• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის №1/1/1794 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N1/1/1794
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 29 აპრილი 2026
გამოქვეყნების თარიღი 29 აპრილი 2026 17:27
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი 1 ნოემბერი 2026

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე − წევრი;

გიორგი თევდორაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები − მიხეილ შარაშიძე და მარიამ არაბული; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი − ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები − გოჩა ბაკურაძე, უშანგი ბენიძე და ხატია ონიანი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1794) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1794 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 25 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/10/1794 საოქმო ჩანაწერით, №1794 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1794 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 5 მარტს.

2. №1794 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. კერძოდ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამოიყენება, თუ: ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; და ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი რისკი.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი კი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

5. №1794 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა მკურნალობის ახალი სახე − იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, ამ უკანასკნელთან შედარებით, იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებსა და თავისუფლებებს.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ერთი მხრივ, იძულებით, ხოლო, მეორე მხრივ, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. კერძოდ, იდენტურია ზემოაღნიშნული პაციენტების ფსიქიკური მდგომარეობა, მათგან მომდინარე საფრთხეები, ისევე, როგორც აღნიშნული ორი მკურნალობის სახის გამოყენების საკანონმდებლო წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ მარტოოდენ წარსულში ბრალდებულის სტატუსის არსებობა საფუძვლად დაედოს შესადარებელი სუბიექტების უთანასწორო პირებად განხილვას. უფრო მეტიც, მოსარჩელის პოზიციით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტი შესაძლებელია, გაცილებით მაღალი სოციალური რისკის მატარებელი იყოს, ვიდრე ბრალდებული, რომელიც შეურაცხადად იქნა ცნობილი, მათ შორის, ამ უკანასკნელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით.

7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შესადარებელ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის იდენტურობის მიუხედავად, არსებითად განსხვავებულია მკურნალობის ამ ორ ფორმას დაქვემდებარებულ პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა, რაც იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მიუთითებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებული პროცესის ინკვიზიციურობაზე, რომლის ფარგლებშიც, სასამართლო უფლებამოსილია, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. იძულებითი მკურნალობის საკითხის გადაწყვეტისას კი სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე შებოჭილია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტის ვალდებულებით.

8. იმავდროულად, მოქმედი კანონმდებლობით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან განსხვავებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, დადგენილია მკურნალობის ხანგრძლივი ვადები, რაც, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, ამძიმებს პირის უფლებრივ მდგომარეობას. მისი განმარტებით, ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივად ცვალებადი. შესაბამისად, მკურნალობის მეთოდები და ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, რომლის წინასწარ პროგნოზირება არ არის გამორიცხული, რომ ექსპერტის შესაძლებლობას აღემატებოდეს. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული იძულებითი მკურნალობის ვადა ობიექტურად შესაძლებელია იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე პირს გამოჯანმრთელებისთვის სჭირდება და იგი იმაზე მეტი ვადით დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას, ვიდრე ეს მიზანშეწონილია. ამდენად, სასამართლოს მიერ იძულებითი მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრა უნდა უკავშირდებოდეს იძულებითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვას და უნდა არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმები აღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის გადამოწმებისთვის. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება კი ვერ უზრუნველყოფს შესაბამის პროცედურულ გარანტიებს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ეფექტიანი გადასინჯვის შესაძლებლობას, რაც აჩენს სერიოზულ რისკს, რომ პირი იმაზე ხანგრძლივი ვადით დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას, ვიდრე ამის საკანონმდებლო საფუძვლები არსებობს.

9. მოსარჩელე მხარე იძულებითი მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მოქმედ მოწესრიგებას არ მიიჩნევს პირის უფლებათა დაცვის ეფექტიან და ქმედით საშუალებად, ვინაიდან მკურნალ ექიმს გააჩნია არა ვალდებულება, არამედ უფლებამოსილება, მიმართოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიას მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების გამო მკურნალი ექიმისთვის მძიმე ტვირთის დაწესებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მკურნალი ექიმისთვის შესაძლებელია, მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირზე ერთგვარი პასუხისმგებლობის აღება, რის გამოც, მისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე მოითხოვოს პაციენტისთვის მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობის გადახედვა, ქმნის გონივრულ ვარაუდს საიმისოდ, რომ იგი ამ უფლებამოსილებით არ ისარგებლებს. ამასთანავე, ზემოაღნიშნული კომისია წელიწადში ერთხელ განიხილავს მკურნალობის მიზანშეწონილობას, მაშინ, როდესაც არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, ყოველთვიურად განიხილოს პაციენტისთვის მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, იძულებითი მკურნალობის პირობებში, საჭიროების მიუხედავად, შესაძლებელია, პირი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს და დაექვემდებაროს მძიმე მედიკამენტურ ჩარევას.

10. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში, რეგულარული ინდივიდუალური გადახედვისათვის საკმარისი ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსის არარსებობა ვერ გახდება თვითკმარი არგუმენტი პირის უფლებების შეზღუდვის გასამართლებლად. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, სისტემური სირთულეების მიუხედავად, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი დაცვა.

11. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან განსხვავებით, იძულებითი მკურნალობის დროს, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით, რის გამოც, ზემოაღნიშნული ღონისძიება ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

12. დამატებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების პირობებში, იძენს სასჯელის სახეს. კერძოდ, იძულებითი მკურნალობის გამოყენება ხშირად გრძელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტი აღარ წარმოადგენს საფრთხეს, რაც იწვევს პაციენტის გაუმართლებელ იზოლაციას და მკურნალობის თავდაპირველი მიზნის მოშლას. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს მიდგომა აჩენს შთაბეჭდილებას, რომ იძულებითი მკურნალობა წარმოადგენს სასჯელის შემცვლელ მექანიზმს. ამგვარი მიდგომა კი გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქმე შეეხება პირს, რომელიც სისხლისსამართლებრივად გასამართლებული არ არის. აღნიშნულს ამძიმებს ის ფაქტი, რომ იძულებითი მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში (მაგალითად, ოთხი წელი), მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობისთვის რეალურად საჭირო ვადების სწორად პროგნოზირება წინასწარ რთულია, რაც, მთლიანობაში, ქმნის ადამიანის თავისუფლების თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვის რისკს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიდგომა სცდება სამედიცინო ჩარევის მიზანს და იძენს ღირსების შემლახავი მოპყრობის ნიშნებს, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ამდენად, ამ ფორმით, თავად ინსტიტუტის გამოყენება პირის მიმართ, რაც მას კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან აკავშირებს და იწვევს მის სტიგმატიზაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, სადავო ნორმების საფუძველზე არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებულ უფლებაში. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზანი არ არის პირის, როგორც პოტენციური დამნაშავის დასჯა, არამედ იგი ემსახურება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობასა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული მიზნების უზრუნველყოფისთვის, პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის საფუძველსა და მკურნალობის ვადის განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების არსებობა, რომლებიც, თავის მხრივ, პირის ფსიქიკური აშლილობის შეფასებას უკავშირდება. იძულებითი მკურნალობის განსაზღვრისას, მოსამართლე ეყრდნობა ექიმ-ფსიქიატრთა შესაბამის დასკვნას და გადაწყვეტილებას იღებს პირის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამავე დროს, მკურნალობის შეწყვეტის საფუძვლებიც უკავშირდება პირის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, მოპასუხე მხარის პოზიციით, მკურნალობის აღნიშნულ ფორმას არ გააჩნია კავშირი პირის დასჯასთან, წარსულში ბრალდებულის სტატუსის გამო.

14. იმავდროულად, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი მკურნალობა, თავისი ინტენსივობით, ვადისა და გადასინჯვის მექანიზმის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ღირსების შემლახავ და არაჰუმანურ მოპყრობად. კერძოდ, მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, პირის ფსიქიკური მდგომარეობისა და მისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ექიმ-ფსიქიატრთა დასკვნას, განუსაზღვროს მას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის ვადა. გარდა ამისა, საკანონმდებლო მოწესრიგებით განსაზღვრულია იძულებითი მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მექანიზმი. მკურნალი ექიმი უფლებამოსილია, მიმართოს სპეციალურ კომისიას პირის ფსიქიკური მდგომარეობის ვადამდელი შეფასებისთვის, თუ იგი მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს იძულებითი მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა. მოპასუხე მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მკურნალი ექიმის უფლებამოსილება არ არის დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე, არამედ წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და პრაქტიკაში ხშირია მკურნალი ექიმის მიერ სპეციალური კომისიისთვის პირის ფსიქიკური მდგომარეობის ვადამდელი შეფასებისთვის მიმართვის შემთხვევები. ამდენად, მოპასუხის პოზიციით, იძულებითი მკურნალობის პროცედურა ეფუძნება მკაცრად განსაზღვრულ კანონისმიერ წინაპირობებს, იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც, იგი არ შეიძლება ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად იქნეს მიჩნეული.

15. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელ პირთა ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, პირები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომელთა მიმართაც ასეთი ქმედების ჩადენის თაობაზე არ არსებობს რაიმე ვარაუდი. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სწორედ მითითებული გარემოება განაპირობებს ზემოაღნიშნული პირების მიმართ ფსიქიკური მკურნალობის დანიშვნის განსხვავებული წინაპირობების არსებობას. კერძოდ, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი მკურნალობის დანიშვნისათვის საჭიროა ერთდროულად არსებობდეს სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა და პირის მხრიდან ძალადობის ან მუქარის რეალური რისკი, ხოლო არანებაყოფლობითი მკურნალობის დანიშვნისთვის საკმარისია რომელიმე ერთ-ერთი საფუძვლის − სტაციონარში მოთავსების საჭიროებისა ან ზიანის დადგომის საფრთხის, არსებობა. ამგვარად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირები წარმოადგენენ მომეტებული საფრთხის მატარებელ პირებს, რის გამოც, ისინი თავსდებიან სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სადაც უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ზომები, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამები, ინდივიდუალური მკურნალობის გეგმები და რესოციალიზაციის კომპონენტები. აღნიშნული მიდგომა კი სხვა ტიპის მკურნალობასთან მიმართებით (მაგალითად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში) არ არსებობს. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირები არსებითად განსხვავდებიან არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირებისგან და, ამდენად, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

16. დამატებით, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხის სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში განხილვა ემსახურება როგორც პროცესის ეკონომიურობის, ისე პაციენტის ინტერესებისა და სახელმწიფოს პრევენციული მიზნების ეფექტიანად უზრუნველყოფის ინტერესებს. იძულებითი მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, ინკვიზიციურ პროცესთან შედარებით, არ შეიძლება განხილულ იქნეს პირის უფლების დარღვევის მექანიზმად. პირველ რიგში, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაზე და მიიჩნევს, რომ ამგვარი პროცესი დაცვის მხარეს ანიჭებს ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა, ალტერნატიული დასკვნის წარდგენა, განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნა. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისას ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობას. გარდა ამისა, მოსამართლე არ არის ვალდებული, გაიზიაროს ექსპერტიზის დასკვნა და შეუძლია, უარი თქვას იძულებითი მკურნალობის დანიშვნაზე. ამავდროულად, მოსამართლის გადაწყვეტილება შესაძლებელია, გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში. ამდენად, მოპასუხე მხარის განმარტებით, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხის გადაწყვეტისას, სრულად არის უზრუნველყოფილი პირის უფლებების დაცვა.

17. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობის ვადები და მის ფარგლებში დაწესებული სავალდებულო შემოწმების ხანმოკლე პერიოდი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იძულებითი მკურნალობის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად მიჩნევის არგუმენტად. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა წარმოადგენს კანონმდებლის ნებას, თუმცა, საკითხის სხვაგვარი მოწესრიგება, მათ შორის, არანებაყოფლობითი მკურნალობის ვადების გაზრდა, მოპასუხე მხარის განმარტებით, სრულად თანხვედრაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

18. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ახორციელებს მხოლოდ ხონის ფსიქიატრიული დაწესებულება. ამავდროულად, მათი განმარტებით, სასამართლო განჩინებაში არ საბუთდება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ხანგრძლივობა და აღნიშნული გადაწყვეტილება სტანდარტულად ეფუძნება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას. პრაქტიკაში კი, ყველაზე ხშირად, ამგვარ ვადად განსაზღვრულია ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა, განსხვავებით არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, რომლისთვისაც საკმარისია რომელიმე ერთი წინაპირობის დაკმაყოფილება.

19. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იძულებითი და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობების კლინიკური პროცედურები ფაქტობრივად იდენტურია − ორივე შემთხვევაში პაციენტებს უტარდებათ მედიკამენტური მკურნალობა და მათ მიმართ არსებითად არ განსხვავდება მოპყრობის პირობებიც. მიუხედავად ამისა, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის რეჟიმი მოითხოვს უფრო ინტენსიურ ჩართულობას მულტიდისციპლინური ჯგუფისგან, ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის ერთდროულად მუშაობას, ვიდრე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა, რაც მკურნალობის სპეციფიკითაა განპირობებული. წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამგვარი პაციენტების კლინიკიდან გაწერა არ ხდება მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველზე, არამედ აუცილებელია სოციალური რისკების შემცირება და პაციენტის საზოგადოებაში დაბრუნების მომზადება, რაც მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობასა და სოციალური გარემოს შესწავლას.

20. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დეტალურად აღწერეს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირის მიმართ მიმდინარე შიდა პროცესები და მულტიდისციპლინური მიდგომის აუცილებლობა. მათი განმარტებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყებისთანავე პაციენტის მიმართ დგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა, რომელსაც ყოველდღიურად ადევნებს თვალს განყოფილების ექიმი. გარდა ფსიქიატრებისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, სოციალური მუშაკები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც აფასებენ როგორც მკურნალობის მიმდინარეობას, ისე პაციენტის ქცევით და სოციალურ რისკებს. პირის სტაციონარში მოთავსებისთანავე ხდება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება. პაციენტი დაწესებულებაში მოხვედრიდან მესამე დღეს ექვემდებარება კომისიურ შემოწმებას ორი ექიმის მიერ, რათა ობიექტურად მოხდეს პირის მდგომარეობის აღწერა, პირისგან მომდინარე აგრესიისა და ძალადობის რისკის განსაზღვრა. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, იგეგმება ფსიქოთერაპიული შეხვედრების განრიგი, ტარდება ჯგუფური თერაპიები, ასევე ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული შეხვედრები. მკურნალობის პროცესში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად არიან ჩართული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

21. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების განმარტებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება ან ვადამდე ადრე შეწყვეტა ხდება კლინიკაში მოქმედი სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც, კანონის მიხედვით, წელიწადში ერთხელ განიხილავს თითოეული პაციენტის მდგომარეობას. პრაქტიკაში, დამატებით, არსებობს თვეში ერთხელ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შიდა მონიტორინგის პროცედურაც. მისივე განმარტებით, კლინიკაში ყოველდღიურად იმართება ხუთწუთიანი მულტიდისციპლინური კონსილიუმები, სადაც მკურნალი ექიმების, იურისტების და სოციალური მუშაკების მონაწილეობით მსჯელობენ პაციენტის მდგომარეობაზე.

22. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომები განაპირობებს იმას, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების საშუალო მკურნალობის ვადა დაახლოებით შეადგენს 13 თვეს და პრაქტიკაში ხშირია აღნიშნული ვადის ადრე შეწყვეტის შემთხვევები. მათივე განმარტებით, ხშირია, აგრეთვე მკურნალი ექიმის მიერ კომისიისთვის პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ვადამდელი შეფასებისთვის მიმართვის შემთხვევები. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც 4 წლის ვადით განსაზღვრული იძულებითი მკურნალობა შეწყვეტილა მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ასევე 4 წლიანი იძულებითი მკურნალობა გაგრძელებულა კიდევ 4 წლის ვადით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის სახით. საბოლოოდ, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები ასკვნიან, რომ, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი ვადამდე ადრე თავისუფლდება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობიდან.

23. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ინსტიტუტის შემოღებამდე დაწესებულება გადატვირთული იყო სასამართლო პროცესებით, კერძოდ, თვეში დაახლოებით სამასამდე სასამართლო სხდომა ტარდებოდა, რაც მძიმე ტვირთი იყო როგორც თავად ხონის ფსიქიატრიული კლინიკისთვის, ასევე სასამართლოსთვის. ახალი რეგულაციის პირობებში, თვეში შეიძლება ჩატარდეს 4-5 სასამართლო პროცესი. სამ ან ექვს თვეში ერთხელ აუცილებელი სასამართლო კონტროლის დაწესება გამოიწვევს გაუმართლებელ ფინანსურ ტვირთს, რომელსაც რეალური გავლენა შედეგზე არ ექნება. მათი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 540 პაციენტი. არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე იმყოფება 80 პაციენტი, ხოლო დანარჩენი - იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირებისთვის ყოველთვიური კომისიური შეფასების შემოღებაც გამოიწვევს ზედმეტ ბიუროკრატიულ და ფინანსურ ტვირთს. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების განმარტებით, მკურნალობის ვადების შემცირება მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით უნდა მოხდეს და არა ზედმეტი ბიუროკრატიული რეგულაციებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს, სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას არსებითად განსხვავებული შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით

1.1. სადავო რეგულაციის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულის შეურაცხადობის საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხს. კერძოდ, თუ დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, სასამართლო, მხარის შუამდგომლობით, შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვეტს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხს. ამასთანავე, მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს.

3. თავის მხრივ, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება შემდეგი ორი პირობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში: ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; და ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.

4. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის ფარგლებში, შეურაცხადობის მიზეზით, პირს ბრალად არ შეერაცხება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და, იმავდროულად, მის მიმართ წყდება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით, პირი ექვემდებარება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას, ამისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ დაწესებულებაში.

5. თავის მხრივ, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის იძულებითი მკურნალობისგან გათავისუფლების რამდენიმე საფუძველს. კერძოდ, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მოსამართლის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის აღმოფხვრილია იძულებითი მკურნალობის კრიტერიუმები, პაციენტი გაწერილი უნდა იქნეს სტაციონარიდან. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესაძლებლობას მოსამართლის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის (შემდგომში − კომისია) ვალდებულებას, პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ მკურნალობის საფუძვლების არსებობა. ამავდროულად, პაციენტის მკურნალი ექიმი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა. თუ კომისია მორიგი ან ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ აღმოიფხვრა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლები, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გაწეროს პაციენტი სტაციონარიდან.

6. ამასთანავე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს პაციენტის მიმართ მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობასაც, თუ მოსამართლის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის არსებობს იძულებითი მკურნალობის კრიტერიუმები. ამ შემთხვევაში, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს პაციენტისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მოთხოვნით, რის შემდეგაც, პაციენტს გაეწევა ფსიქიატრიული დახმარება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად.

7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ მოპყრობას, ვინაიდან ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობის პირობებში, პირი, შესაძლოა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დარჩეს იძულებითი მკურნალობის საფუძვლების ამოწურვის შემდეგაც.

8. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ აფასებს, ზოგადად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კონსტიტუციურობას, არამედ, სასამართლომ უნდა შეაფასოს, ხომ არ შეიცავს სადავო სამართლებრივი მოწესრიგება იმგვარი მოპყრობის რისკს, რომელიც შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს, სადავო მოწესრიგების პირობებში, რამდენად არსებობს პირის იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარების რისკი, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების ამოწურვის შემდეგაც.

1.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოპყრობის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობად კვალიფიცირება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორსა და გარემოებაზე, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „[მოპყრობის] შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532/533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -180). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ცალკეული მოპყრობის ფორმა, თავისი ხასიათის გათვალისწინებით, per se საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული უფლების საწინააღმდეგო შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უადგილო იქნება მოპყრობის მიზნებისა და აუცილებლობის შეფასება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II -18).

11. ზემოაღნიშნული დებულების მიზნებისთვის, მოპყრობა რომ ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად, ის უნდა აღწევდეს სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის განსაზღვრულ დონეს. კერძოდ, იგი, თავისი ინტენსივობით, უნდა აღემატებოდეს ტანჯვის იმ ხარისხს, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის თავისუფლების აღკვეთის ან სხვა ლეგიტიმური თავისუფლებაშემზღუდველი ღონისძიების პირობებში. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -185). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დამამცირებელია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181).

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ეფექტიან დაცვას სახელმწიფოს მიერ პირის თავისუფლების შეზღუდვისა და მისი ინსტიტუციური კონტროლის ქვეშ მოქცევის პირობებში. ასეთ ვითარებაში, პირი, როგორც წესი, იმყოფება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში და არსებითად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ქცევა, მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს მის შესაბამისად ან ეფექტიანად გაუწიოს წინააღმდეგობა მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს. აღნიშნული გარემოება პირს აყენებს განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში და ზრდის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი ღირსების დაცვა და გამორიცხოს ისეთი მოპყრობა, რომელიც, თავისი ინტენსივობით, შეიძლება გასცდეს თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვასთან ბუნებრივად დაკავშირებულ ფიზიკურ თუ სულიერ სატანჯველს.

13. აღნიშნული პრინციპები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, თავისი ბუნების გათვალისწინებით, დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ინტენსიურ ჩარევასთან, თანმდევ განგრძობით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესთან. მასვე თან ახლავს პირის თავისუფლების შეზღუდვა და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებითმა ფსიქიატრიულმა მკურნალობამ შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და არ არის გამართლებული იმით, რომ პირი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან სხვა პირების მიმართ და, შესაბამისად, მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა. ამგვარ ვითარებაში, პირი არა მხოლოდ აგრძელებს თავისუფლების შეზღუდვის პირობებში ყოფნას, არამედ დამატებით ექვემდებარება სამედიცინო ჩარევას მისი ნების საწინააღმდეგოდ და სათანადო საფუძვლების გარეშე. აღნიშნული კი ზრდის რისკს, რომ ასეთი ჩარევა, თავისი ინტენსივობით, გასცდეს ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად აუცილებელ ფარგლებს და გამოიწვიოს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა, რომელიც სცილდება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან ბუნებრივად დაკავშირებულ ტანჯვას, ან შექმნას ისეთი მდგომარეობა, რომელიც პირში აღძრავს შიშის, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას.

14. ამასთანავე, მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტული შემთხვევის გარემოებებზე და უნდა განხორციელდეს როგორც ობიექტური კრიტერიუმების, ისე პირის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. კერძოდ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა პირის ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური და სხვა რელევანტური გარემოებები. შესაბამისად, ერთი და იგივე სამართლებრივი მოწესრიგება, კონკრეტულ შემთხვევაში და სხვადასხვა პირის მიმართ, შეიძლება წარმოშობდეს განსხვავებულ შედეგებს. ასეთ პირობებში, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული სამართლებრივი რეგულაცია ან მისი პრაქტიკული განხორციელება, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, აღწევდეს როგორც დამამცირებელი, ისე არაადამიანური მოპყრობის ზღვარს.

15. სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სახელმწიფოს განკარგულებაშია, ექვემდებარება სახელმწიფოს ინსტიტუციურ კონტროლს და ამის გამო განეკუთვნება განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შექმნას ეფექტიანი გარანტიები არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ ასეთი მკურნალობა განხორციელდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და საკმარისი, მკაფიო და რეალური საკანონმდებლო გარანტიების პირობებში, რაც უზრუნველყოფს, რომ პირი არ დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას სათანადო საფუძვლების გარეშე და არ აიტანოს ისეთი სამედიცინო ჩარევა, რომელიც მას ობიექტურად აღარ ესაჭიროება. ამ მიზნით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობისა და მისი გაგრძელების საჭიროების ეფექტიან კონტროლს. ასეთი მატერიალური და პროცედურული გარანტიების არარსებობის პირობებში, იზრდება რისკი, რომ პირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს თავისუფლების შეზღუდვისა და არასაჭირო სამედიცინო ჩარევის პირობებში, რაც, შეიძლება იწვევდეს ფსიქიკურ სატანჯველს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებასა და პირის მორალურ გატეხას. შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის სამართლებრივი რეგულირება და მისი პრაქტიკული განხორციელება უნდა უზრუნველყოფდეს საკმარის და ეფექტიან მატერიალურ და პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც გამორიცხავს პირის მიმართ ასეთი მოპყრობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების პატივისცემას.

1.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები სტანდარტები იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ინსტიტუტის მიმართ

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში პირის მოთავსება გარდაუვალად აღწევს პირისთვის ფიზიკური და სულიერი სატანჯველის გარკვეულ დონეს, იწვევს სირცხვილისა თუ სხვაგვარი დისკომფორტის შეგრძნებას. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს უკანასკნელი, ისევე, როგორც თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, თავისთავად, არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად.

17. განსახილველი სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში და ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესაძლებლობას პირის შეურაცხადობის საფუძვლით. კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული ქმედების ჩადენის დროს შეურაცხადი იყო, სასამართლო, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ვინაიდან შეურაცხადობა წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას, შეურაცხად პირს ბრალად ვერ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის გამოც, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება და იგი შეიძლება დაექვემდებაროს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას. ამდენად, აღნიშნული ინსტიტუტის ფარგლებში, საქმე არ ეხება ზოგადად ფსიქიკური აშლილობის მქონე ნებისმიერი პირის მკურნალობას, არამედ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რომლის ფსიქიკური მდგომარეობა, ქმედების ხასიათთან ერთად, შესაძლოა, მიუთითებდეს საზოგადოებისთვის ამ პირიდან მომდინარე მომეტებული საფრთხის არსებობაზე. ამასთან ერთად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხორციელდება თავისუფლების შეზღუდვის პირობებში, კერძოდ, სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ სტაციონარში პირის იძულებით მოთავსების გზით, რაც ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს.

18. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის წინაპირობაა ისეთი ფსიქიკური აშლილობის არსებობა, რომლის გამო, პირს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე. ამასთანავე, აუცილებელია, არსებობდეს პირის მხრიდან საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის მიყენების, ამგვარი მუქარის ან ძალადობრივი ქცევის რისკი. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამოიყენება იმ პირების მიმართ, რომლებიც ფსიქიკური მდგომარეობის გამო წარმოადგენენ საფრთხეს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.

19. საქართველოს კანონმდებლობა იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას განსაზღვრავს მკურნალობის სპეციალურ სახედ, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირის მიმართ ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის განხორციელების რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც გულისხმობს როგორც მედიკამენტურ, ისე ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს, მათ შორის, ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების შემუშავებას, ფსიქოთერაპიულ შეხვედრებსა და ჯგუფურ თერაპიებს. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია, დაავადების გამწვავებისა და პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების პრევენცია, პირის სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

20. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ღონისძიების მიზანი პირისთვის ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფაა. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, პირველ რიგში, მიმართულია ამ პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვისკენ და ხორციელდება მათი მკურნალობის მიზნით. მკურნალობის არასათანადო მართვის პირობებში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა საკუთარი გაუცნობიერებელი მოქმედებებით, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს როგორც საკუთარ, ისე სხვა პირების უსაფრთხოებასა და ინტერესებს. სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებით კი უზრუნველყოფილია მკურნალობის პროცესის ოპტიმალური, უწყვეტი მართვა და არსებული საფრთხეების პრევენცია.

21. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ადამიანის ღირსების დაცვა სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავად პირი მოკლებულია უნარს, ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან. აღნიშნული ვალდებულება, კონსტიტუციურად დასაშვებ ფარგლებში და ფორმით, გარკვეულწილად, ასევე მოიაზრებს პირის დაცვას საკუთარი თავისგან მომდინარე საფრთხეებისაგანაც. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რომელთა უზრუნველყოფისთვისაც ზემოაღნიშნული ინსტიტუტის გამოყენება არათუ per se არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ per se გამოხატავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, მისი იზოლაციისა და სამედიცინო მეთვალყურეობის მეშვეობით უზრუნველყოს მისგან მომდინარე საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ზიანის მიყენების პრევენცია.

22. მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, იგი გავლენას ახდენს პირის ფუნდამენტური უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობაზე, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება პირის სამართლებრივ თუ სოციალურ მდგომარეობაზე. პირს, სტაციონარში იძულებითი განთავსებით, ეზღუდება ფიზიკური თავისუფლება, რაც, თავისთავად, მიუთითებს თავისუფლების ინტენსიურ შეზღუდვაზე. იმავდროულად, პირის მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტზე კონტროლის განხორციელებას, ზედამხედველობის რეჟიმისადმი მის დაქვემდებარებასა და გარე სამყაროსგან, გარკვეული დოზით, იზოლირებას, რაც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელის მიერ სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის ხარისხზე. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის იძულებითი მოთავსების შედეგად თავისუფლების შეზღუდვა და პაციენტის მიმართ დაწესებული ზედამხედველობის რეჟიმი, თავის მხრივ, გვერდითი ეფექტის სახით, იწვევს პირის თავისუფალი ქმედებების/გადაწყვეტილებების შეზღუდვას საკმაოდ ფართო სპექტრის ურთიერთობებში, მათ შორის, იქნება ეს პირადი, სოციალური, საგანმანათლებლო, შრომით-პროფესიული, ეკონომიკური თუ სხვა. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცალკეულ პაციენტთან მიმართებით, ზოგადად, შეიძლება დადგეს განათლების მიღებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების გავლის უფლების შეზღუდვის საჭიროება და მნიშვნელოვნად შეფერხდეს პირის ინტელექტუალური განვითარებისა და საზოგადოებაში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. გარდა ამისა, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაკავშირებულია ინდივიდის პირად ცხოვრებაში (თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ჯანმრთელობასთან და მკურნალობის ხერხებთან დაკავშირებით) ინტენსიურ, მათ შორის, მედიკამენტურ-თერაპიულ ჩარევასთან, თანმდევ განგრძობით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესთან. ამასთანავე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ დგება, როდესაც პირის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება ხდება არანებაყოფლობით, რამდენადაც ასეთ დროს პირი მეტად მოწყვლადია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის №2/2/1506 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი გამოყენების პირობები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსების პატივისცემასთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ადამიანის ღირსების აბსოლუტურ დაცვას და კრძალავს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. აღნიშნული დებულება პიროვნებას იცავს არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობისგან, არამედ ისეთი სამართლებრივი ან ფაქტობრივი მდგომარეობისგან, რომელიც ადამიანის ღირსებას ლახავს, აყენებს მას უმწეო მდგომარეობაში ან ქმნის პირობებს, რომელთა ფარგლებში, პირის სოციალური სტატუსი და პიროვნული ავტონომია შესაძლოა უსაფუძვლოდ შეილახოს.

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პაციენტი, რომელიც, საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, მოკლებულია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს, მოწყვლადობის ხარისხის გათვალისწინებით, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის განსაკუთრებულ ობიექტს. შესაბამისად, სახელმწიფოს, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტის, როლი, ასეთ შემთხვევაში, ხდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ვითარებებში.

25. მნიშვნელოვანია, შეფასდეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის სოციალური შედეგებიც. საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კვლავ აღიქმება სტიგმის, ტაბუს საბაბად და სოციალური გაუცხოების წყაროდ, რაც იწვევს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. მათ მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეინიშნება უარყოფითი განწყობა, შიში და გაუცხოება, რაც, ჩვეულებრივ, შესაძლებელია, არ ეფუძნებოდეს ინდივიდუალური მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას, არამედ წინასწარ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს. აღნიშნულმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მდგომარეობა და შექმნას გარემო, სადაც ასეთი პირები არ იქნებიან განხილულნი სოციალური ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტებად.

26. იძულებითი მკურნალობის პროცესში განცდილმა სირცხვილმა, სტრესმა და საზოგადოების მხრიდან უარყოფის მოლოდინმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს პირის მდგომარეობა და უფრო მეტად მოწყვლადი გახადოს იგი, ამან კი არსებითად შეაფერხოს მისი რესოციალიზაციის პროცესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, განავითაროს სოციალური კავშირები და რეალიზდეს როგორც დამოუკიდებელი პიროვნება.

27. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ყოველთვის შეიცავს ადამიანის ავტონომიურობაში გადამეტებულად ჩარევის რისკს და მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის თავისუფალი თვითგამორკვევის შესაძლებლობას. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მოთავსებით, პირი კარგავს არა მხოლოდ ფიზიკურ თავისუფლებას, არამედ ზოგადად საკუთარი კარნახით ცხოვრების შესაძლებლობას. ამგვარ ჩარევას შეიძლება ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდეს და არსებითი გავლენა მოახდინოს პირის სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობიდან მომდინარე მძიმე შეზღუდვების გათვალისწინებით, ასეთი მკურნალობა კონსტიტუციურად დასაშვები შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გრძელდება მხოლოდ იმ ვადით, რაც ობიექტურად აუცილებელია პირის გამოჯანმრთელების ან მისგან მომდინარე სოციალური რისკების/საფრთხეების პრევენციის, აღმოფხვრისთვის. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობისა და მისი პერიოდული გადახედვის საკანონმდებლო მოწესრიგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ გარანტიებთან მიმართებით. მკურნალობის ხელოვნური, გაუმართლებელი გახანგრძლივება უსაფუძვლოდ ზღუდავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, ისევე, როგორც სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებითა თუ თავისუფლებით სარგებლობას, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპს და იწვევს მის მიმართ არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ინსტიტუტი ემსახურება თავად პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის, პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე სოციალური საფრთხეების ნეიტრალიზაციას და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნის უზრუნველყოფას, თუმცა მასვე ახლავს პირის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსებითი შეზღუდვა, სტიგმატიზაცია და სოციალური გარიყვის რეალური რისკი. სწორედ ამიტომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობისა და მძიმე სოციალური შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება იმგვარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის ვალდებულება, რომლის ფარგლებში, პირი დაცული იქნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივებისგან. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების განსაკუთრებით მაღალი მოწყვლადობის გათვალისწინებით, პირთა აღნიშნული კატეგორიის მკურნალობის პირობები და ხანგრძლივობა საჭიროებს მკაცრ ზედამხედველობას სახელმწიფოს მხრიდან. ამგვარი გარანტიების არარსებობის პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაკარგავს კონსტიტუციურად ლეგიტიმურ ხასიათს და შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობად.

1.4. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისას არსებული პროცედურული გარანტიები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს, აუცილებლად მიიჩნევს იმ პროცედურული გარანტიების არსებობას, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს პირის ღირსების დაცულობა. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული მოპყრობის პრევენცია სწორედ პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფით არის შესაძლებელი. ამ მხრივ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ისეთი პროცედურული ჩარჩოს არსებობას, რომელიც გამორიცხავს პირის უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ავტომატურ და თვითნებურ გაგრძელებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის თავისუფლება იძულებით იზღუდება, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პაციენტის განთავსება სპეციალურ დაწესებულებაში და მისი თავისუფლების შეზღუდვა, ვერ შეუქმნის, pers se, მისი ღირსების დაცულობას რაიმე საფრთხეს თუკი, სათანადო სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფით, ფაქტობრივად გამოირიცხება იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივება.

30. ზოგადად, ფსიქიკური აშლილობა არ წარმოადგენს სტატიკურ მდგომარეობას და, როგორც წესი, არ ხასიათდება ერთგვაროვანი დინამიკით. იგი სხვადასხვა პირთან მიმართებით სხვადასხვა დაავადებისას განსხვავებული სიმპტომით, სიმძიმით, გამოვლინების ფორმითა და კლინიკური სირთულით ვლინდება. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქიკური აშლილობა მძიმე, ქრონიკული ბუნებისაა და ხანგრძლივ მკურნალობას ექვემდებარება, ხოლო სხვა შემთხვევებში − შედარებით მსუბუქი და მკურნალობაზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონეა. ამასთანავე, ერთი და იმავე დიაგნოზის პირობებშიც კი, დაავადების პროგრესი და გამოჯანმრთელების დინამიკა არსებითად განსხვავდება ინდივიდუალური სპეციფიკის, მათ შორის, სხვადასხვა პირის ფსიქოემოციური მდგომარეობის, სოციალური გარემოსა და მკურნალობის ეფექტიანობის მიხედვით. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობა ვერ დაეფუძნება უნიფიცირებული მიდგომის ფარგლებში, მხოლოდ საწყის შეფასებას ან წინასწარ განსაზღვრულ ვადებს და აუცილებელს ხდის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გონივრული ინტერვალებით პერიოდულ, უწყვეტ და ინდივიდუალურ გადახედვას. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების არსებობის მუდმივად გადამოწმება, გონივრული ინტერვალით, წარმოადგენს მკურნალობის თვითნებური, გაუმართლებელი გახანგრძლივების პრევენციისთვის აუცილებელ პროცედურულ მექანიზმს და უზრუნველყოფს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება მკაცრად ეფუძნებოდეს მიმდინარე სამედიცინო საჭიროებას და არსებული საფრთხეების რეალურობას.

31. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, გონივრული ინტერვალებით, რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ისეთი პროცედურით, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს თვითნებური ჩარევის თავიდან აცილებას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა. სწორედ სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს თვითნებობისგან დაცვის ინსტიტუციურ გარანტს, რომელსაც გააჩნია კონსტიტუციური მანდატი, საბოლოოდ გადაწყვიტოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში შესაბამისი ჩარევის დასაშვებობა კონკრეტულ შემთხვევაში.

32. სასამართლოს მხრიდან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების კონტროლის მნიშვნელობას აძლიერებს თავად აღნიშნული ინსტიტუტის ბუნება და მისგან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვების განსაკუთრებული სიმძიმე. როგორც უკვე აღინიშნა, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პირობებში, პირი ექცევა სამედიცინო პერსონალის ინტენსიური ზედამხედველობის რეჟიმში. მის მიმართ გამოყენებული მედიკამენტოზური ან სხვა სამკურნალო ღონისძიებები, შესაძლოა, აღწევდეს ისეთი ინტენსივობის დონეს, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს პირის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმყარეზე. ამასთანავე, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის დამახასიათებელი სპეციალური რეჟიმი, ხშირად, უკავშირდება პირის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსებით შეზღუდვას, სტიგმატიზაციისა და სოციალური გარიყვის რეალურ რისკს.

33. სწორედ ამიტომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევასთან დაკავშირებული ინტენსივობისა და შესაძლო მძიმე სოციალური შედეგების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ პირს გადაჭარბებულ და მტანჯველ ტვირთად არ დააწვეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ღონისძიების მიმდინარეობის სამართლებრივი კონტროლი. აღნიშნული კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც პირს წართმეული აქვს უნარი, სრულად გააცნობიეროს მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის მნიშვნელობა და სამომავლო შედეგები, იმავდროულად, არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების დატოვების შესახებ. ასეთ ვითარებაში, იზრდება რისკი იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან კონტროლის არარსებობის პირობებში, სამკურნალო დაწესებულებამ გადაამეტოს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“-II-205), რაც სასამართლო კონტროლს აქცევს უალტერნატივოდ, იმოქმედოს, როგორც კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვის საპროცესო გარანტორმა.

34. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში, მკურნალობის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, თავისი ბუნებით, ვერ ჩაანაცვლებს სასამართლოს მიერ განხორციელებულ ავტომატურ და პერიოდულ კონტროლს. გასაჩივრების უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია თავად პაციენტის ან მესამე პირის (კანონიერი წარმომადგენლის ან ადვოკატის) ინიციატივაზე. ფსიქიკური დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტი შესაძლოა, მოკლებული იყოს საკუთარი უფლებების სრულად გააზრებისა და მათი ეფექტიანი რეალიზების უნარს, არ იცოდეს გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობის შესახებ ან ობიექტურად ვერ შეძლოს შესაბამისი პროცედურის წამოწყება, მაშინაც კი, როდესაც მისი მდგომარეობა აღარ ამართლებს სტაციონარულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საჭიროებას. ამ მხრივ, აღნიშნული უფლების ვერც პაციენტის კანონიერი წარმომადგენლისთვის, ნათესავისთვის თუ ადვოკატისთვის მინიჭება ვერ იქნებოდა საკმარისი მექანიზმი, ვინაიდან მისი განხორციელება ინდივიდუალური ნების არსებობას დაეფუძნებოდა.

35. ამ თვალსაზრისით, სავალდებულო და გონივრულ პერიოდულობაზე დაფუძნებული სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული კონტროლი წარმოადგენს თვისებრივად განსხვავებულ პროცედურულ გარანტიას, რომელიც დამოუკიდებლად, პირის ან მისი წარმომადგენლის ნების, აქტიურობისა და კეთილსინდისიერებისგან განურჩევლად, ამოწმებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას. სწორედ ასეთი მექანიზმი ქმნის თვითნებური და უსაფუძვლოდ გახანგრძლივებული ჩარევის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციურ ბარიერს და უზრუნველყოფს ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვის რეალურ და არა მხოლოდ ფორმალურ გარანტიას.

36. იმავდროულად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის მართებულად შეფასებისთვის, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირის მონაწილეობას სასამართლო განხილვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა მან შესაბამისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენის გზით, არსებითი გავლენა მოახდინოს საკითხის გადაწყვეტაზე, ხოლო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, პაციენტის მოსმენისა და მასზე დაკვირვების შედეგად, შეიქმნას საკუთარი აზრი პირის ფსიქიკური მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის და ხასიათის, დაავადების შესაძლო შედეგების, პირის სოციალური ცხოვრების, ჯანმრთელობის, ქონებრივი ინტერესების შესახებ. ასევე იმის განსაზღვრისათვის, თუ რა სახის ქმედებების შეგნების ან/და ხელმძღვანელობის უნარი გააჩნია/არ გააჩნია პირს და ა.შ. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 150).

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი შესაძლებელია, მოკლებული იყოს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის ან წარმომადგენლისათვის მითითებების მიცემის შესაძლებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, აუცილებელია, პირი უზრუნველყოფილ იქნეს უფლებით, მოსმენილი იყოს სასამართლოს მიერ პირადად, ან/და საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. ფსიქიკური დაავადება, შესაძლებელია იწვევდეს აღნიშნული უფლებით სარგებლობის მოდიფიცირებას ან ნაწილობრივ შეზღუდვას, მაგრამ ასეთი ზომები არ უნდა ლახავდეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობისა და სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლების არსს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-146).

38. შესაბამისად, პირისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისას სასამართლო კონტროლის განხორციელების უფლება და მასთან დაკავშირებული ეფექტიანი საპროცესო გარანტიები, მათ შორის, პაციენტის უფლება, მოსმენილი იყოს სასამართლოს მიერ პირადად, თუ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას ან მის მიერ შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით.

39. შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თვითნებური გახანგრძლივებისგან დაცვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიმდინარეობის საჭიროების სასამართლოს მიერ გონივრული პერიოდულობითა და ეფექტიანი პროცედურებით შეფასების უზრუნველყოფა. სასამართლო კონტროლი წარმოადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უალტერნატივო და ფუნდამენტურ პროცედურულ გარანტიას.

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის დროს პირის ღირსების დაცვის პროცედურულ გარანტიას სრულად უზრუნველყოფს მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან კონტროლის მექანიზმის დანერგვა, იმ პირობით, რომ სავალდებულო სასამართლო გადასინჯვა ხორციელდება გონივრული ინტერვალებით. მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ პირის ფსიქიკური აშლილობის დინამიკური და მუდმივად ცვალებადი ბუნება, აგრეთვე მკურნალობის პროცესის მიმდინარეობა მოითხოვს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გონივრულად მოკლე პერიოდულობით გადამოწმებას. ამასთანავე, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეალური დატვირთვის პირობებში, სასამართლოს მიერ ასეთი მოკლე ინტერვალებით კონტროლის განხორციელება ყოველთვის შესაძლოა პრაქტიკულად ვერ იქნეს უზრუნველყოფილი. თუმცა აღნიშნულმა გარემოებამ არ უნდა შეაფერხოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროების გონივრულად მოკლე პერიოდით გადახედვის აუცილებლობა. ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის არსებობა, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს მიერ განსახორციელებელ პერიოდულ გადახედვებს შორის, შუალედებში, ობიექტურობის პრინციპის დაცვით, იქნება უზრუნველყოფილი პირის მდგომარეობისა და მკურნალობის გაგრძელების საჭიროების რეგულარული შეფასება. სწორედ ასეთი კონტროლი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას იმისთვის, რომ პირის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა არ გაგრძელდეს იმაზე ხანგრძლივი დროით, ვიდრე ამას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოთხოვნები რეალურად ამართლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, აგრეთვე განმარტავს, რომ სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა იმის გადაწყვეტა, თუ რა ინსტიტუციური ან პროცედურული მექანიზმის მეშვეობით უზრუნველყოფს აღნიშნული მიზნის მიღწევას. კერძოდ, ასეთი კონტროლი შესაძლებელია, განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, სპეციალური კომისიური შემოწმების გზით, შესაბამისი დარგის სპეციალისტების, სათანადო პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციის მქონე პირების მონაწილეობით, პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის გაგრძელების საჭიროების შეფასების უზრუნველყოფით. იმავდროულად, იმის მიუხედავად, თუ რა კონკრეტული მოდელი იქნება არჩეული, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უზრუნველყოფდეს საკითხის ყოველმხრივ ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას. აღნიშნულისთვის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდეს მხოლოდ სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შეფასებას, არამედ უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული პროფესიული ხედვის არსებობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობის გზით. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ერთსა და იმავე დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი, როგორც წესი, იზიარებს მსგავს კლინიკურ პრაქტიკასა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს, რაც შეიძლება განაპირობებდეს საკითხის მიმართ ერთგვაროვანი ხედვების ჩამოყალიბებას. ასეთ პირობებში არსებობს რისკი, რომ გადაწყვეტილება დაექვემდებაროს ერთიან ინსტიტუციურ შეფასებას, რომელიც შეიძლება ნაკლებად კრიტიკულად ან, პირიქით, ზედმეტად მკაცრად აფასებდეს პირის მდგომარეობას. დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობა კი ამცირებს მსგავსი ერთგვაროვანი მიდგომის გავლენასა და უზრუნველყოფს საკითხის მრავალმხრივ, კრიტიკულ და ობიექტურ შეფასებას. იმავდროულად, აღნიშნული გარანტიის ქმედითობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწვეული სპეციალისტის შეფასებას ჰქონდეს გადაწყვეტილებაზე რეალური გავლენის მოხდენის უნარი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალური კომისიის არსებობას, რომელიც წელიწადში ერთხელ განიხილავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საჭიროებას. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შედის მოწვეული ექსპერტი. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართულობას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების წესის პირობებში (გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით) მოწვეული სპეციალისტის შეფასებას, შესაძლოა, არ ჰქონდეს გადაწყვეტილებაზე რეალური გავლენის მოხდენის უნარი. ამდენად, ერთი მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს განსხვავებული პროფესიული აზრის სათანადოდ წარმოდგენას, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

41. როგორც უკვე აღინიშნა, ფსიქიკური აშლილობის მიმდინარეობა და გამოჯანმრთელების დინამიკა ინდივიდუალურია და წინასწარ ზუსტი, უნივერსალური პროგნოზირების შესაძლებლობას არ ექვემდებარება, რის გამოც, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროება შეუძლებელია ზუსტად შეესაბამებოდეს წინასწარ განსაზღვრულ ვადებს. ამ პირობებში, იძულებითი მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობის ვადამდელი შეფასების ინიცირების შესაძლებლობის არსებობა განხილულ უნდა იქნეს მნიშვნელოვან პროცედურულ გარანტიად. იმავდროულად, აღნიშნული პროცედურის წამოწყების უფლების თავად პაციენტისთვის მინიჭება წარმოადგენს აუცილებელ მექანიზმს, რომელიც რეალურად იცავს მას მესამე პირთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან და აძლევს მას შესაძლებლობას, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, სწრაფად დატოვოს სტაციონარი. ამდენად, ისეთი საკანონმდებლო მოდელი, რომელიც პაციენტს აღჭურავს უფლებამოსილებით, თავად მიმართოს საკითხის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების შეფასებისთვის, ამცირებს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების რისკს და წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტს საიმისოდ, რომ ჩარევა გაგრძელდეს მხოლოდ იმ ვადით, რა პერიოდიც ობიექტურად აუცილებელია იძულებითი მკურნალობის მიზნების უზრუნველყოფისთვის. ამდენად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში, აუცილებელია პირი თავად იყოს აღჭურვილი უფლებით, მიმართოს საკითხის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს ვადამდელი შეფასებისთვის.იმავდროულად, იმისათვის, რომ გამოირიცხოს აშკარად უსაფუძვლო შუამდგომლობები, კანონმდებელს, საქართველოს კონსტიტუციასთან თანმხვედრი, შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრით, შეუძლია, უზრუნველყოს ისეთი რეგულაციის შემუშავება, რომელიც თავიდან აიცილებს პირის მიერ უსაფუძვლო ან ბოროტად გამოყენებულ, ზედმეტად ხშირ შუამდგომლობებს. ბუნებრივია, ეს შეზღუდვები არ უნდა ლახავდეს პირის უფლებას, რეალურად და ეფექტიანად მოითხოვოს მისი მდგომარეობის გადახედვა, მაშინ, როდესაც ამის ობიექტური საფუძველი არსებობს.

42. გასათვალისწინებელია, რომ ფსიქიკური დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, პირი შესაძლოა, სხვადასხვა ხარისხით იყოს მოკლებული საკუთარი უფლებების სრულად გააზრებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების უნარს. ამ ვითარებაში, მხოლოდ ფორმალურად მინიჭებული პროცედურული გარანტიები ვერ ჩაითვლება პირის ინტერესების რეალური დაცვის საკმარის საშუალებად, თუ მათი გამოყენება პრაქტიკულად დამოკიდებულია მხოლოდ თავად პაციენტის უნარზე, გააცნობიეროს მისთვის მინიჭებული უფლებების, მათ შორის, პროცედურული უფლებების შინაარსი. შესაბამისად, იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს პაციენტის უფლებათა დაცვის ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი, აუცილებელია, პაციენტისთვის მინიჭებული უფლებების განხორციელება, ასევე შეეძლოს მის კანონიერ წარმომადგენელს, ნათესავსა და ადვოკატს და უზრუნველყოფილ იქნეს მათი რეალური და სავალდებულო მონაწილეობა იმ პროცესებში, სადაც განიხილება პაციენტის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების საკითხი.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ფარგლებში, პაციენტი დაცული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან, აუცილებელია, მთელი რიგი პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, საჭიროა, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების გონივრული ინტერვალებით სასამართლოს მიერ სავალდებულო, პერიოდული გადახედვა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესზე სასამართლო კონტროლის განხორციელება დაკავშირებულია სახელმწიფოსათვის აუწეველ ტვირთთან, დასაშვებია ამგვარი კონტროლის განხორციელება სპეციალური კომისიის მიერ იმავე პირობით − მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, გონივრული ინტერვალებით და იმის უზრუნველყოფით, რომ გათვალისწინებულ იქნება სასამართლოს მიერ პირის მდგომარეობის პერიოდული სავალდებულო კონტროლი. გარდა ამისა, აუცილებელია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადამდელი შეფასების ინიცირების ქმედითი მექანიზმის არსებობა, რომლის ფარგლებშიც თავად პაციენტი იქნება აღჭურვილი უფლებით, მიმართოს საკითხის განმხილველ ორგანოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების არსებობის გადახედვის თაობაზე. ცხადია, საჭიროა ისიც, რომ აღნიშნული მექანიზმების მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად იყოს ფორმულირებული, რომ არ უშვებდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თვითნებურად გახანგრძლივების შესაძლებლობას.

1.5. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ინსტიტუტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სტანდარტებთან

44. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის ფარგლებში, შეურაცხადობის მიზეზით, პირს ბრალად არ შეერაცხება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მის მიმართ წყდება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე და ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი, პირი ექვემდებარება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას, ამისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არაუმეტეს 4 წლის ვადით. მაშასადამე, ხსენებული ნორმის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო ბრალდებულის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორი კუმულატიური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში − როდესაც, ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და, ამასთანავე, ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს მის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.

45. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, გაანალიზებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი, მოქმედი კანონმდებლობას. კერძოდ, გამოარკვევს, რა პროცედურით მიიღება პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის/იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და რა გარანტიებით სარგებლობს პაციენტი ხსენებულ პროცესში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ უკვე მიუთითა პირის იძულებითი მკურნალობისგან გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული საფუძვლები, ერთი მხრივ, უკავშირდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გასვლას, ხოლო მეორე მხრივ, მორიგ და ვადამდელ შეფასებას. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის აღმოფხვრილია იძულებითი მკურნალობის კრიტერიუმები, პაციენტი გაწერილ უნდა იქნეს სტაციონარიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაგრძელდეს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა.

46. მოქმედი კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესაძლებლობას, მოსამართლის მიერ განსაზღვრული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ამოწურვამდე. ამ მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია კომისიის ვალდებულება, პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ მკურნალობის საფუძვლების არსებობა. კომისიის შექმნის წესსა და კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის პირველი ოქტომბრის №01-69/ნ ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან და მის შემადგენლობაში შედიან მკურნალი ექიმ-ფსიქიატრი, დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრი, დაწესებულების ფსიქიატრიის დარგის მუშაკი, დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი და მოწვეული სპეციალისტი. ამდენად, კომისია დაკომპლექტებულია ფსიქიატრიული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალისგან და მოწვეული სპეციალისტისგან. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კომისიის გაფართოება სხვა სპეციალისტების მოწვევით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

47. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია პაციენტის მკურნალი ექიმის უფლებამოსილება, მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ვადამდელი შეფასებისთვის. თუ ზემოაღნიშნული შეფასებების საფუძველზე, დადგინდება, რომ პირის მიმართ აღარ არსებობს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლები, პაციენტი გაეწერება სტაციონარიდან.

48. ამდენად, მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, სტაციონარულ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მდგომარეობის სავალდებულო შეფასება ხორციელდება მოთავსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ იმ სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტებულია ფსიქიატრიული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალისგან და მოწვეული სპეციალისტისგან. ასევე, მხოლოდ მკურნალ ექიმს გააჩნია უფლებამოსილება, ზემოაღნიშნულ სავალდებულო შეფასებამდე, სპეციალური კომისიის წინაშე მოითხოვოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროების ვადამდელი შეფასება. აღნიშნულის მიღმა, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის სხვა პროცედურულ გარანტიებს. მოცემულ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად საკმარისია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზემოაღნიშნული გარანტიები საიმისოდ, რომ პირი დააზღვიოს გაუმართლებელი, საჭიროზე მეტი ვადით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან.

49. აღსანიშნავია, რომ პირი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას შესაძლოა, დაექვემდებაროს ხანგრძლივი ვადით. აღნიშნული ხანგრძლივი ვადა შეიძლება განისაზღვროს პირის სტაციონარში მოთავსებისას, სასამართლოს მიერ და შეიძლება შეადგენდეს 4 წელსაც კი, თუმცა, იგი გაგრძელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე − პირის გამოჯანმრთელებამდე ან მისგან მომდინარე სოციალური რისკების შემცირებამდე, რაც საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს შეიძლება უკავშირდებოდეს. ასეთი ჩარევის ხანგრძლივი და პოტენციურად განუსაზღვრელი ხასიათი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის იმგვარი პროცედურული მექანიზმების არსებობას, რომლებიც რეალურად და ეფექტიანად დაიცავს პირს იძულებითი მკურნალობის თვითნებური, გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან.

50. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, თავისი ინსტიტუციური როლისა და კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინებით, იმთავითვე მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს, კონკრეტულად რა დროითი ინტერვალი უნდა ჩაითვალოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების გადამოწმებისთვის აუცილებელ გონივრულ პერიოდად, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მოითხოვს შესაბამის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას. უფრო მეტიც, ფსიქიკური დაავადებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მკურნალობის წინასწარი ხანგრძლივობის უტყუარად პროგნოზირება შესაძლებელია, გასცდეს ექსპერტის შესაძლებლობასაც. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეაფასოს დადგენილი ინტერვალის კონსტიტუციური გონივრულობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის კონტექსტში.

51. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე შეაფასა ინდივიდზე დაკისრებული ის ტვირთი, რაც გამოწვეულია იძულებითი მკურნალობით. აღნიშნული ტვირთვის სიმძიმე და სერიოზულობა მოითხოვს, რომ ამგვარი მკურნალობა ყოველთვის ეფუძნებოდეს რეალურ და მიმდინარე საჭიროებას. სწორედ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო შემოწმების პერიოდი განისაზღვროს იმგვარად, რომ იგი უზრუნველყოფდეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის უსაფუძვლოდ გახანგრძლივების რისკის შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე შემცირებას. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სავალდებულო ერთწლიანი ინტერვალი ობიექტურად ვერ ჩაითვლება დროული შეფასების პერიოდად.

52. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ პრაქტიკაში პაციენტები იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობიდან ხშირად თავისუფლდებიან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში. დასახელებული გარემოება ადასტურებს, რომ ფსიქიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება დადგეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო შეფასების ინტერვალზე მოკლე პერიოდში, რაც კიდევ უფრო მეტად მყარ ნიადაგს ქმნის დასკვნისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების გადამოწმების სავალდებულო ერთწლიანი პერიოდი ვერ პასუხობს პირის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე მორგებულ, დროული და ეფექტიანი პროცედურული კონტროლის კონსტიტუციურ მოთხოვნას.

53. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, უზრუნველყოფილია სპეციალური კომისიის არსებობა, რომელიც წელიწადში ერთხელ განიხილავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საჭიროებას. მოქმედი კანონმდებლობით ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია დაკომპლექტებულია პირის მკურნალობის პროცესში უშუალოდ ჩართული ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების პერსონალითა და, იმავდროულად, უზრუნველყოფილია მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

54. აღნიშნული წესის პირობებში არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ წევრთა ხმებით, რომლებიც ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალს წარმოადგენენ. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ერთსა და იმავე დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტები შესაძლოა, მოქმედებენ ერთგვაროვანი კლინიკური პრაქტიკისა და მეთოდოლოგიური მიდგომების ფარგლებში, რაც შესაძლოა, განაპირობებდეს საკითხის მიმართ მსგავსი ხედვების ჩამოყალიბებასა და მკურნალი ექიმის დასკვნების ნაკლებ კრიტიკულად შეფასებას.

55. ასეთ ვითარებაში, კომისიის საქმიანობაში დამოუკიდებელი სპეციალისტების ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ქმნის სამართლიანობისა და ობიექტურობის გარანტიას, თუმცა აღნიშნული გარანტიების ქმედითობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწვეული სპეციალისტის შეფასებას ჰქონდეს გადაწყვეტილებაზე რეალური გავლენის მოხდენის უნარი. ერთი მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს განსხვავებული პროფესიული აზრის სათანადო წარმოდგენას, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება არ დაეფუძნოს პირის ინდივიდუალური მდგომარეობის სრულად ობიექტურ და მრავალმხრივ შეფასებას. ამდენად, კომისიური შემოწმების არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ გადაწყვეტილების მიღების წესი უზრუნველყოფდეს დამოუკიდებელი ექსპერტული შეფასების რეალურ გავლენას საკითხის საბოლოო გადაწყვეტაზე და გამორიცხავდეს მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ იმ სპეციალისტთა პოზიციით, რომლებიც ჩართულნი არიან პაციენტის მკურნალობის პროცესში.

56. ამავდროულად, სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შემდგომი მკურნალობის საჭიროების სასამართლოს მხრიდან კონტროლის ვალდებულებას, როგორც თვითნებობისგან დაცვის ინსტიტუციურ გარანტს. მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ადგენს მკურნალობის საჭიროების გაგრძელებაზე სავალდებულო სასამართლო კონტროლის ვალდებულებას, იგი არც იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირებისთვის მკურნალობის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოსათვის უშუალოდ და პირდაპირ მიმართვის უფლებას განსაზღვრავს. შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში არ არის უზრუნველყოფილი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელებაზე სასამართლოს მიერ სავალდებულო და პერიოდული კონტროლის ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს თვითნებობისგან დაცვის უმთავრეს პროცედურულ გარანტიას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არც იმ მინიმალური დაცვის მექანიზმს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში ეფექტიან გადამოწმებას უზრუნველყოფდა გასაჩივრების გზით.

57. სადავო საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, არ არსებობს თავად იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირებისთვის მკურნალობის შეწყვეტის მოთხოვნით საკითხის განმხილველი უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. მოქმედი ნორმატიული სივრცე ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურავს მხოლოდ მკურნალ ექიმს. შესაბამისად, მკურნალობის საჭიროების ვადამდელი გადასინჯვის ინიცირების უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელზე. პაციენტისათვის მისი მკურნალობის საჭიროების ვადამდე გადახედვის მოთხოვნის უფლების არარსებობა აძლიერებს იმ რისკს, რომ მკურნალობის გაგრძელება დაეფუძნოს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების შიდა შეფასებებს, რა დროსაც, შესაძლოა, ვერ იქნეს დაზღვეული სამედიცინო დაწესებულების მხრიდან გულგრილობის საფრთხე, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მკურნალი ექიმის დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დამცავი საკანონმდებლო მექანიზმები.

58. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღნიშნა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ინტენსიურ ჩარევასთან და გულისხმობს პირის განგრძობით მოთავსებას სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში. ასეთი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის პიროვნულ ავტონომიასა და თავისუფალი თვითგამორკვევის შესაძლებლობას, აწესებს მის მიმართ მკაცრ ინსტიტუციურ კონტროლს და უკავშირდება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტვირთს, რომელიც თან ახლავს სოციალური გარემოდან იზოლაციასა და ყოველდღიური ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობის დაკარგვას. ამგვარ პირობებში, პირის საზოგადოებისგან და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობიდან იზოლაცია, რომელიც აღარ არის განპირობებული სამედიცინო საჭიროებით ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით, სცილდება თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვასთან ბუნებრივად დაკავშირებულ ტვირთს და პირს აყენებს განგრძობითი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესისა და უმწეობის მდგომარეობაში, რაც თავისი ინტენსივობითა და შედეგებით შეიძლება გაუტოლდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.

59. მოქმედი ნორმატიული ბაზის ანალიზი ცხადყოფს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხი ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივებისათვის ანგარიშგასაწევ საფრთხეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან და აღნიშნულ პროცესში ჩართული მესამე პირების მხრიდან გულგრილად მოქმედებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან საკანონმდებლო გარანტიებს, რაც გამორიცხავს ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელ გახანგრძლივებას, იქმნება პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

60. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კანონმდებლის მხრიდან მოითხოვს იმგვარი ნორმატიული წესრიგის შემოღებას, რომელიც მკაფიო კრიტერიუმებითა და საკმარისი სიცხადით, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების 31-ე-43-ე პუნქტები) მხედველობაში მიღებით, უზრუნველყოფს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით, ობიექტური შემოწმების, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირების და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულებას. აღნიშნული მექანიზმების ქმედითობისთვის, პირის ინტერესების ეფექტიანად დაცვისთვის აუცილებელია, კანონმდებელმა ქმედითი უფლებებით აღჭურვოს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავი და ადვოკატი და გაითვალისწინოს შესაბამის პროცესებში აღნიშნულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფის გარანტიები.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

61. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას, ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულებით უზრუნველყოფილია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.

62. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სადავო ნორმის კონსტიტუციის რომელიმე დებულებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, აღარ შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ახდენს არსებით გავლენას მოსარჩელის უფლებების დაცვაზე“.

63. მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა გასაჩივრებული რეგულაციების კონსტიტუციურობის საკითხი და დაადგინა, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. მოცემული სადავო რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა იმ პროცედურული გარანტიების არარსებობამ, რომლის პირობებში, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირი დაცული იქნება თვითნებური მკურნალობისგან, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საჭიროებისგან, მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის ობიექტური საფუძველი. მოსარჩელე მხარე სადავო რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს სწორედ პროცედურული გარანტიების არარსებობაზე. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებს დამოუკიდებლად კონსტიტუციურობის შემოწმებას სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაფასებს სადავო რეგულაციის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდგომ, თითოეული რეგულაცია დამოუკიდებლად შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი, შესატყვის კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.

3. სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების გადავადება

65. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შემდგომ მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ეფექტიანი პროცედურული გარანტიების არარსებობა, რაც დაიცავს მას თვითნებური იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავად იძულებითი მკურნალობის ინსტიტუტს არ მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შეუთავსებლად, ვინაიდან იგი, როგორც უკვე განიმარტა, ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფას. შესაბამისად, სადავო ნორმების გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ძალადაკარგულად ცნობა საფრთხეს შეუქმნის ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და შეუძლებელს გახდის, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსებას.

66. ამავე დროს, საკითხის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით მოწესრიგება საჭიროებს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებს და მოითხოვს გარკვეული პროცედურული საკითხების მოწესრიგებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე მიუთითა იმ საკანონმდებლო გარანტიებზე, რომლებიც აუცილებელია, თან ახლდეს სადავოდ გამხდარი ღონისძიების გამოყენებას. აღნიშნული კი გულისხმობს, წინამდებარე გადაწყვეტილების 31-ე-43-ე პუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით, ობიექტურად შეფასების, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის რეგულირების შემოღების ვალდებულებას, ასევე პაციენტის ინტერესების ეფექტიანად დაცვისთვის ზემოაღნიშნულ პროცესებში პირის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში ნათესავისა და ადვოკატის მონაწილეობისა და მათი შესაბამისი უფლებებით აღჭურვის უზრუნველყოფას. ბუნებრივია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თითოეული ღონისძიების მომწესრიგებელი ნორმა შესაძლოა, ცალკე დაექვემდებაროს კონსტიტუციურობის შემოწმებას სათანადო კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.

67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2026 წლის პირველი ნოემბრიდან, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებები და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

2. შეწყდეს საქმე №1794 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2026 წლის პირველი ნოემბრიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ