• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის №1/9/1897 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/9/1897
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 29 აპრილი 2026
გამოქვეყნების თარიღი 1 მაისი 2026 12:06

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1897) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1897 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 26 სექტემბერს. №1897 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 29 აპრილს.

2. №1897 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 წინადადებით დადგენილია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვის, ისევე, როგორც საქმის სასამართლოში სამართლიანი და დროული განხილვის უფლებებს.

5. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება უზრუნველყოფს თითოეული პირისათვის თავისი უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის მინიჭებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუცია, სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციური უფლების ფარგლებში, ითვალისწინებს საქმის განხილვის ფორმასა და პროცედურასთან დაკავშირებულ გარანტიებს, რაც გულისხმობს სასამართლო სხდომის ჩატარებას ზეპირი მოსმენით, მხარეთა პირისპირ მონაწილეობის გზით, რაც გამომდინარეობს საქმის განხილვის უშუალობის პრინციპიდან. საქმის განხილვის უშუალობის პრინციპი კი, თავის მხრივ, გულისხმობს პირების შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები უშუალოდ, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით და სხვა. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სასამართლოს მიერ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

6. მოსარჩელე მხარის მითითებით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 წინადადება სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის/მსჯავრდებულის საქმის განხილვაში დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მონაწილეობის შესახებ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება სასამართლოს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის პროცესში, პაციენტის/მსჯავრდებულის დისტანციური მონაწილეობის მიღების საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც შესაძლოა, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის ხელშემშლელი გარემოება გახდეს. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო წესი სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება და არ ჩაატაროს საქმის განხილვა სტაციონარში.

7. საქართველოს სახალხო დამცველი, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის დისტანციური ფორმით განხილვის პრობლემურობის დასასაბუთებლად, მიუთითებს, რომ მსგავსი საქმის განხილვის პროცესში, მოსამართლეს უწევს არა მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის მქონე საკითხების გადაწყვეტა, არამედ სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებისა და უშუალოდ პაციენტის ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის, მათ შორის, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით განთავსებული პაციენტის/მსჯავრდებულის ქცევის, მეტყველების, ემოციური რეაქციების შეფასება და სხვ.. შესაბამისად, პაციენტის/მსჯავრდებულის რეალური მდგომარეობის შესწავლისა და ექიმთა კომისიის მოთხოვნის დასაბუთებულობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის უშუალო კონტაქტი აღნიშნულ პაციენტთან/მსჯავრდებულთან. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის დისტანციური ფორმით განხილვისას, შესაძლოა, მოსამართლემ ობიექტურად ვერ შეძლოს პაციენტის/მსჯავრდებულის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება და გადაწყვეტილების მიღებისას, დამოკიდებული დარჩეს მხოლოდ ექიმთა კომისიის მოსაზრებებზე. შესაბამისად, მოსამართლეს, რომელიც არ იმყოფება ადგილზე და მხოლოდ ვიდეოკავშირის მეშვეობით აკვირდება პაციენტს, ფაქტობრივად, ეზღუდება შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მტკიცებულებების პირდაპირი აღქმის შესაძლებლობა.

8. მოსარჩელის მითითებით, დისტანციური სასამართლო სხდომა არა მხოლოდ ართულებს მოსამართლის მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს პაციენტის/მსჯავრდებულის მიერ საქმის განხილვის პროცესში სრულფასოვან მონაწილეობაზე, რამდენადაც ქმნის კომუნიკაციის სირთულეებს, ბარიერებს და დაუცველობის განცდას პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიზისში, ხშირად ვერ ახერხებენ ადეკვატურად გამოთქვან თავიანთი პოზიცია ან გაასაჩივრონ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოსამართლის მიერ საქმის უშუალობის პრინციპის დაცვით განუხილველობა, აგრეთვე მნიშვნელოვნად ართულებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენას.

9. გასაჩივრებული წესის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად, №1897 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, აპელირებს პრაქტიკაში არსებულ ტენდენციაზე, რომლის შესაბამისადაც, საქართველოში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ განხილული ყველა საქმე ჩატარდა დისტანციურად. აღნიშნულ პროცესში, ადვოკატებიც, ძირითადად, დისტანციურად მონაწილეობდნენ და ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ იმ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც პაციენტები იყვნენ განთავსებულნი. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის დისტანციურად, საგამონაკლისო წესით განხილვა ერთგვარ ზოგად წესად გადაიქცა.

10. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილი დისტანციური განხილვის პროცედურა შესაძლოა, ემსახურებოდეს მართლმსაჯულების დროულობისა და ეფექტიანობის, საქმეების განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების, ისევე, როგორც პროცესის ეკონომიურობის ლეგიტიმურ მიზნებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული დისტანციური განხილვის მექანიზმი, რომელიც შემთხვევების თითქმის 100%-ში გამოიყენება პრაქტიკაში, ამცირებს სასამართლო განხილვის უშუალობის ხარისხს და წარმოშობს რეალურ საფრთხეს იმისა, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად შეასრულებს საკუთარ როლს, ფაქტობრივად კი − პაციენტის უფლებების ეფექტიანი დაცვა ვერ იქნება მიღწეული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირს ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და იძულებითი ხასიათის მკურნალობას შეეხება. სწორედ ამიტომ, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომელიც განსაკუთრებულად მკაცრ მოთხოვნებს აწესებს მაშინ, როდესაც საქმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირის თავისუფლების შეზღუდვასა და იძულებითი ხასიათის მკურნალობას ეხება.

11. №1897 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ იქნება არსებითად განსახილველად მიღებული.

2. №1897 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სასამართლოს მიერ, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ საქმის დისტანციური ფორმატით განხილვის თითქმის უნივერსალური პრაქტიკა გამორიცხავს მოსამართლის უშუალო კონტაქტს პაციენტთან/მსჯავრდებულთან, ზღუდავს მოსამართლის მხრიდან ამ უკანასკნელის ქცევის, მეტყველების, ემოციური რეაქციების და სხვა არსებითი გარემოებების სრული და ობიექტური შეფასების შესაძლებლობას, აქვეითებს სასამართლო განხილვის პროცესში პაციენტის სრულფასოვან მონაწილეობას და წარმოშობს რისკს, რომ პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება გახდეს ფორმალური, რაც ვერ უზრუნველყოფს პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით ეფექტიან სარგებლობას.

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლი აწესრიგებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და სასამართლოს მიერ ბრძანების გამოცემის წესს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად მოსამართლე, დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელზე დასწრების უფლებაც აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, ხსენებული მუხლის მიხედვით, საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის/პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. საქმის განხილვაში მონაწილეობს, აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი. ამრიგად, ზოგადი წესის შესაბამისად, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მათ შორის, პაციენტის/მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის უშუალო, სავალდებულო მონაწილეობით.

5. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 წინადადების შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

6. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა, ტექსტობრივი თვალსაზრისით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის დისტანციური ფორმატით განხილვის შესაძლებლობას შემოსაზღვრავს განსაკუთრებული შემთხვევის არსებობით, რომლის შინაარსსაც, თავის მხრივ, იგივე ნორმა აკონკრეტებს პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანის შეუძლებლობის ფაქტით, რაც აუცილებლად განპირობებული უნდა იყოს პაციენტის/მსჯავრდებულის ავადმყოფობით ან სხვა ობიექტური მიზეზით. მაშასადამე, ნათელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 წინადადება expressis verbis ადგენს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის ზოგადი წესისაგან გამონაკლისს, თავისი ობიექტური კრიტერიუმებით.

7. იმავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ საერთო სასამართლოს მოსამართლე სადავო ნორმით გათვალისწინებულ მექანიზმს იყენებს ობიექტური საფუძვლის გარეშე ანუ მაშინ, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევა, დაკავშირებული პაციენტის/მსჯავრდებულის ავადმყოფობასთან ან სხვა ობიექტურ გარემოებასთან, რაც შეუძლებელს ხდის მის სასამართლოში მიყვანას, პაციენტს/მსჯავრდებულს ჰყავს ადვოკატი, პირადად შერჩეული ან სახელმწიფოს მიერ სავალდებულო წესით დანიშნული, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ მოტივით, რომ მოსამართლის მიერ პაციენტის/მსჯავრდებულის მდგომარეობის − მისი ქცევის, მეტყველების, ემოციური რეაქციების და სხვა არსებითი გარემოებების სრულფასოვანი და ობიექტური შეფასების გარეშე მოხდა მოსამართლის მიერ შესაბამისი ბრძანების მიღება. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის და არ ასაბუთებს იმას, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის დისტანციური ფორმით განხილვა, ზოგადად, საგამონაკლისო სახით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც არ უნდა ხდებოდეს.

8. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმეზე თანდართულ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც წარმოაჩენს, რომ, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ განხილულ ყველა საქმეზე სხდომა ჩატარდა დისტანციურად. ამ თვალსაზრისით, რელევანტური ნორმატიული ჩარჩოს სისტემური და ტელეოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეების დისტანციური ფორმატით განხილვის მექანიზმი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, მოაზრებულია საგამონაკლისო ინსტრუმენტად, რომლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ობიექტურად გამართლებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ძირითადი პრინციპი სასამართლოს მიერ საქმის უშუალოდ, პირის ფიზიკური თანდასწრებით განხილვას ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის შესაძლებლობას, სრულფასოვნად აღიქვას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით გამოკვეთილი პრაქტიკა მიუთითებს სასამართლო განხილვის დისტანციური ფორმატის ფართო და არა საგამონაკლისო გამოყენებაზე საერთო სასამართლოს მხრიდან. თავის მხრივ, დისტანციური სხდომის ფორმატის უნივერსალურმა და მასობრივმა გამოყენებამ საერთო სასამართლოების მხრიდან, შესაძლოა, გამოიწვიოს პროცესის ფორმალიზაცია და შეასუსტოს ის გარანტიები, რომლებიც მიმართულია თვითნებობის თავიდან აცილებისკენ და რომლებიც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მაშინ, როდესაც საკითხი პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას შეეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოები სასამართლო სხდომის დისტანციური ფორმატის გამოყენებას მეტისმეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და მიმართონ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სათანადო დასაბუთების პირობებში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით და, ამასთანავე, ვერ ხერხდება გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარება იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება. სხვა შემთხვევაში, ამგვარი კატეგორიის საქმეების განხილვის ზოგად სტანდარტად საქმის უშუალო, პირის ფიზიკური თანდასწრებით განხილვა უნდა რჩებოდეს. ასეთია არა მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით შემოთავაზებული ნორმატიული გადაწყვეტა, არამედ საერთაშორისო თუ რეგიონული დოკუმენტებითა და დარგობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები, რომლებიც მნიშვნელოვან ინტერპრეტაციულ როლს ასრულებს ეროვნული სამართლის განმარტების პროცესში.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1897 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 ქვეპუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1897 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ