საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N3/14/1979 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, |
| თარიღი | 21 ოქტომბერი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 5 ნოემბერი 2026 10:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გოგა კიკილაშვილი - წევრი;
სერგო მეთოფიშვილი - წევრი;
გიორგი მოდებაძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუამდგომლობა მოსამართლეთა სრული შემადგენლობის აცილების თაობაზე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა მოსამართლეების - ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის აცილების თაობაზე.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) წარმომადგენლები - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლები - ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ალიკა კუპრავა, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითლიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენლები - მარიკა არევაძე, ნიკა გვარამია, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი და გიორგი ლემონჯავა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლები - თორნიკე ართმელიძე, ირაკლი კუპრაძე, კახი სამხარაძე, გიორგი სიორიძე, მიხეილ შარაშიძე და ბადრი ჯაფარიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა და ირაკლი ქსოვრელი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №3/4/1979 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიხსნა 2026 წლის 21 ოქტომბერს.
2. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე 2026 წლის 21 ოქტომბერს ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლებმა შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და მოითხოვეს სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილება. შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით, მოპასუხე მხარის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ, ერთი მხრივ, სასამართლოს პლენუმის ეს კონკრეტული შემადგენლობა არ არის თავისუფალი, სამართლიანი და სასამართლოს თითოეული წევრი არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მათი მოსაზრებით, კონსტიტუციური სარჩელის, რომელიც, თავის მხრივ, სრულად პოლიტიკურია და დაცლილია სამართლებრივი შინაარსისგან, არსებითად განსახილველად მიღება უკვე კონსტიტუციის დარღვევის ფაქტია, მეორე მხრივ, შუამდგომლობის ავტორები თვლიან, რომ პლენუმის წევრთა ბიოგრაფია შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამორიცხავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. ამ მიზნით, პლენუმის თითოეულ წევრთან მიმართებით ორიოდე სიტყვით მოიყვანეს მოსამართლეთა ბიოგრაფიიდან წარსულში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობის ფაქტები, ასევე დაასახელეს ის კონსტიტუციური ორგანოები, რომლებიც მათ განწესებაზე უფლებამოსილ პირს/უწყებას/ორგანოს წარმოადგენს. შუამდგომლობის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გარემოება ქმნის მათ მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის თანამდებობაზე დამნიშნავი პირებისგან იმყოფებიან ეფექტიანი კონტროლის ქვეშ.
3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლების შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა მოპასუხე მხარეებიც, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, ხოლო პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა მათ გააჩნდათ პლენუმის მხოლოდ სამ წევრთან - ვასილ როინიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან და გოგა კიკილაშვილთან მიმართებით. ამ უკანასკნელი შუამდგომლობის ავტორთა არგუმენტაციით, ვასილ როინიშვილი ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განსახილველი საკითხის ირგვლივ მის მიერ წარსულში დაკავებულ თანამდებობაზე განხორციელებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილსა და გოგა კიკილაშვილს, ისინი ახლადგანწესებული მოსამართლეები არიან, ერთი მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის კვოტის შესაბამისად, რომელთა ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, აღნიშნული მოსამართლეები იმყოფებოდნენ ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, რაც გამორიცხავს მათ მიერ გავლენებისგან თავისუფლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მოსამართლეთა აცილების თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით ცხადი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, საბოლოოდ კი, მიუთითეს, რომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა მათ პოლიტიკურ პარტიას, როგორც მოპასუხე მხარეს, ამ ეტაპზე არ გააჩნდა.
4. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წევრთა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ არ არსებობს სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილების სამართლებრივი საფუძველი. მათი მოსაზრებით, შუამდგომლობის ავტორების არგუმენტაცია სრულად მოიცავდა პოლიტიკურ შეფასებებს და არა აცილების შუამდგომლობის სამართლებრივ დასაბუთებას. მოსარჩელე მხარემ დააფიქსირა პატივისცემა როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, ასევე თითოეული წევრის განწესებაზე უფლებამოსილ ორგანოსთან მიმართებით, ვინაიდან სწორედ ეს გარემოებაც იყო აცილების შუამდგომლობის დაყენების ერთ-ერთ საფუძველი. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შუამდგომლობა მოსამართლეთა სრული შემადგენლობის აცილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია, ერთი მხრივ, საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება, მეორე მხრივ კი, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
2. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარეთა შუამდგომლობა, ერთი მხრივ, სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილების თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენელთა მოთხოვნა ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის აცილების შესახებ, ერთგვაროვანია და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთობლივად განიხილავს. მოპასუხე მხარეთა ძირითადი არგუმენტაციაა, რომ საკუთრივ კონსტიტუციური სარჩელის პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, პლენუმის მიერ მისი არსებითად განსახილველად მიღება უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად, რაც ცალსახად მიუთითებს სასამართლოს წევრთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების კონსტიტუციის შეუსაბამოდ გამოყენებაზე. იმავდროულად, შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით, პლენუმის თითოეული წევრის ბიოგრაფია იძლევა ამ შუამდგომლობის დაყენებისა და მისი უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს.
3. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა შეამოწმოს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტები იმგვარ გარემოებას, რომელიც მიუთითებს საქმის შედეგით მოსამართლეთა სრული შემადგენლობის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებაზე ან/და აღძრავს საფუძვლიან ეჭვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიუკერძოებლობაში.
4. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას, და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამდენად, მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობა პრეზუმფცირებულია მანამდე, სანამ საპირისპირო მტკიცებულება არ იარსებებს, რომელიც უპირობოდ დაამტკიცებს ან/და საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს მოსამართლის მიკერძოებულობაში.
5. იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა მოსამართლით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამდენად, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლოს ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ არ დაკარგოს საზოგადოების ის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უსათუოდ უნდა ატარებდეს და მის არსებით მახასიათებელს წარმოადგენდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
6. მაშასადამე, მოსამართლის აცილებისათვის საჭიროა ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის მიუკერძოებლად განხილვა/გადაწყვეტა. ამავდროულად, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა, მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, თუ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის „აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, შეფასების საგანია, რამდენად დასტურდება მოსამართლეთა სუბიექტური მიკერძოება ან/და ობიექტურ დამკვირვებელს, რომელსაც გააჩნია საქმის გარემოებების სათანადო ცოდნა, გაუჩნდებოდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი განსახილველ საქმეში პლენუმის სრული შემადგენლობის მიკერძოებასთან დაკავშირებით.
7. ამასთანავე, სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი განიხილავენ, რათა სათუო არ გახადონ საზოგადოების რწმენა მოსამართლის/სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის თაობაზე. სწორედ მართლმსაჯულების უმაღლესი მოთხოვნები და სასამართლო თანამდებობის ბუნება აკისრებს მას ამ მოვალეობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, ერთი მხრივ, პლენუმის სრული შემადგენლობის, ხოლო, მეორე მხრივ, მხოლოდ 3 მოსამართლის (ვასილ როინიშვილი, სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი) აცილების თაობაზე შინაარსობრივად მოკლებულია დამაჯერებელ დასაბუთებას თითოეულ მათგანთან ცალ-ცალკე და ყველა ერთობლივად, რატომ ქმნის საზოგადოების თვალში მათი მხრიდან საქმის მიკერძოებულად განხილვის შთაბეჭდილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ მოისმინა შუამდგომლობის ავტორთა ვერც ერთი წარმომადგენლის მხრიდან იმგვარი არგუმენტი, რომელიც დაარწმუნებდა მას განსახილველ საკითხთან მიმართებით მოსამართლეთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ეჭვების საფუძვლიანობაში. ისიც აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობით არ ყოფილა წარმოდგენილი ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც ცხადად მიუთითებდა პლენუმის რომელიმე წევრის მიერ ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოშობს საქმისადმი მის დაინტერესებას. გარდა ამისა, მხოლოდ იმაზე აპელირება ყოველგვარი გამამყარებელი მტკიცებულებისა თუ სარწმუნო გარემოების გარეშე, რომ მოსამართლეები თავიანთი ბიოგრაფიით ქმნიან ფართო საზოგადოებაში მიკერძოებულობის განცდას, არასერიოზულია.
8. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მის მიერ დადგენილ წინარე სტანდარტებზე, რომლის თანახმად, „მნიშვნელოვანია, კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სასამართლო სარგებლობდეს საზოგადოების სათანადო ნდობით, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ არ უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვები. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ქცევა, როგორც სასამართლოში, ისე მის გარეთ, ინარჩუნებდეს და აძლიერებდეს საზოგადოების, მხარეთა ნდობას მოსამართლისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის მიმართ. მოსამართლე უნდა მოელოდეს, რომ ის იქნება საზოგადოებრივი ყურადღების მუდმივი დაკვირვების საგანი და, შესაბამისად, უნდა დაეთანხმოს სამოსამართლო ქცევაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც შეიძლება მძიმე ტვირთად ჩაითვალოს რიგითი მოქალაქისთვის... საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვების გაქარწყლება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა““ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
9. ამდენად, საზოგადოების მხრიდან მოსამართლის/სასამართლო სისტემის მიკერძოებულად აღქმის საფუძვლიანობა საქმის ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს როგორც მოსამართლის მიერ კონსტიტუციის შეუსაბამოდ უფლებამოსილების განხორციელება, პირიქით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება სწორედ ისაა, რომ განახორციელოს ეფექტიანი კონსტიტუციური მართლმსაჯულება/კონტროლი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წევრის განწესების უფლებამოსილების მქონე კონსტიტუციური ორგანოს მიმართ ეჭვის მიტანის საფუძველი არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებით დადასტურებული არგუმენტი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობის ავტორსაც არ წარმოუდგენია.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის, ისე ცალკეულ წევრთა - ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის აცილების საფუძველი. მოპასუხე მხარეთა უსაფუძვლო მოლოდინები, მოსამართლეთა მიკერძოებულობის შესახებ, არ არის ობიექტურად გამართლებული. კერძოდ, თავად მოსამართლეთა სუბიექტური დამოკიდებულებაც შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებების მიმართ, არ წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს სადავო საკითხის კონსტიტუციურობის გადაწყვეტის პროცესში მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, მოპასუხე მხარეებს შუამდგომლობაში არ მიუთითებიათ სხვა რაიმე გარემოებაზე, რომელიც პლენუმის შემადგენლობის მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მართალია, ორივე მოპასუხე მხარე შუამდგომლობაში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ინდივიდუალურ მოსამართლეთა ბიოგრაფია და მათ მიერ სამოსამართლეო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული უფლებამოსილება, რომელიც გამოიხატა განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებით, მოსამართლის აცილების საფუძველია ამ საქმის პოლიტიკური ბუნების გამო, თუმცა არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი რაიმე სახის რელევანტური მტკიცებულება. მოპასუხე მხარის მიერ შუამდგომლობაში მოყვანილი გარემოებები არც კონტექსტურად და არც შინაარსობრივად არ არის კავშირში საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მდგარ გადასაწყვეტ საკითხთან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკუთრივ საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველ სარჩელს არ უყურებს პოლიტიკური რაკურსიდან, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად ეყრდნობა და მომავალში გადაწყვეტილების მიღებისას, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელევანტურ საერთაშორისო პრაქტიკას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეთა მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობისა და ცალკეულ წევრთა - ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის აცილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარეების - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსამართლეთა სრული შემადგენლობისა და ცალკეული მოსამართლეების - ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის აცილების თაობაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გოგა კიკილაშვილი
სერგო მეთოფიშვილი
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი