• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 აპრილის №2/3/1609 გადაწყვეტილება საქმეზე „ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N2/3/1609
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 30 აპრილი 2026
გამოქვეყნების თარიღი 30 აპრილი 2026 15:47

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – ბუდუ შეყილაძე და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი ლაბაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: ქრისტინე კუპრავა, ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1609) მომართა ბუდუ შეყილაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 28 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №2/6/1609 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 31 იანვარს.

2. №1609 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია თანასწორობის უფლება.

5. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე, პენსიაზე უფლება ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, წარმოეშობათ ადრეულ ასაკში, კერძოდ, 60 წლიდან. მოსარჩელის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირების ნიშანი არის სქესი, რის გამოც, დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მკაცრი ტესტის გამოყენებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ხდება საპენსიო ფონდის ფორმირება, დასაქმებულ ქალსაც და მამაკაცსაც შეაქვთ თანაბარი წვლილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკურად ქალების რაოდენობა მეტია, როგორც დაბადების, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება მამაკაცისთვის საპენსიო ასაკის ქალებთან შედარებით 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

6. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულობის ფარგლები. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანი იმ ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებაა, რომელიც შექმნილია სოციალური რეალობიდან გამომდინარე. კერძოდ, მოპასუხის არგუმენტაციით, ზოგადად, ქალებს მეტად უწევთ შინამეურნეობაში არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება. ამავდროულად, მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა. ქალს, ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისას, აქვს კარიერული წყვეტა, ვერ ახორციელებს შენატანებს საპენსიო ფონდში და, შესაბამისად, ნაკლები დანაზოგი უგროვდება. მოპასუხე მხარე, ასევე, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით და განმარტავს, რომ კონსტიტუცია და, აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა, დედას უფრო მეტ შეღავათს უდგენს. მოპასუხე მხარის პოზიციით, იმისათვის, რომ მოხდეს იმ შრომის დაკომპენსირება, რომელსაც ქალები ეწევიან აუნაზღაურებელი საქმიანობით ოჯახში, მათთვის ხდება, სახელმწიფოს მხრიდან, მამაკაცთან შედარებით, ადრეულ ასაკში პენსიის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება.

7. მოპასუხის პოზიციით, პენსიაზე უფლების ადრეულად წარმოშობა, ასევე, უკავშირდება ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ სახელფასო სხვაობას. მოპასუხის განმარტებით, ქალებს უჭირთ მენეჯერული პოზიციის დაკავება არა ცოდნის ან გამოცდილების არარსებობის, არამედ იმ სტერეოტიპული მიდგომის გამო, რომლის შესაბამისადაც, მენეჯერულ პოზიციაზე კადრები შეირჩევა უფრო მამაკაცებიდან.

8. ამავდროულად, მოპასუხე მხარის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციიდან გამომდინარე, არ გააჩნია უფლებამოსილება, მამაკაცების საპენსიო ასაკად განსაზღვროს 60 წელი. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, დაადგინოს, კონკრეტული რეგულირება ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას. შემდეგ კი, საკითხი საპენსიო ასაკის განსაზღვრის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტ მოცემულობას წარმოადგენს.

9. №1609 კონსტიტუციურ სარჩელზე ა(ა)იპ „საქართველოს ვეტერანთა ცენტრალურმა კავშირმა“, ა(ა)იპ „ადამიანთა უფლებების დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირმა ნდობამ“ და შპს გაზეთმა „გურჯისტანმა“ წარმოადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, მრავალი მიმართულებით გადაიხედა საკანონმდებლო ბაზა, რაც გამოიხატება როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, ისე ქალთა ქონებრივ უფლებებში სრული გათანაბრებით, თანაბარი ანაზღაურების მიღების, დედათა და ბავშვთა ურთიერთობის, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებისა (განსაკუთრებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის) და სხვა მიმართულებებით. რაც შეეხება სხვა სახის, არაინსტიტუციურ დისკრიმინაციას, სასამართლოს მეგობრის არგუმენტაციით, შესაძლოა, იყოს რიგი შემთხვევები, რომელთა ფარგლებშიც, სოციუმი ახდენს რომელიმე სქესის წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვას, სამუშაო ადგილზე დაწინაურების, სამემკვიდრეო უფლებების მიღებისა და სხვა მიმართულებებით, თუმცა მოპასუხე მხარემ აღნიშნულის დამადასტურებელი საჭირო არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, ქართველი მამაკაცების დიდ ნაწილს, ცხოვრება კეთილდღეობაში არ გაუტარებია და არც რაიმე უპირატესი საზოგადოებრივი მდგომარეობით უსარგებლია, რაც, მათ ყოფას სიმსუბუქესა და პრივილეგიებს შესძენდა. აღნიშნულის დასტურად, სასამართლოს მეგობარი მიუთითებს ვეტერანებსა და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული მამაკაცების წილზე.

10. №1609 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოადგინეს, აგრეთვე, ააიპ „საფარმა“ და ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. მათი აღნიშვნით, დღეის მდგომარეობით, ქალისა და კაცის საპენსიო ასაკი არაერთ ქვეყანაში განსხვავებულია და ქალისთვის გარკვეულ შეღავათს გულისხმობს, რაც, ამ შემთხვევაში, მამაკაცებთან შედარებით ადრეულ ასაკში პენსიის დანიშვნაში გამოიხატება. საპენსიო ასაკში ქალებისთვის გარკვეული „შეღავათის“ გათვალისწინება არ გულისხმობს მეორე სქესის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, არამედ აღნიშნული მხოლოდ იმის აღიარებაა, რომ ქალებს სოციალურად უთანასწორო გარემოში უწევთ არსებობა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან სწორი გენდერული პოლიტიკა გულისხმობს ამის აღიარებას და შეძლებისდაგვარად კომპენსირებას.

11. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, ქალებს უფრო მეტად უწევთ დაბალ პოზიციებზე და, შესაბამისად, დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა. ასევე სამსახურის შედარებით ხშირი გამოცვლა ან საერთოდ მიტოვება. ქალების მიერ სამსახურის მიტოვების/შეცვლის ძირითადი მიზეზი ოჯახური პირობების ცვლილებაა, რის გამოც მათთვის რთულია დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილას მუშაობა და, ამასთან, თანმდევი დაწინაურება. შესაბამისად, მათი ანაზღაურება იშვიათადაა ზრდადი. დამატებით, სასამართლოს მეგობრის არგუმენტაციით, ქალებს უფრო დიდი როლი აქვთ საოჯახო ურთიერთობებში, რაც ხშირად გულისხმობს ოჯახში ქალის იმ ერთადერთ ადამიანად ყოფნას, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე, ასაკოვან მშობელზე, შვილიშვილზე. ამდენად, ქალების უმეტესი დრო არაანაზღაურებად შრომაში იხარჯება. აღნიშნული, ქალის კარიერაზე ზემოქმედებს იმგვარად, რომ სამუშაო ადგილზე უწევს სამუშაო საათების/მოვალეობის შემცირება, ნახევარ განაკვეთზე გადასვლა ან სხვა სამსახურის მოძებნა, სადაც ნახევარ განაკვეთზე შეძლებს მუშაობას. ზოგიერთი ქალი, აგრეთვე, უარს ამბობს დაწინაურებაზე, ახალი პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი დროის პოვნასთან დაკავშირებული სირთულის ფონზე. გარდა ამისა, ზოგჯერ, ხსენებული მიზეზებით, ქალი ადრეულ ასაკში წყვეტს კარიერას, ვინაიდან ვერ ახერხებს სამსახურებრივი და საოჯახო მოვალეობების შეთავსებას. მოცემულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის განმავლობაში, ქალებს ბევრად ნაკლები დროის გატარება უწევთ ანაზღაურებად სამუშაო გარემოში, მით უფრო, მაღალ პოზიციებზე, ვიდრე კაცებს.

12. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, სტატისტიკა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მამაკაცი უფრო მეტად ხდება უძრავი ქონების მესაკუთრე, ვიდრე ქალი. მსხვილ ბიზნეს სექტორში კაცების რაოდენობა მკვეთრად აღემატება ქალების რაოდენობას. შესაბამისად, ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება ან ცხოვრების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებზე და საოჯახო მეურნეობაზე არაანაზღაურებად ზრუნვაში გაატარა, მოკლებულია თავის რჩენის შესაძლებლობას ხანდაზმულობისას, როდესაც შრომითი უნარები ადამიანს ბუნებრივად უსუსტდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მამაკაცს უწყვეტი შრომითი კარიერის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობასთან დაკავშირებული მაღალი ანაზღაურების გამო, შესაძლოა, ჰქონდეს დანაზოგი, რითაც ხანდაზმულობის პირველ წლებში მოახერხებს საკუთარი თავის რჩენას.

13. სასამართლოს მეგობრის პოზიციაში განმარტებულია, რომ ქალსა და მამაკაცს შორის საპენსიო ასაკთან დაკავშირებული განსხვავებული მოპყრობა ვერ იქნება სამუდამო. განსხვავებული მოპყრობა უნდა შეწყდეს და საპენსიო ასაკი გათანაბრდეს, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური პირობები იმგვარად შეიცვლება, რომ საოჯახო საქმიანობა და შვილების აღზრდა აღარ იქნება მხოლოდ ქალების საქმე, ამასთან, შრომით ბაზარზე გაიზრდება ქალების რაოდენობა. სქესთა შორის განსხვავებული საპენსიო ასაკი აღარ იქნება კონსტიტუციურად გამართლებული მაშინ, როცა შრომითი კარიერის შედეგად, ქალების უმრავლესობას ექნება ზუსტად ისეთივე შემოსავალი, როგორიც მამაკაცს გააჩნია. ამისათვის, სასამართლოს მეგობრის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ქალებისა და მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელი, ასევე საოჯახო მეურნეობასა და ბავშვების აღზრდაში ორივე სქესის მონაწილეობის მაჩვენებელი. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ანაზღაურებადი და არაანაზღაურებად სამუშაოს შესრულებაში ქალისა და მამაკაცის ხვედრითი წილი, ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურების არსებობის ფაქტი. სასამართლოს მეგობრის არგუმენტაციით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ დაწესებული განსხვავებული საპენსიო ასაკი აღარ აკმაყოფილებს კონსტიტუციით აღიარებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების მოთხოვნებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრის გამო.

14. სასამართლოს მეგობარი, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვადასხვა კვლევაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების დაცული სფერო

1. სამართლის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა-პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ წარმოადგენს თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თანასწორობის კონსტიტუციური უფლების მიზანს არ წარმოადგენს პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა ან/და მათი ხელოვნური, მექანიკური გათანაბრება. თანასწორობის უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სუბიექტთა მიმართ თანაბარი მოპყრობა, რაც შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მაშასადამე, აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპის ზოგადი დატვირთვა ვლინდება სახელმწიფოს ვალდებულებაში, რომ თანასწორი სუბიექტები ერთმანეთისაგან არ განასხვაოს და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, არ დააკისროს მათ არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

6. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები იზღუდება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

2. სადავო ნორმის შინაარსი, შესაფასებელი მოცემულობა და თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

7. წინამდებარე დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა უთანასწორო მოპყრობას ადგენს არსებითად თანასწორ პირთა შორის. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, არათანასწორ მდგომარეობაში არიან ერთმანეთის მიმართ, ერთი მხრივ ქალები, რომელთა პენსიაზე უფლების წარმოშობის ვადა დგება 60 წლის მიღწევისას, ხოლო, მეორე მხრივ, მამაკაცები, რომელთა საპენსიო ასაკად განსაზღვრულია 65 წელი. აღსანიშნავია, რომ ამას არც მოპასუხე მხარე უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ დიფერენცირება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს და ამ მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალებაა.

8. სადავო ნორმა პენსიაზე უფლების წარმოშობის თვალსაზრისით, ქალებსა და მამაკაცებს უდგენს განსხვავებულ ასაკს. შესაბამისად, უდავოა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა.

9. როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენცირების ფაქტის არსებობა საკმარისი არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებაზე მსჯელობისას, „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). „ამავე დროს პირდაპირი დიფერენცირების შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, პირები, როგორც წესი, არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. ასეთ დროს სასამართლო ახდენს შესადარებელი პირების არსებითად თანასწორად პრეზუმფცირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოკვეთილია რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებს მათი განსხვავებულად განხილვის საჭიროებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). „ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

11. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ საქმეზე უმსჯელია, სქესის ნიშნით დიფერენცირებისას, პირთა არსებითად თანასწორად განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „... ძალზე მწირი შეიძლება იყოს იმგვარი პიროვნული, ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით, სხვადასხვა სქესის პირთა არსებითად უთანასწოროდ მიჩნევას განაპირობებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარ პრაქტიკაში არასოდეს დაუდგენია, რომ რაიმე სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, სქესი ქმნიდა იმ რელევანტურ მახასიათებელს, რომელიც ქალებისა და მამაკაცების არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა. ამდენად, სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, თითქმის ყველა სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, ქალი და კაცი არსებითად თანასწორ სუბიექტებად მიიჩნევა“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

12. მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელი პირების არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის ჭრილში. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შინაარსი განისაზღვრება როგორც „პირისთვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი“. აღნიშნული დეფინიცია ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პენსია წარმოადგენს უნივერსალურ სოციალურ ბენეფიტს, რომელიც არ არის დაკავშირებული ბენეფიციარის მხრიდან, რაიმე სანაცვლო ქმედების შესრულებასთან. იგი ეფუძნება სოციალური სოლიდარობის პრინციპს და მიზნად ისახავს ასაკთან დაკავშირებული სოციალური რისკის ნიველირებას, ხანდაზმულობისას პირთა გარკვეული მოცულობის საარსებო სახსრებით აღჭურვას. ამგვარი სამართლებრივი კონსტრუქციის პირობებში, ორივე შესადარებელ ჯგუფს, ქალებსა და მამაკაცებს, გააჩნიათ თანაბარი, იდენტური ინტერესი, წარმოეშვას სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობა. სქესი per se ვერ ჩაითვლება იმგვარ განმასხვავებელ მახასიათებლად, რომელიც განაპირობებდა ამ პირების არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება პირთა შესადარებელ ჯგუფებს შორის განმასხვავებელი იმგვარი გარემოება, რომელიც მათ არსებითად თანასწორობას ეჭვქვეშ დააყენებდა (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/5/1442 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13-17).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ადგენს უთანასწორო რეჟიმს არსებითად თანასწორ სუბიექტთა შორის და, შესაბამისად, სახეზეა ჩარევა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. ... დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

3.1. შეფასების ტესტი

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას – სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის უნდა გამოიკვეთოს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ხომ არ ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის იგი მაღალი ინტენსივობის. როგორც აღინიშნა, თუკი დადასტურდება რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევის არსებობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას მკაცრი კონსტიტუციური სტანდარტით შეაფასებს. ხსენებული ფაქტების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობა ნაკლები სიმკაცრით შეფასდება.

18. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმით, დადგენილია დიფერენცირება ქალებსა და მამაკაცებს შორის. შესაბამისად, განსახილველ საქმეში შესადარებელ სუბიექტებს შორის განსხვავებული მოპყრობის ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, სქესი per se არის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, შესაბამისად, დიფერენცირება ხდება კლასიკური ნიშნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხს მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასებს.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

3.2. ლეგიტიმური მიზანი

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

21. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირება ემსახურება ქალების მიმართ იმ ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას, რომელიც სოციალური რეალობიდან მომდინარეობს. კერძოდ, მოპასუხის პოზიციით, ქალებს, როგორც წესი, უფრო მეტად ეკისრებათ შინამეურნეობაში არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება, რაც გავლენას ახდენს მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობაზე. ამასთანავე, ბავშვის ან ოჯახის სხვა წევრის მოვლის საჭიროებიდან გამომდინარე, ქალები შრომით ბაზარზე, ხშირად, ნაკლებად კონკურენტულ პირობებში ექცევიან და ირღვევა მათი პროფესიული სტაბილურობა/უწყვეტობა. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ სახელფასო სხვაობაზე და განმარტა, რომ გენდერული სტერეოტიპების გავლენით, ქალებს, რიგ, არაიშვიათ, შემთხვევაში, ეზღუდებათ მენეჯერული ან/და მაღალანაზღაურებადი პოზიციების დაკავების შესაძლებლობა, მიუხედავად შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილებისა. შესაბამისად, მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, ქალებისთვის პენსიაზე უფლების ადრეულ ასაკში წარმოშობა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახში შესრულებული არაანაზღაურებადი შრომისა და შრომით ბაზარზე არსებული სტრუქტურული უთანასწორობის ნაწილობრივ კომპენსირებას.

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად დასაშვებია თანასწორობის უფლების შეზღუდვა და ქალებისათვის, მამაკაცებთან შედარებით, გარკვეული სოციალური დაცვის ღონისძიებების შემოღება. კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის იმანენტურ მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შანსი აქვთ დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს. ამგვარად, არაანაზღაურებადი ზრუნვითი და საოჯახო შრომის არათანაბარი გენდერული განაწილება არა მხოლოდ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ქალთა გრძელვადიან სოციალურ უზრუნველყოფაზეც არსებით გავლენას ახდენს.

23. უდავოა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, სქესთა შორის რეალური თანასწორობის, ერთნაირი უნარების თანაბრად რეალიზების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს, მათ შორის, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „ადამიანის შესაძლებლობების რეალიზებაზე სამართლებრივი გარემოს მიღმა გავლენას ახდენს მრავალი სოციალური ასპექტი. სხვადასხვა სფეროებში კანონით თანაბარი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში, ვერ უზრუნველყოფს ადამიანის შესაძლებლობების თანაბრად რეალიზებას. სამართალი მოქმედებს კონკრეტულ მოცემულ საზოგადოებაში და სწორედ ამ საზოგადოების თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, სრულიად თანასწორი სამართლებრივი რეგულირებების პირობებში, კონკრეტული ჯგუფები, სოციალური გარემოს მოქმედებით შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, ვერ ახდენდნენ შესაძლებლობების სხვათა თანაბრად რეალიზებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). დამატებით, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ქალების საშუალო ანაზღაურება მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცებისას. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1591.6 ლარს შეადგენდა, ხოლო მამაკაცების 2340.7 ლარს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სტრუქტურული დისბალანსი მონაცემებში სისტემატურად ფიქსირდება და წარსულშიც მსგავსი ხასიათით გამოირჩეოდა, რაც გენდერული შემოსავლის სხვაობის გრძელვადიან ხასიათზე მიუთითებს. ამგვარ უთანასწორო ანაზღაურებას შესაძლოა, განაპირობებდეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის იმგვარიც, რომელიც არ არის დაკავშირებული ქალებისთვის არც კანონისმიერი და არც გარკვეული საზოგადოებრივი ბარიერების არსებობასთან.

24. მაშასადამე, იმ პირობებში, როდესაც ქალებს, სოციალური რეალობიდან გამომდინარე, არაპროპორციულად მომეტებულად ეკისრებათ არაანაზღაურებადი მზრუნველობის ტვირთი, რაც ზღუდავს მათ პროფესიულ განვითარებას, შემოსავლების სტაბილურობასა და საპენსიო დანაზოგს, სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს ზომები ამ სტრუქტურული დისბალანსის კომპენსირებისათვის. ქალების მიმართ დამცავი სოციალური პოლიტიკის საჭიროებაზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაც, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებისკენ მიმართულ ნორმას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იგი „აკვალიფიცირებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების მოქმედებას სახელმწიფოს მიერ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, კონკრეტული სქესის წარმომადგენელთა სპეციალური საჭიროებების მხედველობაში მიღებით, მიიღოს განსაკუთრებული ზომები სქესის ნიშნით პირთა შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის №1/7/1320 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „... სამართლის მიღმა არსებული სოციალურ-პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ და შესაძლებლობების თანასწორად რეალიზების ხელშეწყობისკენ არის მიმართული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

25. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, აღიარებს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ უთანასწორობას ქალებსა და მამაკაცებს შორის და მიუთითებს, სახელმწიფოს მხრიდან, გარკვეული პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების დასაშვებობაზე/საჭიროებაზე.

3.3. გამოსადეგობა და აუცილებლობა

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.

27. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად.

28. იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.

29. როგორც აღინიშნა, ისტორიულად, ქალები განიცდიდნენ ეკონომიკურ უთანასწორობას, რომლის შედეგებიც თანამედროვეობაშიც არ არის სრულად აღმოფხვრილი. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს ქალებსა და მამაკაცებს შორის ისტორიულად არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის კომპენსირებისაკენ მიმართულ და აღნიშნულთან გონივრულ კავშირში მყოფ რეგულირებას.

30. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სისტემა ხანდაზმული მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს შემოსავლის ჩანაცვლებას იმ ეტაპზე, როდესაც პირი ასაკის გამო შრომითი ბაზრიდან ეტაპობრივად გადის ან მნიშვნელოვნად ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. პენსიის არსი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური დახმარებით, იგი წარმოადგენს სოლიდარობის, თაობათა შორის პასუხისმგებლობისა და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის პრაქტიკულ გამოხატულებას. ამავდროულად, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რადგან ქმნის პროგნოზირებად და შედარებით მდგრად შემოსავლის წყაროს მოსახლეობის ფართო სეგმენტისთვის, შედეგად, ამცირებს სიღარიბის რისკს ხანდაზმულობისას, უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეული სტანდარტისა და სოციალურ-ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას.

31. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება პასუხობს რეალურ სოციალურ კონტექსტში არსებულ სტრუქტურულ დისბალანსს ქალსა და მამაკაცს შორის. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ისტორიულად, ქალებს სოციალურ პრაქტიკაში არაპროპორციულად მომეტებულად ეკისრებათ არაანაზღაურებადი მზრუნველობისა და შინამეურნეობრივი საქმიანობის ტვირთი, რაც იწვევს მათი შრომითი აქტივობის შეზღუდვას, პროფესიული კარიერის წყვეტას და, საბოლოოდ, შედარებით დაბალ შემოსავალსა და ნაკლებ დანაზოგს ხანდაზმულობისთვის. სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული საპენსიო ასაკი სწორედ ამ სოციალური რეალობის ნაწილობრივი კომპენსირების ინსტრუმენტს წარმოადგენს. იგი მიმართულია იმ შედეგების დაბალანსებისკენ, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს მათი მთელი სიცოცხლის განმავლობაში და, შესაბამისად, აისახება მათ საპენსიო უზრუნველყოფაზე. ამდენად, სადავო რეგულირება გონივრულ კავშირშია იმ ლეგიტიმურ მიზანთან, რომელიც ქალთა სოციალურ უზრუნველყოფას გულისხმობს.

32. სადავო რეგულირების აუცილებლობაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, საქართველოს კონსტიტუცია „არ ზღუდავს სახელმწიფოს მოქმედებას კონკრეტული ღონისძიებებით. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მიზანს, რომლის მისაღწევადაც გამოყენებული მეთოდისა და მექანიზმების შერჩევისას, სახელმწიფოს შედარებით ფართო დისკრეცია გააჩნია. ასევე, ცხადია, რომ ამგვარად კონსტიტუციურად დეკლარირებული მიზნის არსებობა, მიუხედავად მისი მომეტებული საზოგადოებრივი მნიშვნელობისა, თავისთავად, ვერ გაამართლებს სქესთა შორის დისბალანსის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ სახელმწიფოს ნებისმიერ ქმედებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების შეზღუდვის ინტენსივობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თითოეული ამგვარი ღონისძიების კონსტიტუციასთან შესაბამისობა დამოუკიდებლად შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუმცა ეს გარემოება ვერ შეცვლის კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებულ ნებას - მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

33. თითქმის შეუძლებელია, ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს, ქალთა მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული რა შინაარსის სოციალური პოლიტიკა წარმოადგენს მათი რეალური და გრძელვადიანი გაძლიერების ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს. აღნიშნული საკითხი სოციალური პოლიტიკის იმ სფეროს განეკუთვნება, რომელშიც სახელმწიფოს ფართო მიხედულობის ფარგლები გააჩნია და გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ფაქტორის კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, კონკრეტული რეგულაციის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს არა იზოლირებულად, არამედ საერთო სოციალური პოლიტიკის კონტექსტში. უდავოა, რომ მოქმედი რეგულირება ამგვარი კომპლექსური პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს და მიმართულია ისტორიულად ჩამოყალიბებული გენდერული უთანასწორობის შედეგების კომპენსირებისკენ. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს იმის დადგენა, „თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიების გამოყენება იქნებოდა საუკეთესო ან უფრო მეტად მიზანშეწონილი დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

34. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული რეგულირება უნდა შეფასდეს, როგორც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ მიმართული აუცილებელი საშუალება. იგი არ წარმოადგენს უსაფუძვლო პრივილეგირებას, არამედ მიზნობრივი კომპენსატორული ღონისძიებაა, რომელიც ემსახურება სოციალური სამართლიანობის განმტკიცებასა და ისტორიულად ჩამოყალიბებული გენდერული დისბალანსის ეტაპობრივ შემცირებას.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა გამოსადეგი და აუცილებელი საშუალებაა დასახელებული მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის.

3.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

36. გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

37. სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ „სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით, საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგოს პირთა რომელ ჯგუფს ან რა პირობით მიანიჭებს ამა თუ იმ ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლებას. მას შეუძლია, დაადგინოს როგორც ამ უფლების მიღებისათვის აუცილებელი კრიტერიუმები, ისე ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, პირს შეუწყდება ამ უფლებით სარგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/6/1675 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს „სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). „კანონმდებლობით ამა თუ იმ ეკონომიკური სარგებლის დადგენა, მისი გაცემის დაპირება, შესაძლოა, განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით. რიგ შემთხვევებში, ეს შეიძლება იყოს, სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯი და ემსახურებოდეს პირთა გარკვეული ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ უზრუნველყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/6/1675 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს „სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საჯარო ინტერესის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფოს მოქმედება განსაკუთრებულ და განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება, ამ უკანასკნელის მხრიდან, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილებათა მიღებას. „ცალკეული სახელმწიფო სარგებლის მინიჭება ... დამოკიდებულია გარკვეულ ეკონომიკურ რესურსებზე. ეკონომიკური რესურსების განკარგვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში კანონმდებელს განსაკუთრებით ფართო მიხედულება გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57). ამგვარად, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულობის ფარგლები, მას შეხედულებისამებრ შეუძლია, აღჭურვოს პირთა გარკვეული ჯგუფი სოციალური სარგებლის მიღების უფლებით, დაადგინოს შესაბამისი წინაპირობები ამ სარგებლის მისაღებად.

38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებული მოპყრობა შემოღებულ იქნა იმ ფინანსური დისბალანსისა და სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების კომპენსირების მიზნით, რომლებიც ისტორიულად გამომდინარეობდა ქალთა ტრადიციული, უმეტესად, ანაზღაურების გარეშე შესრულებული სოციალური როლიდან: ოჯახსა და შვილებზე ზრუნვა, შინამეურნეობის მართვა და სხვა მზრუნველობითი ფუნქციები, რომლებიც ხშირად ხორციელდებოდა შრომით ბაზარზე, აქტიური მონაწილეობისა და დამოუკიდებელი შემოსავლის მიღების შესაძლებლობის ხარჯზე. ამასთან, აღნიშნულ გარემოებებთან ერთად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე ზემოქმედებს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ობიექტურად ზღუდავს ქალთა პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ უწყვეტობას, კერძოდ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის პერიოდი, ახალშობილის შვილად აყვანასთან დაკავშირებული შვებულება, ოჯახის შრომისუუნარო წევრზე ზრუნვის აუცილებლობა და სხვა მსგავსი პასუხისმგებლობები. მზრუნველობითი ვალდებულებების შესრულება, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს კარიერულ წყვეტას ან შრომითი აქტივობის შემცირებას, ზღუდავს ადამიანური კაპიტალის შრომით ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობას. კარიერული წყვეტის შემდეგ ქალთა ნაწილი ვეღარ ახერხებს შრომით ბაზარზე სრულფასოვან რეინტეგრაციას, ფერხდება მათი პროფესიული განვითარება, იზღუდება დაწინაურების შესაძლებლობა და საგრძნობლად მცირდება ანაზღაურება. შედეგად, ყალიბდება განსხვავებული კარიერული ტრაექტორიები – მამაკაცის შემთხვევაში, შედარებით უწყვეტი და სტაბილური პროფესიული გზა, ხოლო ქალის შემთხვევაში – ეპიზოდური და წყვეტადი შრომითი გამოცდილება. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს როგორც შრომით, ისე კარიერულ სფეროში.

39. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ გლობალური მონაცემებით, ქალთა საშუალო ანაზღაურება ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. გენდერული სახელფასო სხვაობის მიზეზი დაკავშირებულია, მათ შორის, შრომის ბაზარზე არსებულ გენდერულ სტერეოტიპებთან. დამსაქმებელთა მხრიდან გენდერული სტერეოტიპებით გამოწვეული მიდგომები, მაგალითად, მამაკაცის უპირატესობა ლიდერულ, მენეჯერულ პოზიციებზე – პირდაპირ უარყოფითად აისახება ქალთა საშუალო ანაზღაურებაზე და ზღუდავს მათი პროფესიული წინსვლის შესაძლებლობებს. შედეგად, აღნიშნული ეკონომიკური და პროფესიული დისბალანსი გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქალთა ფინანსურ მდგრადობას, აღრმავებს სიღარიბის რისკს და ქმნის ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მდგომარეობას.

40. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საზოგადოების განვითარების დინამიკა მიუთითებს აღნიშნული გენდერული უთანასწორობის ეტაპობრივად შემცირების ტენდენციაზე. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც აჩვენებს, რომ შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის სტანდარტების გამკაცრება და აქტიური სახელმწიფო ჩარევა საშუალებას იძლევა, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში დისბალანსი, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდეს და, გარკვეულ შემთხვევებში, მთლიანად გაქრეს. ამის შედეგად, საპენსიო ასაკთან დაკავშირებით, გენდერულმა დიფერენცირებამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში, დაკარგოს რელევანტურობა და შესაბამისი გამართლება. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა ეტაპზე გარდაიქმნება ისტორიულად ქალთა არახელსაყრელი მდგომარეობის დასაძლევად გატარებული პოზიტიური ღონისძიებები მამაკაცების მიმართ შესაძლო უსამართლობად. ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ასეთი კომპლექსური საკითხების გადაწყვეტის პროცესში, პარლამენტი, თავისი ინსტიტუციური ლეგიტიმაციით, სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმებითა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების საჭიროებების სკრუპულოზური და უშუალო გამოკვლევის შესაძლებლობით, ფართო მიხედულობით სარგებლობს, რაც საშუალებას აძლევს მას, გადაწყვეტილებები მიიღოს მრავალფეროვანი შიდა და გლობალური ფაქტორების, კონკრეტული საზოგადოების საჭიროებებისა და ეკონომიკური გარემოს სიღრმისეული ანალიზის გათვალისწინებით.

41. მეორე მხრივ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სადავო რეგულირება და მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა კონკრეტულად ეხება 60 წელს მიღწეულ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ დიფერენცირებას. ამ თვალსაზრისით, დღეს არსებული სოციალური, ეკონომიკური და გენდერული გარემოს ცვლილება, ქალთა უფლებების გაძლიერება და დასაქმების პროცესში მიღებული პოზიტიური ღონისძიებები გავლენას ახდენს იმ ქალებზე, რომლებიც მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს. ხოლო ამ დროისათვის საპენსიო ასაკს მიღწეული ქალების (რომლებზეც ვრცელდება სადავო ნორმა) სიღარიბის რისკი წარსული დასაქმების გამოცდილებით, საოჯახო საქმიანობაში როლების გადანაწილებით და წარსულში არსებული გენდერული სტერეოტიპებით არის განსაზღვრული. ამ ფონზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, განსხვავებული რეგულირება კვლავ რჩება მნიშვნელოვან კომპენსატორულ და სამართლიან ინსტრუმენტად, რომელიც ემსახურება იმ სტრუქტურული უთანასწორობის შერბილებას, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ქალთა მიმართ და რომელიც დღესაც გავლენას ახდენს ხანდაზმულობისას მათი სოციალური და ფინანსური უსაფრთხოების ხარისხზე.

42. სადავო რეგულირების პროპორციულობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ იგი მკვეთრად არ აშორებს შესადარებელ სუბიექტებს ერთმანეთისაგან. განსხვავება ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკს შორის შეადგენს 5 წელს, რაც ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, შედარებით მოკლე ინტერვალს წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცებს აქვთ შესაძლებლობა, განაგრძონ სამსახურებრივი საქმიანობა, მიიღონ შემოსავალი ან/და გამოიყენონ შრომითი საქმიანობის შედეგად შექმნილი დანაზოგი. შესაბამისად, დიფერენცირება ეფუძნება ქალთა გრძელვადიანი სოციალური დაუცველობის კომპენსაციას. ამავე დროს, რეგულირება არ ზღუდავს მამაკაცების უფლებებს და შესაძლებლობებს ეკონომიკური აქტივობისა და სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში, რაც ნათლად უსვამს ხაზს რეგულირების პროპორციულობასა და მიზანშეწონილობას.

43. მაშასადამე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ შესაფასებელი საკითხი სოციალური პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება, რომელშიც სახელმწიფოს გააჩნია ფართო მიხედულობის ფარგლები და, ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო რეგულირება და მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა შეეხება ამ დროისათვის საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს – თაობას, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩამოყალიბდა წარსულში, ისტორიულად დამკვიდრებული გენდერული როლებისა და სოციალური მოლოდინების პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება არ ატარებს თვითმიზნურ ხასიათს და მას გააჩნია ობიექტური სოციალური საფუძველი.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე, 45-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ