გვანცა ჯოჯუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N1/10/1944 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2026 16:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გვანცა ჯოჯუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
გ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1944) მომართა გვანცა ჯოჯუამ. №1944 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2026 წლის 26 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.
2. №1944 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის მე-5 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები, რომელიც, თავის მხრივ, დაუშვებლად მიიჩნევს ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას. ამავე კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება გასაზღვრავს, რომ დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, ხოლო მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
6. №1944 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. მოსარჩელემ აღნიშნული საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სარჩელში მითითებულია, რომ სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საქმის მასალების წარდგენა, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, ამ დრომდე შესაბამისი მასალები საქმის განმხილველი სასამართლოსთვის წარდგენილი არ არის და საქმე კვლავ განხილვის პროცესშია.
7. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის დარღვევისთვის ითვალისწინებდა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
8. მოსარჩელე მხარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა დღესაც ქმნის იმგვარ სამართლებრივ მდგომარეობას, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს შესაძლებლობა აქვს, 2025 წლის 16 ოქტომბრამდე ჩადენილი ქმედებების მიმართ გამოიყენოს ამავე მუხლის ძალადაკარგული მე-5 ნაწილი. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ნორმის რედაქცია შეიცვალა, სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობს და საერთო სასამართლოები კვლავაც ახდენენ პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ჩადენილია ცვლილებამდე მოქმედი რეგულაციის პირობებში. შესაბამისად, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნის დარღვევისთვის სამართალდამრღვევის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესაძლებლობას ტოვებს, ძველი რედაქციის მე-5 ნაწილზე მითითებით.
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც კრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა, ისე რომ არ განსაზღვრავს განჭვრეტად კრიტერიუმებსა და შეფასების სტანდარტებს იმის დასადგენად, თუ რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხელოვნურ გადაკეტვად.
10. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც კრძალავს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნას ისე, რომ არ ადგენს განჭვრეტად კრიტერიუმებსა და სტანდარტებს იმისთვის, თუ რა ქმედება და რა პირობებში უნდა იქნეს მიჩნეული განზრახ დაბრკოლებად.
11. ამასთანავე, მოსარჩელე ზემოაღნიშნული ორივე სადავო ნორმის შემთხვევაში პრობლემურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვაში მონაწილეობად შეიძლება შეფასდეს იმ პირის ქმედებაც, რომელიც შეკრებას ან მანიფესტაციას შეუერთდა მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილი იყო.
12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებში გამოყენებული ფორმულირებები - „ხელოვნური“ და „თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“ - შეფასებითი და არა ობიექტურად დათვლადი კატეგორიებია. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცნებები არ შეიცავს მკაფიო, წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რის გამოც შესაძლებელია მათი ფართო ინტერპრეტაცია, რაც ზრდის ნორმის თვითნებური გამოყენებისა და ბოროტად განმარტების რისკს.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტის შეფასება და გაცნობიერება პრაქტიკაში თავად შეკრების მონაწილეებს ეკისრებათ, მაშინ როდესაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ შესაბამისი საჯარო უფლებამოსილების მქონე პირი უნდა აფასებდეს, შეესაბამება თუ არა შეკრება ან მანიფესტაცია კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საერთო სასამართლოები გადაწყვეტილებებში მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის განმარტება, თითქოს მისთვის ცნობილი არ იყო ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი ან რომ აღნიშნულის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა, არადამაჯერებელია და სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა კანონის არცოდნას, არამედ იმ ნორმატიული შინაარსის განჭვრეტის შეუძლებლობას, რომელიც პირს ავალდებულებს, ადგილზე არსებული გარემოებები შეაფასოს არაგონივრული სტანდარტით. მაგალითად, მოსარჩელის მითითებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვად შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა, როდესაც პირი დგას თავად სამართალდამცავი ორგანოს მიერ გადაკეტილ გზის სავალ ნაწილზე. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელის განმარტებით, აქციის მონაწილეს უყალიბდება საფუძვლიანი წარმოდგენა, რომ მას უფლება აქვს, გადავიდეს უკვე გადაკეტილ გზაზე. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები სამართალდამრღვევად არიან ცნობილნი იმ პირობებშიც, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილია უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების მიერ.
14. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამართლის ნორმა მოქალაქისგან ვერ მოითხოვს იყოს სივრცის, ტევადობისა და შეკრების დინამიკის ექსპერტი და ზუსტად განსაზღვროს, თუ მონაწილეთა რა რაოდენობაა საკმარისი ტრანსპორტის სავალი ნაწილის კანონიერად გადაკეტვისთვის. მოსარჩელე მხარის მითითებით, საერთო სასამართლოების პრაქტიკა ადასტურებს, რომ სახდელის დაკისრებისთვის საკმარისად მიიჩნევა პირის ვიდეოკამერით დაფიქსირება გზის სავალ ნაწილზე დგომისას. მოსარჩელის აზრით, ასეთი მიდგომა წარმოშობს აბსურდულ ვითარებას, რადგან აქციის მონაწილეს აკისრებს ვალდებულებას, მუდმივად აკონტროლოს ადამიანთა რაოდენობა და სივრცის ტევადობა, რათა არ აღმოჩნდეს სამართალდამრღვევის მდგომარეობაში. მოსარჩელის შეფასებით, სწორედ ასეთ პირობებში მოქალაქისგან მოითხოვება იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ხარისხის „ხელოვნურობა“ წარმოშობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც სამართლებრივი განჭვრეტადობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.
15. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ შეკრება დინამიკური პროცესია და არა სტატიკური მოცემულობა. შეკრების მიმდინარეობისას ადამიანები გადაადგილდებიან, ერთმანეთთან ამყარებენ კომუნიკაციას, ჯგუფდებიან, იშლებიან და კვლავ ერთიანდებიან, რის გამოც მონაწილეთა რაოდენობა და სივრცობრივი განლაგება მუდმივად იცვლება. შესაბამისად, მოსარჩელის შეფასებით, ვიდეოჩანაწერით პირის გზის სავალ ნაწილზე დაფიქსირების სტატიკური ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქმედების სამართალდარღვევად შეფასებისთვის საკმარის და ამომწურავ გარემოებად.
16. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოქალაქეს კანონშესაბამისი ქცევის კონსტრუირებაში დახმარება სწორედ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა უნდა გაუწიოს. შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენლებმა უნდა სცადონ შეკრების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა მაშინ, როდესაც მიიჩნევენ, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხელოვნურია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც მათი პასიურობა ან, პირიქით, გზის გადაკეტვაში ფაქტობრივი მონაწილეობა მოქალაქეში ქმნის გონივრულ მოლოდინს, რომ გზის დაკავება დასაშვებია.
17. მოსარჩელე ასევე სადავოდ მიიჩნევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეები გზის პირას აღარ ეტევიან. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის არსს, ვინაიდან კონსტიტუცია შეკრების თავისუფლებით სარგებლობას არ უკავშირებს მონაწილეთა კონკრეტულ რაოდენობას და არ აწესებს რაოდენობრივ ზღვარს, რომლის მიუღწევლობის შემთხვევაშიც მოქალაქეებს ეკრძალებათ გზის სავალი ნაწილის დაკავება.
18. მოსარჩელე ამ არგუმენტის საილუსტრაციოდ მიუთითებს, რომ შესაძლებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც დიდი რაოდენობის ადამიანებს სურთ პროტესტის გამოხატვა სწორედ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვით, თუმცა თუ გზა გადის ღია სივრცეში, სადაც მათი ფიზიკურად დატევა შესაძლებელია, მოქმედი ნორმის საფუძველზე, ისინი ვერასოდეს შეძლებენ გზის გადაკეტვას. მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, გზის სავალი ნაწილის გამოყენების უფლება დამოკიდებული ხდება არა შეკრების მიზანზე, კონტექსტსა და გამოხატვის ფორმაზე, არამედ მხოლოდ სივრცობრივ-რაოდენობრივ კრიტერიუმზე, რაც კონსტიტუციით დაცული უფლების არსს აკნინებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბოლო თვეებში ჩამოყალიბებული პრაქტიკით სასამართლო პირს ავტომატურად მიიჩნევს სამართალდამრღვევად იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმყოფება და ტროტუარზე არსებობს თუნდაც ერთი თავისუფალი ადგილი.
19. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილის არჩევას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მისი მეშვეობით ხდება საზოგადოების ფართო ყურადღების მიქცევა და პროტესტის რეზონანსულობის უზრუნველყოფა. ამის გამო, როგორც წესი, პროტესტის მონაწილეები ირჩევენ ხალხმრავალ და მაღალი ხილვადობის მქონე ადგილებს, რაც ბუნებრივად შეიძლება უკავშირდებოდეს მოძრაობის შეფერხებას.
20. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ ხალხმრავალ ადგილას შეკრების გამართვა, მიუხედავად გარკვეული რისკებისა, თავისთავად ვერ იქნება შეკრების თავისუფლების შეზღუდვის თვითკმარი საფუძველი. მოსარჩელის შეფასებით, ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტი ვერ გადაწონის მრავალრიცხოვანი მონაწილეების უფლებას, ეფექტიანად ისარგებლონ კონსტიტუციით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების არსებითი წინაპირობაა.
21. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებით გათვალისწინებულ სანქციებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მისი განმარტებით, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის გათვალისწინებული 5 000 ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი სიმკაცრით უახლოვდება სისხლისსამართლებრივ სასჯელს და, შესაბამისად, მათ მიმართ უნდა მოქმედებდეს სასჯელის პროპორციულობისა და ინდივიდუალიზაციის მკაცრი კონსტიტუციური სტანდარტი.
22. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 5 000 ლარიანი ჯარიმა უკიდურესად მძიმე ფინანსური ტვირთია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის და ატარებს რეპრესიულ ხასიათს. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასისა და საშუალო შემოსავლების გათვალისწინებით, 5 000 ლარიანი ჯარიმა მრავალი მოქალაქისთვის უჩვეულოდ მძიმე ტვირთს წარმოადგენს. სარჩელში მითითებულია, რომ ხშირ შემთხვევებში, აღნიშნული სანქცია სამართალდამრღვევად ცნობილი პირის რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი დაახლოებით ათი თვის შემოსავალსაც უტოლდება. მოსარჩელის შეფასებით, ასეთი ოდენობის სანქციის მიზანი არ არის მხოლოდ მართლწესრიგის დაცვა, არამედ პროტესტში მონაწილე პირებზე პრევენციული და დამთრგუნველი ზემოქმედების მოხდენაა, რათა მათ მომავალში თავი შეიკავონ გზის სავალ ნაწილზე პროტესტის გამოხატვისგან. მოსარჩელე ამგვარ მიდგომას აფასებს როგორც ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციას, როდესაც პირი სახელმწიფოსთვის მიზნის მიღწევის საშუალებად იქცევა.
23. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2025 წლის 16 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს რეალური მიზანი სამართალდარღვევაზე არა თანაზომიერი რეაგირება, არამედ ინდივიდზე ზემოქმედება და სხვების დაშინებაა, რათა პროტესტის მსგავსი ფორმების გამოყენებისგან საზოგადოებამ წინასწარ თავი შეიკავოს.
24. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის სოციალური ზიანი შეიძლება ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული იყოს იმის მიხედვით, თუ სად, როდის, რა ხანგრძლივობით და რა ფორმით მოხდა გზის გადაკეტვა. კერძოდ, გზის გადაკეტვა შეიძლება განხორციელდეს ტრანსპორტის მოძრაობის დაბალი ინტენსივობის დროს, მაგალითად რეგიონში ან ღამის საათებში, მოკლე ხანგრძლივობით, ან პირიქით - მაღალი სატრანსპორტო დატვირთვის პირობებში და ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, ერთნაირი სანქციის ავტომატურად გამოყენება ქმედების ყველა შესაძლო ფორმის მიმართ ვერ იქნება პროპორციული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არ იძლევა სანქციის ინდივიდუალიზაციის რეალურ შესაძლებლობას. ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ უკიდურესად მკაცრი სახდელის ალტერნატივებს - 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას და არ ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა გაითვალისწინოს ჩადენილი ქმედების რეალური სიმძიმე, პირის ბრალეულობის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა ან პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები.
25. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სახდელები პრაქტიკაში გამოიყენება შერჩევითად იმ პირების მიმართ, რომლებიც განგრძობითად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, აგრეთვე საზოგადოებისათვის ცნობილი პირების მიმართ, რათა ფართო საზოგადოებამდე მივიდეს გზავნილი, რომ პროტესტში მონაწილეობა დასჯადია. მოსარჩელის აზრით, ეს გარემოება ადასტურებს, რომ სანქციები რეალურად ემსახურება არა კონკრეტულ სამართალდარღვევაზე თანაზომიერ რეაგირებას, არამედ დაშინებასა და პროტესტის შეკავებას.
26. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ პირის დასჯის მიზანი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება და ამ გზით ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფა. მისი შეფასებით, მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი იმგვარი მკაცრი სანქციის გამოყენებისთვის, რომელიც ადამიანს სახელმწიფოს ხელში საზოგადოების დაშინების იარაღად აქცევს. ასეთ შემთხვევაში ინდივიდი აღიქმება არა როგორც უფლების მატარებელი სუბიექტი, არამედ როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
27. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ასკვნის, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციები არ არის პროპორციული, არ ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობას, ატარებს რეპრესიულ და მსუსხავ ხასიათს და, შედეგად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
28. მოსარჩელე მხარე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. იგი მიუთითებს, რომ სადავო ნორმების მოქმედება იწვევს მძიმე და რეალურ ზიანს როგორც მის მიმართ, ისე ფართო საზოგადოებისათვის. მოსარჩელის განმარტებით, პრაქტიკაში უკვე არაერთი პირი იქნა დაჯარიმებული, ცალკეულ შემთხვევებში დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა აღწევს ასეულ ათას ლარს, რაც მიუთითებს სანქციის უკიდურეს სიმკაცრესა და მისი გამოყენების ინტენსიურობაზე. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული სანქციის შიში აფერხებს მოქალაქეებს, თავისუფლად გამოვიდნენ საჯარო სივრცეში და გამოხატონ საკუთარი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე „მსუსხავ ეფექტს“.
29. მოსარჩელე მიუთითებს მის ინდივიდუალურ მდგომარეობაზეც და განმარტავს, რომ არსებული ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, 5 000 ლარის გადახდა მისთვის დაკავშირებულია რამდენიმე თვის შემოსავლის სრულად დათმობასთან, ხოლო ამჟამად იგი იმყოფება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, არ აქვს სტაბილური შემოსავალი და ცხოვრობს ქირით. მოსარჩელის აზრით, ასეთ პირობებში დაკისრებული სანქცია არა მხოლოდ არაპროპორციულია, არამედ ქმნის მისი ეკონომიკური არსებობის სერიოზულ საფრთხეს.
30. მოსარჩელე მიუთითებს, რომ არსებული რეგულაციის პირობებში დაყადაღდა მრავალი მოქალაქის საბანკო ანგარიში. მისი განმარტებით, თუ სადავო ნორმების მოქმედება არ შეჩერდება, აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდება და ზიანი მიადგება როგორც მას, ისე სხვა პირებს, რაც შეიძლება აღმოჩნდეს შეუქცევადი. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ სადავო ნორმების მოქმედება უშუალოდ ეხება მას და ათასობით სხვა პირს, რომელთა მიმართაც უკვე გამოყენებულია შესაბამისი სანქციები ან მიმდინარეობს სასამართლო დავები. შესაბამისად, მისი შეფასებით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, მას და მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს მიადგებათ მნიშვნელოვანი და რთულად აღსადგენი ზიანი.
31. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მძიმე და შეუქცევადი შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ისე კონსტიტუციური უფლებების ეფექტიან განხორციელებასთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. ძალადაკარგული სადავო ნორმის მისაღებობა
1. №1944 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა ძალადაკარგული იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისათვის, თუმცა, მიუხედავად მათი ფორმალურად ძალადაკარგულობისა, 2025 წლის 16 ოქტომბრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე დღესაც წარმოადგენს გამოსაყენებელ სამართალს საერთო სასამართლოების მიერ. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. მოსარჩელემ აღნიშნული საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სარჩელში მითითებულია, რომ სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საქმის მასალების წარდგენა, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, ამ დრომდე შესაბამისი მასალები საქმის განმხილველი სასამართლოსთვის წარდგენილი არ არის და საქმე კვლავ განხილვის პროცესშია. შესაბამისად, აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალწარმოება დღესაც მიმდინარეობს. ამდენად, ზემოაღნიშნული ძალადაკარგული ნორმა, მიუხედავად მისი ძალადაკარგულობისა, ინარჩუნებს ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ და გააჩნია აქტუალურ დროში მოსარჩელის ძირითადი უფლებების შეზღუდვის, in concreto სამართლებრივი შედეგის დაყენების რესურსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან იმსჯელა კონსტიტუციური წარდგინების შემოტანამდე ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად სადავო აქტის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობისა, იგი ინარჩუნებდა ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“). ზემოაღნიშნული მიდგომის გამართლებულობა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა შემდგომშიც, 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებაში, საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ზემოაღნიშნული სადავო ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. №1944 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-5 ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სრულად. აღნიშნული ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარეს, სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, სანქციის სახით დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის“ 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის. მოსარჩელე მხარე, კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი სადავოდ ხდის ძალადაკარგული ნორმის იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნის დარღვევისთვის ადგენს პასუხისმგებლობას, როგორც მის მიმართ გამოსაყენებელ სამართალს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებს, რომ მას სადავო ძალადაკარგული ნორმის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის“ 111 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის გარდა ამავე ძალადაკარგული ნორმით გათვალისწინებული სხვა რომელიმე წესის დარღვევისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და საერთო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში ემუქრება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არსებითად განსახილველად არ მიიღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილით (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ იმ შემზღუდველ წესებს, რომელიც არ უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის“ 111 მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევას. ასევე, სასამართლო არსებითად განსახილველად არ მიიღებს სადავო ნორმას სანქციის იმ ნაწილში, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის“ 111 მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ვინაიდან, როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარეს სანქციის სახით არ დაკისრებია ზემოაღნიშნული სახდელები და საერთო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში არ განიხილება მისთვის ზემოაღნიშნული სახდელების შეფარდების საკითხი.
5. შესაბამისად, ძალადაკარგული სადავო ნორმის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო №1944 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიულ შინაარსის კონტექსტში, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის მისაღებობის შეფასება
6. №1944 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11 მუხლით გათვალისწინებული რიგი წესების დარღვევისთვის ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის პრობლემა უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ აღნიშნული შეზღუდვებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების არაკონსტიტუციურობას მიემართება. აღნიშნული წესების დარღვევისთვის კი პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი და არა ზემოაღნიშნული სადავო ნორმა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილი). მოსარჩელე მხარის სასარჩელო არგუმენტაცია საერთოდ არ შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დადგენილი აკრძალვების არაკონსტიტუციურობისა და მათთვის გათვალისწინებული სანქციების არაპროპორციულობის მტკიცებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ მხრივ დაუსაბუთებელია.
8. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1944 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
9. №1944 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ... 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით....“ და მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად არსებითად უკავშირდება სასჯელის არაპროპორციულობის წარმოჩენას.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24).
13. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობა შეფასებადი იყოს მათ შორის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი, დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება უშუალოდ სასჯელის პროპორციულობის საკითხს, დაწესებული ადმინისტრაციული სახდელების მძიმე ხასიათს და უფრო მსუბუქი სასჯელების გათვალისწინების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარეს, სანქციის პროპორციულობის მიღმა, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მიემართება ისეთ საკითხებს, რაც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში და შესაბამისად, დამოუკიდებლად საჭიროებს შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1944 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ... 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით....“ და მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
15. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავო ხდის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ და ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
16. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება დაწესებული სანქციების არაპროპორციულობას.
17. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაცია წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება), არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
18. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების სამართალდარღვევად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
19. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ და ამავე მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1944 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის მისაღებობის ფარგლები
20. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით...“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარე არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნევს მხოლოდ ჯარიმასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რატომ არის არაპროპორციული. იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანქცია მსუსხავ ეფექტს იწვევს შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებლობის საფუძვლით არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
21. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ...“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, №1944 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ჩაიდენს ორსული ქალი, დედა, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა. ამდენად, მოცემული სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ჯარიმა ეკისრება სპეციალურ სუბიექტს და არა ყველა პირს. იმავდროულად, სპეციალური სუბიექტობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. მოსარჩელე მხარე არ არის 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, იმავდროულად, იგი არ მიუთითებს, რომ განეკუთვნება სხვა რომელიმე ზემოაღნიშნულ სუბიექტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე წარმოადგენს არაუფლებამოსილ სუბიექტს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1944 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
24. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილს სრულად, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ნათელია, რომ მისთვის პრობლემურია ზემოაღნიშნული სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ აღნიშნული შეზღუდვებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების არაკონსტიტუციურობას მიემართება. მოსარჩელე მხარეს, კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად არ მიიღებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ იმ შემზღუდველ წესებსა და მათთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს, რომლებიც არ უკავშირდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
25. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1944 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
7. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შეფასება
27. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.
28. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
32. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.
33. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს სადავო ნორმის შეჩერების საჭიროება, შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსარჩელეს არ ათავისუფლებს სათანადო არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისგან, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება წარმოქმნის მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ალტა“, შპს „ოქეი“, შპს „ზუმერი ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და შპს „სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
34. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მთლიანად მიემართება ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 ლარის დაკისრებიდან მომდინარე მძიმე ფინანსურ ტვირთს. იგი საერთოდ არ მიუთითებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით, იმავდროულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი აკრძალვიდან და პასუხისმგებლობის ზომიდან მომდინარე გამოუსწორებელ ზიანზე, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ზემოაღნიშნული სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ, დაუსაბუთებელია.
35. მოსარჩელე მხარის მოთხოვნის გათვალისწინებით სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მოქმედების შეჩერების შესახებ. ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო შეჩერების შუამდგომლობის განხილვისას სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებაზე იმსჯელებს, რომელსაც იგი იღებს არსებითად განსახილველად. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, იგი არსებითად განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს აღნიშნული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ ნაწილში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას.
36. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელის მიმართ საერთო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და იგი დგას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების რეალური საფრთხის წინაშე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 5 000 ლარი არაპროპორციულად მძიმე ფინანსური ტვირთია არამხოლოდ მოსარჩელისთვის, არამედ მოსახლეობის უმეტესობისთვის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პრაქტიკაში უკვე არაერთი პირი დაჯარიმდა, ცალკეულ შემთხვევებში, დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა აღწევს ასეულ ათას ლარს, რაც მიუთითებს სანქციის უკიდურეს სიმკაცრესა და მისი გამოყენების ინტენსიურობაზე. მოსარჩელე მიუთითებს მის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე და განმარტავს, რომ არსებული ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, 5 000 ლარის გადახდა მისთვის დაკავშირებულია რამდენიმე თვის შემოსავლის სრულად დათმობასთან, ხოლო ამჟამად იგი იმყოფება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, არ აქვს სტაბილური შემოსავალი და ცხოვრობს ქირით. მოსარჩელის აზრით, ასეთ პირობებში დაკისრებული სანქცია არა მხოლოდ არაპროპორციულია, არამედ ქმნის მისი ეკონომიკური არსებობის სერიოზულ საფრთხეს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, აღარ იარსებებს უკიდურესად მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.
37. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს ზედმეტად მაღალ ფინანსურ ტვირთს და ამდენად, არაპროპორციული პასუხისმგებლობის ზომას.
38. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არ სცდება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტებს, უფლების არაპროპორციულად შეზღუდვის საკითხს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ გამოდგება, იმავდროულად, სადავო რეგულაციის მოქმედების შეჩერების საჭიროების დასასაბუთებლად. მოსარჩელე მხარემ, დამატებით, უნდა წარმოაჩინოს, თუ რით გამოიხატება სადავო ნორმის მოქმედებით მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).
39. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მაღალი ჯარიმები არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, ამავდროულად იმ ფაქტზე მითითება, რომ იგი წარმოადგენს არაპროპორციულად მძიმე ტვირთს მოსარჩელისთვის, არ არის საკმარისი იმ გამოუსწორებელი ზიანის მიყენების წარმოსაჩენად, რომელიც შესაძლებელია, გახდეს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში ყველა იმ სადავო ნორმის მოქმედება უნდა შეაჩეროს, რომელიც პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს მაღალ ადმინისტრაციულ სახდელს და წარმოადგენს მოსარჩელე მხარისთვის ზედმეტ ფინანსურ ტვირთს. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ გადაწყდება მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზოგადი აპელირებით, თავისთავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე უფლებითა თუ თავისუფლებით სარგებლობისათვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხის დასაბუთების გარეშე და მხოლოდ იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაწესებული სახდელი მძიმე ფინანსური ტვირთია გარკვეულ პირთა წრისათვის.
40. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის. მოსარჩელეს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების/გადაუხდელობის შემთხვევაშიც არ ეკრძალება აღნიშნული უფლებით სარგებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მას არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის - ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მონაწილეების მიერ განზრახ დაბრკოლების შექმნის აკრძალვის მიზანშეწონილობა, ისევე როგორც სადავო სანქციის (ადმინისტრაციული ჯარიმის) პროპორციულობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1944 კონსტიტუციური სარჩელი („გვანცა ჯოჯუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით:
ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას;
ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „... გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით...“ კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ....“ კონსტიტუციურობას.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1944 კონსტიტუციური სარჩელი („გვანცა ჯოჯუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით;
ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით;
ბ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობისთვის, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;
ბ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 111 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
გ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ კონსტიტუციურობას;
გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –“ კონსტიტუციურობას;
გ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „... ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორი იყო − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“ კონსტიტუციურობას;
გ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას.
დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. №1918, №1926, №1932, №1936, №1940, №1942 და №1944 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე