს „დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

3. სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არც ერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების წინაპირობები. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: „1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის [მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში] მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

5. სწორედ აღნიშნული წინაპირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაშია სახეზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ზიანი და მისი ანაზღაურების საფუძველი.

2. ნოტარიუსის თანამდებობის სამართლებრივი ბუნება და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების ფარგლები

6. საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს დავის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩო. აღნიშნული მოითხოვს, ერთი მხრივ, ნოტარიუსის პროფესიული როლის სიღრმისეულ ანალიზს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისა და შინაარსის დადგენას, მისი როგორც პირდაპირი ტექსტის, ისე სისტემური და კონტექსტუალური ინტერპრეტაციის საფუძველზე.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის სახელმწიფოს სახსრებიდან ანაზღაურებას. შეზღუდვის იდენტიფიცირებისას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურების უფლების სამი წინაპირობა. ამდენად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, სადავო ნორმა ვრცელდება თუ არა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან მოსამსახურის ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

8. სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონტექსტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვის მატარებელია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება“. ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს ნოტარიატის როგორც საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტისა და ნოტარიუსის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირის განსაკუთრებულ როლს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება, მათ შორის, შეიმუშაოს ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესების ცხადი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

9. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, ნოტარიუსი მიჩნეულია საჯარო ფუნქციების განმახორციელებელ ინსტიტუტად და ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უმნიშვნელოვანეს საჯარო ფუნქციას – სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურებას. საჯარო სამართლებრივ ინსტიტუტადვე მოიხსენიებს ნოტარიატს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონიც (იხ., „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი). თუმცა ყველა საჯარო ფუნქციის შემსრულებელი ორგანო/პირი a priori არ უნდა განიხილებოდეს, როგორც „სახელმწიფო მოსამსახურე“ იმ მნიშვნელობით, რომ მის მიერ მიყენებული ზიანი ბიუჯეტიდან ანაზღაურდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, ამ მუხლის ვიწრო და სპეციფიკური ინტერპრეტაციით.

10. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურების უფლებამოსილება არ განეკუთვნება მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას. ნოტარიუსის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტის ფუნქციური დანიშნულება ფუნდამენტურად განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციებისგან. როდესაც მოქალაქე ურთიერთობაში შედის საჯარო უწყებასთან, ის, როგორც წესი, ამყარებს პირდაპირ, სუბორდინაციულ სამართლებრივ ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ამ დროს, სახელმწიფო ორგანო მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს ძალაუფლების უშუალო განმახორციელებელი სუბიექტი, რომელიც ცალმხრივად და იმპერატიულად ადგენს მოქალაქის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთი ურთიერთობა უკავშირდება სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მის ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საჯარო მმართველობა, რაც არსებითად განსხვავდება ნოტარიუსთან მიმართებით არსებული სამართალურთიერთობის ბუნებისაგან.

11. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს; ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას; გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას; დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას; ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან; ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს; ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს; პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს; ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს; რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს; ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს. ნოტარიუსი აგრეთვე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს. აღნიშნული სანოტარო მოქმედებების ანალიზი ნათლად ასახავს, რომ ნოტარიუსის საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ბუნების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი ზოგიერთი უფლებამოსილება, უშუალოდ ამ შინაარსის არ არის. მაგალითად, ნოტარიუსი უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან, და სხვა. გარდა ამისა, ნოტარიუსის როლი, პირველ რიგში, მიმართულია კერძო პირებს შორის არსებული სამოქალაქო ურთიერთობების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი პროგნოზირებულობის უზრუნველყოფაზე. ნოტარიუსი არ ქმნის ახალ საჯარო-სამართლებრივ წესებს და არც ადმინისტრაციული იძულების მექანიზმებს იყენებს, პირიქით, იგი მოქმედებს მხარეთა სურვილის, კერძო ავტონომიისა და შეთანხმების ფარგლებში, უზრუნველყოფს მათ მიერ მიღწეული განზრახვის იურიდიულად კორექტულ დაფიქსირებას და ამით იცავს ურთიერთობების სტაბილურობას. ამ პროცესში ნოტარიუსი მოქმედებს არა როგორც სახელმწიფოს ცალმხრივი, ვერტიკალური ნების გამომხატველი, არამედ როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი, რომელიც, თავისი არსით, ემსახურება კერძო პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების გამჭვირვალედ, სანდოდ და სამართლებრივად დაცულ წარმართვას. შედეგად, ნოტარიუსსა და მოქალაქეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გაჯერებულია კერძოსამართლებრივი ელემენტებით, სადაც ნოტარიუსი ასრულებს მიუკერძოებელი და სანდო მრჩევლის როლს.

12. ამდენად, ნოტარიუსის თანამდებობა არ წარმოადგენს, უშუალოდ, სახელმწიფო მმართველობით სფეროს მიკუთვნებულ პოზიციას. ამავდროულად, ნოტარიუსის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის შედეგად, ცხადი ხდება, რომ იგი განსხვავდება ტიპური სახელმწიფო მოსამსახურის/საჯარო მოხელის კონცეფციისაგან, რაც ლოგიკურად ახსნადს ხდის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების, უშუალოდ, ნოტარიუსისათვის დაკისრებასა და ამ სფეროდან სახელმწიფო პასუხისმგებლობის გამორიცხვასთან დაკავშირებით.

13. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განმარტავს, რომ მისი საქმიანობა არ წარმოადგენს მეწარმეობას. ნოტარიუსი წარმოადგენს ფინანსური ავტონომიის მქონე სუბიექტს, რაზეც მიუთითებს მისი საქმიანობის თვითდაფინანსების პრინციპი. ნოტარიუსი არ იღებს შრომის ანაზღაურებას ან სხვა სახის სარგებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს კლიენტების მიერ სანოტარო მომსახურებისთვის გადახდილი საზღაური, რომელიც, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეკუთვნის ნოტარიუსს. სწორედ ამ შემოსავლიდან არის ვალდებული ნოტარიუსი, დამოუკიდებლად დააფინანსოს თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. მათ შორის, დაფაროს სანოტარო ბიუროს ქირა, კომუნალური მომსახურებები, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსთა პალატის საწევრო შენატანის ხარჯები. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსი, დამოუკიდებლად, როგორც სამუშაოს მიმცემი, უზრუნველყოფს თავისი ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას. ამრიგად, არსებული მოდელის ფარგლებში, სრულად გამოირიცხება ნოტარიუსის ფინანსური დამოკიდებულება სახელმწიფოზე.

14. ნოტარიუსის პროფესიული დამოუკიდებლობა წარმოადგენს ნოტარიატის, როგორც საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტის, ფუნდამენტურ პრინციპს. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედების შესრულებისას არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს იმპერატიული ნორმები განამტკიცებს ნოტარიუსის სტატუსს, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის, რომელიც, მართალია, ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, მაგრამ ამ უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით და არ ექვემდებარება სამსახურებრივ სუბორდინაციას.

15. აღსანიშნავია, რომ, მართალია, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როლი შემოიფარგლება კანონით დადგენილი ზედამხედველობით და არ გულისხმობს ნოტარიუსის საქმიანობაში იერარქიულ ჩარევას. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია მოიცავს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედებისათვის დადგენილი საზღაურის გადახდევინების სისწორის შემოწმებას. ზედამხედველობის არსებული მოდელი მიზნად ისახავს არა ნოტარიუსის გადაწყვეტილების შინაარსობრივ, მატერიალურ-სამართლებრივ კონტროლს, არამედ იმგვარი ქმედების გამოვლენას, რომელიც ან საპროცესო-სამართლებრივ/ორგანიზების წესებს ან ნოტარიუსის ეთიკის სტანდარტებს არ შეესაბამება. იუსტიციის სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო აქტი. ეს უფლებამოსილება ექსკლუზიურად სასამართლოს პრეროგატივაა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დავა, რომელიც პირებს შორის წარმოიშობა სანოტარო მოქმედების შესრულებისას, განიხილება სასამართლო წესით. ამასთან, ამავე კანონის 53-ე მუხლი ადგენს, რომ დაინტერესებულ პირს შეუძლია, სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, გაასაჩივროს სასამართლოში. შესაბამისად, ნოტარიუსის გადაწყვეტილების კანონიერებაზე საბოლოო კონტროლს ახორციელებს არა იუსტიციის მინისტრი, არამედ სასამართლო, რაც გამორიცხავს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ნოტარიუსის დამოუკიდებლობაში თვითნებურ ჩარევას.

16. აგრეთვე, ნოტარიუსის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას განსაზღვრავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით აგებულ, ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. პალატის თვითმმართველობის პრინციპი უზრუნველყოფს პროფესიის შიდა ავტონომიურობას სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოებისგან. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ასრულებს ნოტარიუსთა კოლექტიური ინტერესების დამცველისა და წარმომადგენლის ფუნქციას. ამავე კანონის 33-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პალატა უფლებამოსილია, წარმოადგინოს ნოტარიუსი სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში და იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით. აღნიშნული მექანიზმი ქმნის ინსტიტუციურ გამყოფს ცალკეულ ნოტარიუსსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ხელს უწყობს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და იცავს პროფესიას არასამართლებრივი ზეგავლენისგან. შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატის არსებობა და მისი უფლებამოსილებები დამატებით აძლიერებს თითოეული ნოტარიუსის დამოუკიდებლობას.

17. ამგვარად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების არარსებობისა და ორგანიზაციულ-იერარქიული დამოუკიდებლობის ერთობლიობა მიუთითებს, რომ ნოტარიუსი, მიუხედავად მის მიერ შესრულებული გარკვეული საჯარო ფუნქციის მნიშვნელობისა, არ წარმოადგენს ტიპური სახელმწიფო მომსახურის/საჯარო მოხელის კონსტიტუციურ-სამართლებრივი კონცეფციის ფარგლებში მოქმედ სუბიექტს. ნოტარიუსის საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ერთობლიობაში ქმნის თავისუფალი პროფესიის ჰიბრიდულ სამართლებრივ სტატუსს. კანონმდებლობით დადგენილი მოდელი ურთიერთდაკავშირებულ პრინციპებზეა აგებული, სადაც პროფესიული თავისუფლება განაპირობებს პერსონალურ პასუხისმგებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს პოზიციას, რომ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ფისკალური სტაბილურობის, ბიუჯეტური რესურსების ეფექტიანი განაწილებისა და საჯარო-კერძო პროფესიული პასუხისმგებლობის გამიჯვნის ლეგიტიმური მიზნები. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, იგი არ წარმოადგენს „სახელმწიფო მოსამსახურის“ ცნების ქვეშ მოქცეულ პირს, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის. შესაბამისად, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის რეგულირებისას, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამორიცხვა და ნოტარიუსის კერძო, პირადი პასუხისმგებლობის დაწესება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

18. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის გაგებით, საკუთრების, მემკვიდრეობისა თუ სხვა კონსტიტუციური უფლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, საჯარო სამართლებრივ ინსტიტუტებზე განახორციელოს შესაბამისი ზედამხედველობა/კონტროლი, რათა მათი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და კანონის ფარგლებში განხორციელდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას (თავი შეიკავოს უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან), არამედ პოზიტიურ ვალდებულებასაც – შექმნას ისეთი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს უფლებათა ეფექტიან დაცვასა და რეალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სახელმწიფომ, პირდაპირი ფინანსური პასუხისმგებლობის ნაცვლად, აირჩია მარეგულირებლის როლი და, კანონმდებლობით, ნოტარიუსი დაავალდებულა, თავად უზრუნველეყო პოტენციური ზიანის ანაზღაურების ფინანსური გარანტიები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის პერსონალური პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიღმა, კანონმდებლობით, გათვალისწინებულია ნოტარიუსის საქმიანობაზე რიგი კონტროლის მექანიზმები.

19. კერძოდ, კანონმდებელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ნოტარიუსის პირადი პასუხისმგებლობით და აწესებს დამატებით, უფრო მყარ ფინანსურ გარანტიას. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ნოტარიუსი ვალდებულია, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. აღნიშნული დაზღვევა არ წარმოადგენს ნოტარიუსის დისკრეციულ უფლებას, არამედ, ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სანოტარო საქმიანობის დაწყების სავალდებულო წინაპირობას. ამგვარად, სახელმწიფო, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს ფინანსური რესურსის არსებობას, რომელიც მიმართული იქნება პოტენციური ზიანის ასანაზღაურებლად. აღსანიშნავია, რომ დაზღვევის არსებითი პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ზღვარი განისაზღვრება არა სადაზღვევო კომპანიის ან ნოტარიუსის შეხედულებით, არამედ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეს გარემოება უზრუნველყოფს, რომ დაზღვევა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტს და წარმოადგენდეს რეალურ ფინანსურ გარანტიას დაზარალებული პირისათვის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარანტიები არ არის მხოლოდ ფორმალური და დიფერენცირებულია. კერძოდ, „ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანება ადგენს არა ერთიან, არამედ სანოტარო მოქმედების რისკიანობის მიხედვით, ცვალებად სადაზღვევო ლიმიტებს. ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის ზოგადი მინიმალური ოდენობა განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარით. თუმცა ამავე ბრძანების 3¹ მუხლი ადგენს გაზრდილ მოთხოვნებს მაღალი ფინანსური რისკის შემცველი ოპერაციებისთვის, როგორებიცაა სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის ან ფასიანი ქაღალდების შენახვა, კერძოდ, თუ სადეპოზიტო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, ნოტარიუსის სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 000 ლარს, ხოლო თუ ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, დაზღვევის ლიმიტი იზრდება არანაკლებ 300 000 ლარამდე. ეს ადასტურებს, რომ მარეგულირებელი ნორმა ითვალისწინებს სხვადასხვა სანოტარო მოქმედების თანმდევ რისკებს და, შესაბამისად, აწესებს მაღალ ფინანსურ გარანტიებს. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ადგენს ნოტარიუსის სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობას. ამავდროულად, მოქალაქეს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და შეუძლია, მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, სადაზღვევო სისტემის ეფექტიანობის კონტექსტში კანონმდებლობა პირს ანიჭებს აქტიურ როლს.

20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის სრულად ანაზღაურება ვერ ხერხდება ნოტარიუსის სადაზღვევო ხელშეკრულებისა და ნოტარიუსის პირადი ქონების ხარჯზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იღებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც ასევე სარგებლობს სადაზღვევო ხელშეკრულებით. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეუძლია, დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრის (ნოტარიუსის) მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ამდენად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადებული სადაზღვევო ხელშეკრულება მართლაც შეიძლება გამოყენებული იქნეს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. ამგვარი შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინება, ქმნის სამართლებრივ საფუძველს კოლექტიური, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიის შესაქმნელად, რომელიც განსაკუთრებით დიდი მოცულობის ზიანის შემთხვევაში, შეიძლება იქნეს გამოყენებული.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოქმედი მოდელი, რომელიც მოიცავს ნოტარიუსის პირად პასუხისმგებლობას, სავალდებულო დაზღვევას, სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ მინიმალურ, დიფერენცირებულ ლიმიტებსა და პირის არჩევანის თავისუფლებას, სტრუქტურულად ქმნის კერძო ინსტიტუტების დამცავ მექანიზმს. გარდა ამისა, ნოტარიუსის საქმიანობაზე სახელმწიფო ახორციელებს ზედამხედველობას და დისციპლინურ კონტროლს, რაც, დამატებით, უზრუნველყოფს ნოტარიუსის მხრიდან პროფესიული სტანდარტების დაცვას.

22. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს, და №1494 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე, 45-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1494 კონსტიტუციური სარჩელი („ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ